Museum Playbill Administration The Art Forces Support Contact Information
დასაწყისი
სრული აფიშა
სპექტაკლების და
ღონისძიებების არქივი
ახალგაზრდული კლუბი
ადგილების დაჯავშნა
ბილეთების შეძენა
გამოცემები
ფოტო-გალერეა
ვირტუალური დარბაზი
საკონტაქტო ინფორმაცია
სცენის ტექნიკური მონაცემები
მომხმარებელთა ელ. ფოსტა
 
< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      


გენერალური სპონსორი

პარტნიორი საიტები

LivePage - Latest worldwide news and live TV channels online - Be informed at www.livepage.info

 

 

04 სექტემბერი, 2010 - 19:00
159-ე სეზონის გახსნა
ზაქარია ფალიაშვილი - აბესალომ და ეთერი
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი
საკონცერტო შესრულება

ოპერა ოთხ მოქმედებად ორი შესვენებით. ლიბრეტოს ავტორი პეტრე მირიანაშვილი. პრემიერა შედგა თბილისში 1919 წლის 21 თებერვალს. გთავაზობთ 1986 წლის დადგმას (დირიჟორი - ჯანსუღ კახიძე, რეჟისორი - მიხეილ თუმანიშვილი, მხატვარი - გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი - თენგიზ სუხიშვილი).

 
 
დირიჟორი
დამდგმელი დირიჟორი - ჯანსუღ კახიძე
დირიჟორი - დავით მუქერია
რეჟისორი
მიხეილ თუმანიშვილი
მხატვარი
გიორგი ალექსი-მესხიშვილი
ქორეოგრაფი
თენგიზ სუხიშვილი
მონაწილეობენ
აბიო მეფე - გია ასათიანი
აბესალომი - თეიმურაზ გუგუშვილი
ნათელა - ელენე ჯანჯალია
მარიხი - ლიანა კალმახელიძე
ეთერი - მარიამ ქობალიანი
მურმანი - ელდერ გეწაძე
ნაანა - მანანა იორდანიშვილი
თანდარუხი - თამაზ საგინაძე
მოძახილი - ანზორ ხიდაშელი
სახლთუხუცესი - ბონდო გოგია
 
 

შექმნის ისტორია
ზაქარია ფალიაშვილმა თავისი შემოქმედების ცენტრალურ ოპერაზე "აბესალომ და ეთერზე" მუშაობა 1910 წელს დაიწყო. ხალხური თქმულების "ეთერიანის" სიუჟეტზე ნაწარმოების შექმნის იდეა კომპოზიტორს ცნობილმა პედაგოგმა და ლიტერატორმა პეტრე მირიანაშვილმა მიაწოდა, რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის "აბესალომ და ეთერის" შექმნაში. მან არა მარტო შეადგინა ლიბრეტოს ტექსტი, არამედ მხარში ედგა კომპოზიტორს იმ წლების მანძილზე, როდესაც იგი ამ ოპერაზე მუშაობდა. ოპერის ლიბრეტო ხალხური თქმულების მთლიანი სახით წარმოდგენის საინტერესო ცდაა. პირველად იგი 1908 წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ფასკუნჯში". პეტრე მირიანაშვილმა ხალხური თქმულების ტექსტის გარდა ლიბრეტოში გამოიყენა ვაჟა ფშაველას პოემის ცალკეული სტროფები, ხალხური "ვეფხისტყაოსნისა" და ილია ჭავჭავაძის ლექსის ფრაგმენტები. ოპერის მეორე მოქმედების ტექსტის ნაწილი ალექსანდრე წუწუნავას ეკუთვნის, ხოლო ოპერის ერთ-ერთი გმირის მარიხის კანცონეტის ტექსტი თავად პეტრე მირიანაშვილის დაწერილია. "აბესალომ და ეთერის" III მოქმედება ჯერ კიდევ 1913 წლის 27 აპრილს ფილარმონიული საზოგადოების ინიციატივით დაიდგა ქართულ თეატრში, ხოლო საბოლოო სახით 1918 წელს დასრულდა. ოპერის პირველი წარმოდგენა 1919 წლის 21 თებერვალს გაიმართა თავად კომპოზიტორის დირიჟორობით. დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. ოპერის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ კომპოზიტორს უკვე მეორე მოქმედების შემდეგ დიდი ოვაციები გაუმართეს. 1919 წელი განსაკუთრებული აღმავლობით გამოირჩეოდა ქართული მუსიკის ისტორიაში, რადგან იმავე სეზონში კიდევ ორი ქართული ოპერა დაიდგა.
"აბესალომ და ეთერის" პირველი ვარიანტი 5 მოქმედებისა და 6 სურათისგან შედგებოდა, რის გამოც კომპოზიტორმა გარკვეული კრიტიკული შენიშვნაც დაიმსახურა. ფალიაშვილმა გაითვალისწინა შენიშვნები და ოპერა ერთი მოქმედებით შემოკლდა. საბოლოოდ ოპერამ "აბესალომ და ეთერი" ქართული საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა ჰპოვა. დიდი ქართველი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი ამ ოპერის დადგმასთან დაკავშირებით წერდა: "დიდი დღესასწაულია! დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა! დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა! სარკმელია ევროპისკენ! გასაოცარი ლეგენდაა, სამშობლო ქვეყნის ჰანგებით მოსევდიანებული, ევროპული ოსტატობით შემუშავებული". ხოლო ცნობილი ქართველი მსახიობი მარიამ საფაროვა-აბაშიძე კომპოზიტორის მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერდა - "აბესალომი" უნდა განასახიერებდეს საქართველოს უკვდავ სულს, რომელშიც ტანჯვა და სიხარული ერთმანეთში გადახლართულა, ვით სიმბოლო აზრისა და მშვენიერებისა".
თავად კომპოზიტორს ოპერაზე მუშაობისას არაერთხელ უთქვამს - "მე პრეტენზიები არა მაქვს, რათა ჩემზე სთქვან ოპერა დასწერაო. ჩემი მუშაობის აზრია - მე ვიძლევი მასალას, ვკრებ და ვაყალიბებ მას, გამოვიტან საზოგადოებაში, შემდეგ, ალბათ გამოჩნდება ვინმე უფრო ნიჭიერი და ოპერას დასწერს". ფალიაშვილი საკუთარ დამსახურებად ოპერაში უფრო ეროვნული და ევროპული მუსიკის თავისებურებების სინთეზს მიიჩნევდა. იგი წერდა - "მე ის (იგულისხმება "აბესალომ და ეთერი") მიყვარს და ვეტრფი არა მარტო ისე, როგორც ჩემს პირმშოს, არა-ვიმეორებ, ისე როგორც საუკეთესო ნიმუშს ქართული ხალხური სიმღერებისას ევროპული თეორიის კანონებზედ დამყარებულს". ოპერის საერთო კონცეფციაში ძირითადი თემა - სიყვარული წარმოსახულია როგორც დიადი, უძლეველი ძალა, რომელიც გადალახავს არა მარტო სოციალურ უთანასწორობას, არამედ თვით სიკვდილსაც. სიყვარულისა და სიკვდილის ამაღლებული პოემა ფალიაშვილმა მუსიკალური ტრაგედიის მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა.

