საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
166-ე სეზონი
30 იანვარი, 2018 წელი
პრემიერა
სერგეი პროკოფიევი
რომეო და ჯულიეტა
ბალეტი ორ მოქმედებად
უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით
მიხაილ ლავროვსკის ლიბრეტო, ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
ჯულიეტა - ნინო სამადაშვილი
რომეო - ფრენკ ვან ტონგერენი
ტიბალდი - დავით ანანელი
მერკუციო - იონენ ტაკანო
დდამდგმელი დირიჟორი – ალევტინა იოფე
დამდგმელი მხატვარი - დავით მონავარდისაშვილი
კოსტიუმების მხატვარი - ვიაჩესლავ ოკუნევი
განათების მხატვარი - ჯონ ბ. რიდი
სპექტაკლის მთავარი რეპეტიტორი - ალექსეი ფადეეჩევი
სპექტაკლის მთავარი რეპეტიტორის ასისტენტი - ეკატერინე შავლიაშვილი
სპექტაკლის რეჟისორი - ლეონიდ ლავროვსკი-გარსია
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მეორე მოქმედებიდან დაიშვება
1940 წლის 11 იანვარს, კიროვის თეატრში შედგა „რომეო და ჯულიეტას“ პრემიერა. მთავარ პარტიებს ასრულებდნენ ლეგენდარული გალინა ულანოვა (ჯულიეტა), კონსტანტინ სერგეევი (რომეო), ანდრეი ლოპუხოვი (მერკუციო), რობერტ ჰერბეკი (ტიბალდი).
მოსკოვის დიდ თეატრში „რომეო და ჯულიეტას“ პრემიერას მის მეორედ დაბადებას უწოდებენ (1946 წლის 28 დეკემბერი). ლეონიდ ლავროვსკი ამ დროს დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. გალინა ულანოვაც უკვე დიდ თეატრში ცეკვავდა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, მიხაილ ლავროვსკიმ, ლეონიდ ლავროვსკისა და ცნობილი ბალერინას ელენე ჩიკვაიძის შვილმა, მამის ქორეოგრაფიის მიხედვით ერთმოქმედებიანი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პოემა „რომეო და ჯულიეტა“ დადგა, რომლის პრემიერა 1982 წლის 29 დეკემბერს გაიმართა (მხატვარი თ. მურვანიძე, დირიჟორი ი. ჭიაურელი). მიხაილ ლავროვსკი იმ დროს ჩვენს საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა.
მანვე, ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე 2006 წელს „რომეო და ჯულიეტას“ ლეონიდ ლავროვსკისეული ვერსია დადგა. პრემიერა 2006 წლის 19 მაისს გაიმართა. მთავარ პარტიებს ცეკვავდნენ: ლალი კანდელაკი (ჯულიეტა), ირაკლი ბახტაძე (რომეო), ლაშა ხოზაშვილი (მერკუციო), დავით ხოზაშვილი (ტიბალდი), თეონა ჩარკვიანი (ლედი კაპულეტი), ტატიანა ბახტაძე (ძიძა), მიხეილ მენაბდე (პარისი).
პრემიერა 2018 წლის 26 იანვარს გაიმართება.
შინაარსი
პირველი მოქმედება
პირველი სურათი
განთიადი ვერონას მოედანზე, რომლის უკაცრიელ ქუჩებში მხოლოდ რომეო - მოხუცი მონტეკის ვაჟი დაეხეტება.
კაპულეტების მდიდრული სასახლიდან კი სამიკიტნოსკენ სამი მსახური მიემართება. ამ დროს მოედანზე კაპულეტების მოსისხლე მტრების - მონტეკების მსახურებიც გამოჩნდებიან. ისინი ერთმანეთში კამათს იწყებენ, რომელიც ჩხუბში გადაიზრდება. აყალმაყალში ბენვოლიო და ტიბალდი - მონტეკებისა და კაპულეტების ნათესავებიც ჩაერთვებიან.
