ფესტივალის სპეციალური სტუმრები: რამაზ ჩიკვილაძე და ანტონინის უნივერსიტეტის გუნდი (ლიბანი)
რამაზ ჩიკვილაძე (ბანი) რამაზ ჩიკვილაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). მომღერლის დებიუტი შედგა 1995 წელს თბილისის ოპერის თეატრში. 2003 წელს რამაზ ჩიკვილაძე მიიწვიეს ბავარიის ოპერის სახელმწიფო თეატრში. იგი შემოქმედებითი სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო პეზაროს ფესტივალზე. სხვადასხვა დროს მღეროდა თელ-ავივის ოპერის თეატრში, 2005-2008 წლებში მოღვაწეობდა დორტმუნდის ოპერის თეატრში. ამჟამად, რამაზ ჩიკვილაძე არის ბონის ოპერის თეატრის სოლისტი, სადაც მის რეპერტუარშია ზარასტროს, ოსმინის, დულკამარას და სხვა პარტიები, მომღერალი რეგულარულად მღერის იტალიაში: პალერმოს თეატრში - მღვდელ ფოტისს "ბერძნულ ვნებებში", სპარაფუჩილეს პარტიას კატანიის ბელინის თეატრში. რამაზ ჩიკვილაძის რეპერტუარი მოიცავს მრავალ საოპერო პარტიას, რომლებითაც მომღერალი არაერთხელ წარსდგა მსოფლიოს ცნობილ საოპერო თეატრებსა და საკონცერტო სცენებზე: ატილა, ზაქარია, დულკამარა, ოსმინი, სილვა, სპარაპუჩილე, ბარტოლო, მეფისტოფელი, ფერანდო, ზარასტრო, კომანდორი, მონტერონე, გრემინი, მაზეპა და მრავალი სხვა.
ანტონინის უნივერსიტეტის გუნდი (ლიბანი) ქორმაისტერი - ტუფიკ მაატუკი
ანტონინის უნივერსიტეტის გუნდს მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დიდი წვლილი შეაქვს ლიბანის კულტურულ ცხოვრებაში. გუნდის რეპერტუარი ფოკუსირებულია წმ. ანტონინის ორდენის მუსიკალურ ტრადიციებზე, თუმცა, მდიდარია კლასიკური და თანამედროვე მუსიკითაც. ანტონინის უნივერსიტეტის გუნდს კონცერტები გამართული აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში: რომი, ნიცა, ლიონი, მონაკო, სენტ–ეტიენი, დოჰა, დუბაი, ალ აინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, იორდანია, კვიპროსი და სხვა... გუნდმა მონაწილეობა მიიღო ალ აინის კლასიკური მუსიკის VIII ფესტივალში მოცარტის ოპერით „დონ ჟუანი“ და ალ აინის კლასიკური მუსიკის IX ფესტივალში მოცარტის ოპერით „ფიგაროს ქორწინება“. 2008 წლიდან გუნდი მონაწილეობს ალ ბუსტანის საერთაშორისო ფესტივალში და ბეირუთის რელიგიური მუსიკის ფესტივალში „ბეირუთული გალობები“. 2010 წელს ანტონინის უნივერსიტეტის გუნდი წარსდგა ნიუ-იორკის კარნეგი-ჰოლში. 2010 და 2011 წლებში გუნდი მონაწილეობდა ბიბლოსის საერთაშორისო ფესტივალში, 2011 წელს ასევე მონაწილეობდა ბაალბეკის საერთაშორისო ფესტივალშიც. გუნდი თანამშრომლობს ლიბანის ეროვნულ სიმფონიურ, სომხეთის ფილარმონიულ, ვარშავის ფილარმონიულ ორკესტრებთან, ახალი ინგლისის სიმფონიურ ანსამბლთან, `ოპერა რომანია ტიმიზორასთან” და სხვა... ანტონინის უნივერსიტეტის გუნდი თანამშრომლობს ცნობილ დირიჟორებთან: კრისტოფ სლოვინსკი, ფრანჩესკო ჩილუფო, დავიდ გრეჩენცი, ზბიგნევ გრაცკა, პაოლო ოლმი, ვალენტინო მიზერახსი, ვალიდ ღოლმიე, ჰარუთ ფაზლიანი, ვოიცეხ ცზეპიელი, რობ ვერმოლენი, ჯოანა ნეიჩეფი, მარკო ბერდონდინი, ჯანლუკა მარჩანო... ანტონინის უნივერსიტეტის გუნდს გამოცემული აქვს მარონიტების რელიგიური მუსიკალური ტრადიციების მრავალრიცხვოვანი ჩანაწერები. 2012 წლის ოქტომბერში გუნდი წარსდგება პარიზში ფესტივალზე "ილ დე ფრანს”.