მოკლე შინაარსი
პირველი მოქმედება

ტყეში განმარტოებით ზის ავი დედინაცვლისგან გამოქცეული გლეხის გოგო ეთერი და თავის ობლობას დასტირის.
შორიდან მოისმის მონადირეთა სიმღერა. უფლისწული აბესალომი და მისი ვეზირი მურმანი ამალასთან ერთად ნადირობენ. ეთერი სიმღერის ხმას გაჰყვება და გზად მურმანს გადაეყრება. მოულოდნელი შეხვედრისგან დამფრთხალი ეთერი სხვა მხარეს გარბის. აქ კი მას გზას აბესალომი გადაუღობავს. ეთერის სილამაზით მოჯადოებული უფლისწული მარადიულ სიყვარულს ეფიცება მას.
ეთერის მიმართ სიყვარულის გრძნობა მურმანსაც დაეუფლება, მაგრამ იგი ვეზირია და აშკარად ამის გამოხატვას ვერ ბედავს. მურმანი გულში ბოროტ ზრახვას ჩაიდებს და ფიცს დებს, რომ აბესალომს ეთერს წაართმევს.

მეორე მოქმედება
სასახლეში ქორწილია. სამეფო ამალის თანხლებით შემოდიან აბესალომი და ეთერი. მეფე ლოცავს ჯვარდაწერილებს. აბესალომი და ეთერი ერთგულების ფიცს დებენ. მურმანი ეთერს საჩუქრად პატარა ზარდახშას მიართმევს, რომელშიც მოჯადოებული ყელსაბამი დევს. ამ სამკაულმა საშინელი სენი უნდა შეჰყაროს ეთერს და მხოლოდ მურმანს შეუძლია ამ სენისგან მისი დახსნა. ეთერი შეუძლოდ ხდება. აბიო მეფე ცდილობს გაამხიარულოს სტუმრები და მარეხს სთხოვს სიმღერას. იმართება მხიარული ცეკვა-თამაში.

მესამე მოქმედება
სასახლეს უბედურება დაატყდა თავს - ეთერი უკურნებელი სენით დაავადდა. სასოწარკვეთილებამ შეიპყრო აბესალომი. გლოვობს მთელი სასახლე. დედოფალი ურჩევს შვილს გაუშვას ეთერი, - იქნებ მთებმა და მზემ დაუბრუნოს მას ჯანმრთელობა. აბესალომი იძულებულია დათმოს ეთერი. მურმანი საწადელს ეწია - ეთერი მას მიჰყავს.

მეოთხე მოქმედება
მურმანის კოშკში ეთერი განიკურნა, კვლავ დაიბრუნა სილამაზე. მურმანის დედა და დები თავს ევლებიან მას, მაგრამ ეთერი კვლავ აბესალომზე ფიქრობს.
ისმის საყვირების ხმა. ვერ აიტანა აბესალომმა ეთერთან განშორება და მურმანის კოშკს თავად ეწვია, რათა თვალი მაინც შეავლოს სატრფოს. იმისთვის, რომ მურმანი ეთერს დააშოროს, აბესალომი ვეზირს უკვდავების წყლის მოსატანად გზავნის.
დედოფალი ნათელა ეთერს აბესალომის ნახვას თხოვს, მაგრამ ეთერი უარზეა - მას აღარ სწამს ფიცის გამტეხისა!..
მარეხის თხოვნა გულს ულბობს ეთერს და მზადაა შეხვდეს სატრფოს, თუკი ეს აბესალომის ტანჯვას შეამსუბუქებს.
ხანმოკლე გამოდგა მათი შეხვედრა. დასუსტებული აბესალომი ეთერის მკლავზე კვდება. ეთერი თავს იკლავს იმ დანით, რომელიც ოდესღაც აბესალომმა აჩუქა ერთგული სიყვარულის ნიშნად.

 

უკან დაბრუნება

 

დასაწყისი | მუზეუმი | აფიშა | ადმინისტრაცია | ოპერა | ბალეტი | მხარდაჭერა | კონტაქტი | მომხმარებელთა ელ. ფოსტა

© Copyright 2005-2008 Tbilisi Opera and Ballet Theatre. 0108, Rustaveli Ave. 25. Webmaster  

Created by BESIKurashvili