გააფთრებული ბრძოლის დროს მოედანზე ჩნდება პარისი, რომელიც ვერონაში კაპულეტის ქალიშვილის - ჯულიეტას ხელის სათხოვნელადაა ჩამოსული. ორი მოსისხლე გვარის თავკაცები კი ხმალშემართულებიმიიწევენ ერთმანეთისაკენ.
ისმის დაფდაფების ხმა, რაც განგაშის მაუწყებელია. ქალაქის შეშფოთებული მცხოვრებნი მოედნისაკენ მიიჩქარიან.
მოწინააღმდეგეების შეჩერება მხოლოდ ვერონას ჰერცოგის გამოჩენამ შეძლო. ჰერცოგის ნდობით აღჭურვილი პირი კითხულობს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სასტიკად იკრძალება ვერონას ქუჩებში ხმლის გაშიშვლება. ვინც ამ ბრძანებას არ დაემორჩილება სიკვდილით ისჯება.
კაპულეტების სახლი. მზადება მეჯლისისათვის. ძიძა ლამაზი კაბით ხელში მიიჩქარის ჯულიეტასკენ.
მეორე სურათი
ჯულიეტა ძიძას საშუალებას არ აძლევს სამეჯლისო კაბა ჩააცვას მას და ოთახის სხვადასხვა კუთხეში ემალება მას. შემოდის ჯულიეტას დედა, რომელიც ქალიშვილს ამცნობს, რომ პარისი მასზე დაქორწინებას აპირებს.
მესამე სურათი
კაპულეტების მდიდრულ სასახლეში მეჯლისისთვისემზადებიან. რომეოს მეგობარი მერკუციო და ბენვოლიო გადაწყვეტენ მალულად შეუერთდნენ წვეულებას. ისინი მონტეკების ვაჟის - რომეოს დაყოლიებასაც ცდილობენ.
მეოთხე სურათი
რომეო და მისი მეგობრები კაპულეტების მეჯლისზე აღმოჩნდებიან. სტუმრები აღტაცებით შესცქერიან ჯულიეტას ცეკვას. მერკუციო ახერხებს მიიქციოს ყურადღება. ამით სარგებლობს რომეო და ჯულიეტასთან საუბარში გამოხატავს აღფრთოვანებას მისი სილამაზის გამო. მოულოდნელად რომეოს ნიღაბი ჩამოუვარდება. ჯულიეტას უჭირს თვალი მოსწვიტოს უცნობის ლამაზ სახეს. მაგრამ რომეო იძულებულია დატოვოს იქაურობა მეგობრებთან ერთად, რადგან ტიბალტი რომეოში მოქიშპე გვარის - მონტეკების წარმომადგენელს შეიცნობს.
ღამით ძიძასთან მარტო დარჩენილი ჯულიეტა გაიგებს ვინ იყო ის ყმაწვილი, რომელმაც მისი მოაჯადოება შეძლო.
მეხუთე სურათი
ღამეა. აივანზე გამოსული ჯულიეტა ოცნებობს მშვენიერ ყმაწვილზე. სწორედ ამ დროს ბაღში იგი შენიშნავს რომეოს. ახალგაზრდები ერთმანეთს სიყვარულში უტყდებიან.
მეორე მოქმედება
პირველი სურათი
ვერონას მოედანზე ხალხია შეკრებილიდა დიდი დღესასწაულია. ხალხის ნაკადში გზას იკვლევს ჯულიეტას ძიძა, რომელიც რომეოს ეძებს, რათა მასწერილი გადასცეს. რომეო გულში იხუტებს წერილს - ჯულიეტა თანახმაა ცოლად გაჰყვეს.