შექმნის ისტორია «ალზირას» შემდეგ ჯუზეპე ვერდი კვლავ მიუბრუნდა ჰეროიკულ «საგუნდო» ოპერას, რომელშიც შეეძლო წარმოესახა იტალიის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ბევრი ძებნისა და ფიქრის შემდგომ ვერდიმ წაიკითხა მადამ დე შტაელის სტატია “De l’Alemagne”, რომელიც შეიცავდა ზახარიას ვერნერის პიესის «ატილა, ჰუნების ბელადის» მოკლე შინაარსს. სწორედ გერმანელი რომანტიკოსის 1808 წელს შექმნილ ამ პიესაზე შეჩერდა ვერდის ყურადღება. ლიბრეტისტმა ანდრეა მაფეიმ ვერდის «ბარბაროსების» თემაზე ოპერის შექმნის იდეა მიაწოდა. მაესტრომ დაიწყო ვერნერის დრამის გადამუშავება. თემისტოკლე სოლერას დაევალა ნაწარმოების გალექსვა, ხოლო ვერდიმ პრემიერის ადგილად ვენეციის La Fenice შეარჩია. ლიბრეტო ნელა იწერებოდა, რადგან სოლერა, რომელიც საცხოვრებლად ესპანეთის დედაქალაქში გადავიდა, ვალებში იყო ჩაფლული და ლიბრეტოს ბოლო სცენები არც კი გაუგზავნია კომპოზიტორისთვის. ვერდიმ ტექსტის დასრულება ფრანჩესკო მარია პიავეს სთხოვა. «ატილაში» სინთეზირებულია «ერნანის» პერიოდის ვერდისეულ მიღწევები (ინდივიდუალურ დახასიათებათა სიღრმისეულობა) და «ნაბუქოსათვის» სახასიათო საგუნდო სცენების ძალმოსილება. ვერდის ოპერა აღიქმებოდა ისტორიულ დრამად, რომელიც ასახავს უძველესი დროის მოვლენებს, მაშინ როცა, იგი ფაქტიურად იყო მიმდინარე პერიოდის ერთ-ერთი უმძაფრესი პოლიტიკური მოვლენის - იტალიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროული გამოხატვა. მე-19 საუკუნის იტალიაში ეს მოძრაობა ცნობილი იყო, როგორც Risorgimento, ანუ აღდგენა. იტალიის ნახევარკუნძული უკვე დიდი ხნის გაყოფილი და დაპყრობილი იყო ავსტრიის იმპერიის მიერ. Risorgimento–ს მთავარი მიზანი იყო ავსტრიელი მმართველების გაძევება და იტალიის გაერთიანება ერთი მთავრობის ძალაუფლების ქვეშ. ვერდი ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, მისმა მრავალმა პატრიოტულმა ოპერამ იგი ეროვნულ გმირად აქცია. რასაკვირველია, ვერდის ნამდვილად აკონტროლებდნენ სამთავრობო ცენზორები, რომლებთანაც მას ბრძოლა უხდებოდა. ვერდის არ შეეძლო დაეწერა დრამა, რომელიც უშუალოდ ასახავდა მიმდინარე მოვლენებს. ამდენად, ისეთ ოპერებში, როგორებიც არის «ატილა», «ნაბუკო» და «ლომბარდელები», იგი ცენზორებთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად თანამედროვე, რევოლუციურ აზრებს ისტორიულ კონტექსტში ნიღბავდა, კერძოდ, ასახავდა რა მონღოლების შემოსევას, ნებუქოდონოსორის ტირანიას და ჯვაროსნების თავდადებას იგი მუდამ თანამედროვე ისტორიულ პროცესებს ეხმიანებოდა. ამდენად სულაც არ არის გასაოცარი, რომ ამ ოპერებს ახასიათებს გარკვეული თავისუფლება რეალურ ისტორიულ მოვლენებთან შედარებით. რეალური ატილა შესაძლოა არ ყოფილიყო ისეთი მოაზროვნე, რომანტიული ახალგაზრდა, რომელიც ვერდიმ შექმნა. მიუხედავად ამისა, კომპოზიტორმა მეტად აქტუალური აკორდი გააჟღერა - ასახა რა შემოსეული ურდოების წინააღმდეგ ბრძოლა, საკუთარი მუსიკით ხელი შეუწყო რეალურ ცხოვრებაში არსებულ რევოლუციას. «ატილა» დაიდგა 1846 წლის 17 მარტს და მას მოკრძალებული წარმატება ხვდა წილად. მოკლე შინაარსი მოქმედების დრო: იტალია, ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნე I მოქმედება მოქმედება ხდება აკვილიაში, მეხუთე საუკუნეში. ქალაქი გაპარტახებულია ჰუნების თარეშის შედეგად, რომელთაც