მეორე სურათი
ბინდით მოცულ კელიაში, სადაც ერთმანეთის გვერდით დევს თავის ქალა და სიხარულისა და სიამოვნების სიმბოლო - მშვენიერი თეთრი ყვავილი, ლორენცო მალულად ასრულებს რომეოსა და ჯულიეტას ჯვრისწერის ცერემონიას. მას იმედი აქვს, რომ ეს ქორწინება მოსპობს შუღლს მტრულად განწყობილ ორ გვარს შორის.
მესამე სურათი
ქალაქის მოედანზე ერთმანეთის დაუძინებელი მტრები - რომეო, მერკუციო და ტიბალტი ხვდებიან ერთმანეთს. ტიბალტი მზაკვრულად კლავს მერკუციოს. რომეო იძულებული ხდება შური იძიოს მეგობრის გამო. საშინელ ორთაბრძოლაში რომეო ტიბალტს კლავს. ჰერცოგის ბრძანებით ახალგაზრდა მონტეკს სამუდამოდ აძევებენ ქალაქიდან.
მეოთხე სურათი
რომეო განთიადს ჯულიეტას ოთახში ხვდება, მაგრამ მან უნდა იჩქაროს. სახლში ყველა იღვიძებს. როგორც კი რომეო ბოლოჯერ გადაეხვევა ჯულიეტას და გაიქცევა, ოთახში შემოდიან ჯულიეტას მშობლები, ძიძა და პარისი. მაგრამ ქალიშვილი ისე ცივად ხვდება საქმროს, რომ პარისი იძულებულია კაპულეტების სასახლე დატოვოს.საშინლად განრისხებული მამა ქალიშვილს სახლიდან გაგდებით ემუქრება. შეშფოთებული ჯულიეტა საშველად ლორენცოსთან გარბის.
მეხუთე სურათი
გოგონა ფეხებში ჩაუვარდება სულიერ მამას და დახმარებას სთხოვს. ჯულიეტა მზად არის მოიკლას თავი, მაგრამ ლორენცო წაართმევს მას დაშნას და სთავაზობს გამოსავალს. ლორენცო ჯულიეტას საწამლავით სავსე შუშას გადასცემს და უხსნის, რომ წამალი მას დააძინებს. მშობლები ჩათვლიან, რომ ქალიშვილი გარდაიცვალა დასაგვარეულო აკლდამაში დაასაფლავებენ. რომეო კი, რომელსაც ლორენცო შეატყობინებს ამ საიდუმლოს შესახებ, ღამით დაბრუნდება ვერონაში და ჯულიეტას შორს წაიყვანს ამ ქალაქიდან – ასეთია შეყვარებულთა გადარჩენის გზა. სახლში დაბრუნებული ჯულიეტა საწამლავს დალევს.
მეექვსე სურათი
ცნობა კაპულეტების ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ სასწრაფოდ გავრცელდა მთელს ქალაქში. ეს სამწუხარო ამბავი მანტუაში გადახვეწილ რომეოს ყურამდე ლორენცოს შეტყობინებამდე ადრე მივიდა. უსაზღვროდ დამწუხრებული ახალგაზრდა მონტეკი ჩქარობს ვერონაში დაბრუნებას.
მეშვიდე სურათი
კაპულეტების საგვარეულო აკლდამაში მთელი ქალაქის მცხოვრებლები იყრიან თავს. როდესაც აკლდამა ცარიელდება, იქ შედის რომეო. იგი სვამს საწამლავს და უსულოდ ეცემა აკლდამის კიბეზე. გადის საძილე წამლის მოქმედების დრო და ჯულიეტა იღვიძებს, რომელიც დაინახავს თუ არა თავისი სატრფოს ცხედარს,რომეოს დაშნით იკლავს თავს.
ეპილოგი
სასაფლაოზე მოსული მონტეკები და კაპულეტები დასტირიან თავიანთი შვილების ცხედრებს. დამწუხრებული მშობლები მეტისმეტად გვიან უსვამენ წერტილს მრავალწლიან შუღლს. სიყვარული ორი ოჯახის მტრობაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.