მრისხანე ატილა მეთაურობს: ღამე განათებულია ჩირაღდნებითა და კოცონებით. ურიცხვი ჰუნები და ოსტგოთები პატივს მიაგებენ თავიანთ ბელადს. ულდინო, - ატილას ახალგაზრდა ბრიტანელი მონა – გამარჯვებულს წარუდგენს აკვილიელ ასულთა ჯგუფს, ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილებს, რომლებიც მამაცურად იბრძოდნენ თავიანთი მამებისა და ძმების გვერდით: მათ შორისაა ოდაბელა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა მამის მკვლელობა და დარწმუნებულია, რომ ფორესტო, რომელიც მას უყვარდა, ასევე მკვდარია. ოდაბელას სილამაზითა და ამაყი სიტყვებით გაოცებულ ატილას შეუყვარდება იგი, მისცემს საკუთარ ხმალს და ბრძანებს, რომ სხვა ასულებთან ერთად მიიყვანონ მის ბანაკში, რათა ამიერიდან სამეფო კარის ნაწილი გახდეს. ოდაბელა წელზე შემოირტყამს ატილას ხმალს და თავს მოაჩვენებს, თითქოს ემორჩილება დამპყრობლის ნებას, თუმცა, შურისძიებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც ქალწულებს წაიყვანენ, მოჰყავთ მამაცი რომაელი სარდალი - ეციო. მას სძულს ახალგაზრდა იმპერატორი ვალენტინიანო და სთავაზობს ატილას დახმარებას მომავალ ლაშქრობებში, იტალიაზე საკუთარი ბრძანებლობის სანაცვლოდ. აღშფოთებული ატილა უარს ამბობს ნებისმიერ დათმობაზე: მას გამიზნული აქვს საკუთარი ძალებთ დაიპყროს რომი და დანარჩენი იტალია. განაწყენებული ეციო პასუხობს, რომ თუ ის ატილას მოკავშირე არ იქნება, მაშინ იქცევა მამაც მტრად ბრძოლის ველზე, როგორც ეს ადრე იყო. რიო ალტოში, ადრიატიკის ლაგუნებში, განდეგილები ცხოვრობენ ბოძებზე მდგარ ქოხებში. ისინი ეჭვით ღებულობენ აკვილიელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც უფრო ლამაზი ქალაქის გაშენებას ოცნებობენ. ეს ქალაქიც ისევე იდგება ბოძებზე, როგორც განდეგილთა უბრალო ქოხები.
II მოქმედება ატილას ბანაკი ტყეებითაა გარსშემორტყმული. ღამეა. ოდაბელა გლოვობს მამას და შეყვარებულ ფორესტოს. ამ დროს ეს უკანასკნელი გამოჩნდება. დიდი საფრთხის მიუხედავად, ფორესტომ მოახერხა ოდაბელასთან მისვლა. ჭაბუკი ფიქრობს, რომ ოდაბელა მოღალატეა და მწარე სიტყვებით ესხმის მას თავს, ახსენებს განადგურებულ სამშობლოს, მოკლულ მამას და მის წარსულ სიყვარულს. ოდაბელა სასოწარკვეთილი იცავს თავს ფორესტოს ბრალდებებისაგან: ის დაემსგავსება ივდითს, რომელმაც ოლოფერნეს მოკვლით იხსნა ისრაელი. ამიტომ დათანხმდა ატილას გაჰყოლოდა და მის ხმალს ატარებს. ამ ხმლით იძიებს შურს სამშობლოსთვის, როდესაც მოკლავს დამპყრობელს. ფორესტო ნანობს საქციელს, მოეხვევა ოდაბელას და სიყვარულს ეფიცება. ატილას კარავი. მეთაურს, რომელსაც ულდინო იცავს, სძინავს, მაგრამ უეცრად გამოეღვიძება კოშმარული სიზმრისგან: მას ესიზმრა მოხუცი კაცი, რომელმაც რომში შესვლა აუკრძალა, რადგან ეს ღმერთთა ქალაქია და არა ჩვეულებრივ მოკვდავთა ადგილსამყოფელი. თუმცა, ატილას მალე გაუვლის შიში, მოუხმობს სარდლებს და ბრძანებს, რომ რომზე ლაშქრობის ნიშნად საყვირებზე დაუკრან. გაისმის მოახლოებული გუნდის იდუმალი ხმაც. მთებზე გამოჩნდება რომაელი ქალწულებისა და ჭაბუკების გრძელი რიგი, რომელთაც მოუძღვის პაპი ლეონე, - სწორედ ის მოხუცი, რომელიც ატილას ესიზმრა: ის სიზმრის ფატალურ სიტყვებს იმეორებს. ამის შემხედვარენი შეძრწუნებულნი და შეშინებულნი არიან, ატილა ყველაზე მეტად. იგი პაპს ეთაყვანება და უკუაგდებს რომის დაპყრობის ჟინს.
ეციოს ბანაკი რომის მახლობლად. რომაელი სარდალი აღშფოთებულია იმპერატორ ვალენტინიანოსაგან მიღებული წერილისგან, რომელშიც გაცხადებულია ზავი ჰუნებთან და მას რომში დაბრუნება აქვს ნაბრძანები. სარდალი ოცნებობს, სუსტი ყმაწვილისთვის ძალაუფლების წართმევას და რომისათვის ძველი ბრწყინვალების დაბრუნებას. მოდის ჰუნების დელეგაცია, რომელიც ეციოს ატილას ბანაკში ეპატიჟება. მათ შორისაა გადაცმული ფორესტო, რომელიც, წუთით განმარტოებულ ეციოს გაუმხელს, რომ ატილა სწორედ ამ დღეს იქნება მოკლული და რომაელთა ჯარები მზადყოფნაში უნდა იყვნენ. როდესაც ნიშნად კოცონს დაინახავენ მთაზე, თავს უნდა დაესხან ჰუნებს და მეთაურის გარეშე დარჩენილებს მალევე გაუმკლავდებიან. ღამის წყვდიადს ატილას გაჩირაღდნებული ბანაკის ნათება არღვევს. საზეიმო ნადიმისთვის ემზადებიან. ატილა მასპინძლობს ეციოს და ზავს სთავაზობს. უეცარი ქარი ჩირაღდნებს აქრობს. სიბნელეში ფორესტო ოდაბელას აცნობებს, რომ ატილასთვის განკუთვნილ სასმელში ულდინომ ძლიერმოქმედი საწამლავი ჩაყარა. მაგრამ, როგორც კი სასმისს ატილა ტუჩებთან მიიტანს, ოდაბელა, რომელსაც სურს, რომ მისი მტერი არა ერთ-ერთი მოღალატის, არამედ მისივე ხელით მოკვდეს, გაუმხელს, რომ ჭიქაში საწამლავია. ფორესტო აცხადებს, რომ ეს მან ჩაიდინა, მაგრამ ოდაბელას თხოვნით მას სიცოცხლე შეუნარჩუნდა. როდესაც ატილა აცხადებს თავის მიზნებს იქორწინოს ოდაბელაზე და აღარ გაილაშქროს რომზე, ფორესტო კიცხავს ოდაბელას, რომელიც, მისი რწმენით, საშინელი მოღალატეა. ყმაწვილი ქალი ამაოდ არწმუნებს მას, რომ მალე მისთვის პატიების თხოვნა მოუწევს. ტყეში, რომელიც ეციოს ბანაკს ატილას ბანაკისაგან ყოფს, ფორესტო ელოდება ულდინოს, რათა ამცნოს მას ამბავი ატილასა და ოდაბელას ქორწინების შესახებ. ულდინო ამბობს, რომ პატარძალს პროცესია მიჰყვება მეთაურის კარვისკენ. რომაელთა ჯარი სრულ მზადყოფნაშია. ფორესტო კვლავ კიცხავს ოდაბელას ღალატის გამო და ულდინო ამაოდ ცდილობს მის დამშვიდებას. სწორედ ამ დროს მოდის ბარბაროსთა ბანაკიდან გამოქცეული ოდაბელა. მას მოსდევს განრისხებული ატილა, რომელსაც სამი მტერი დააბრკოლებს: ოდაბელა ახსენებს მოკლულ მამას, ფორესტო – სამშობლოს და დაკარგულ სიყვარულს და ენციო – ყველა იმ დანაშაულს და ნგრევას, რაც მან მსოფლიოს მოუტანა. გაისმის ატილას ბანაკზე რომაელთა შეტევის ხმა - ფორესტო წინ წაიწევს, რათა სიცოცხლეს გამოასალმოს იგი, მაგრამ ოდაბელა დაასწრებს და საბოლოოდ მაინც იძიებს შურს ატილას მიერვე ნაჩუქარი ხმლით.
|