შექმნის ისტორია ნაბუქო (ვრცელი სახელწოდება - Nabucodonosor) ჯუზეპე ვერდის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომელიც შეიქმნა თემისტოკლე სოლერას იტალიური ლიბრეტოსა და ანისეტ-ბურჟუასა და ფრენსის კორნუს ბიბლიურ ისტორიაზე დაფუძნებული პიესის მიხედვით. ნაბუქო ვერდის მესამე ოპერაა. ოპერა "ნაბუქოდონოსორის" ლიბრეტო ვერდის შესთავაზა იმპრესარიო მერელიმ, ვერდიმ დიდი ენთუზიაზმით წაიკითხა ლიბრეტო, თუმცა, ოპერის შექმნის სურვილი არ გასჩენია და ლიბრეტო მერელის დაუბრუნა, მერელიმ ლიბრეტო არ დაიბრუნა და ფაქტობრივად კომპოზიტორი კაბინეტიდან გამოაგდო, ხუთი თვის შემდეგ ვერდიმ ოპერის წერა აბიგაილის სიკვდილის სცენიდან დაიწყო. აგვისტოში ოპერა დასრულებული იყო. ოპერის პრემიერა გაიმართა 1842 წლის 9 მარტს მილანის, "ლა სკალაში". აბიგაილის პარტიას მღეროდა ჯუზეპინა სტრეპონი, ნაბუქოს პარტიას კი ჯორჯო რონკონი. ოპერას კოლოსალური წარმატება ხვდა წილად. შემდეგ სეზონში ოპერის 57 წარმოდგენა გაიმართა. მცირე დროში მსოფლიოს სხვა თეატრებმაც დადგეს ეს ოპერა. კორფუს წმინდა ჯაკომოს თეატრში დადგმის შემდეგ 1844 წელს ოპერამ მიიღო საბოლოო სახელწოდება "ნაბუქო". საგულისხმოა, რომ ვერდის თანამედროვე ეპოქაში ფრანგმა არქეოლოგმა ბოტამ დაიწყო არქეოლოგიური ექსპედიცია ნინევიის მახლობლად, რითაც ნათელი მოეფინა ძველი ბაბილონის ცივილიზაციის ახალ დეტალებს, რაც მანამდე ისტორიოგრაფიისთვის მხოლოდ ბიბლიური მითი იყო. ამ აღმოჩენამ ევროპელთა ცნობიერება საოცრად გააფართოვა. ყველაფერი რაც მეფე ნაბუქოდონოსორს უკავშირდებოდა ელვისებურად იქცა ევროპის დაინტერესების საგნად. ამ ოპერის დაწერის შემდეგ ვერდის "რევოლუციის მაესტრო" შეარქვეს, მით უფრო, 1848 წლის რევოლუციის გათვალისწინებით. ოპერის სცენურმა ისტორიამ ცხადყო, რომ იგი მუდამ იდგმება სხვადასხვა ქვეყნის ისტორიის მხოლოდ ძალიან მშფოთვარე პერიოდში და მას მოიხსენიებენ, როგორც განახლების, აღდგენისა და მომავლის იმედის სიმბოლოს. "ნაბუქომ" ახალგაზრდა ვერდის სამუდამო აღიარება მოუტანა. ვერდი თავად აღნიშნავდა, რომ "ნაბუქომ" განსაზღვრა მისი არტისტული კარიერა. ოპერას ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. მან გაცილებით მეტი პოპულარობა მოიპოვა, ვიდრე დონიცეტის და როსინის ოპერებმა. მაშინ როდესაც მსმენელი აღტაცებული იყო, კრიტიკოსები არ ჩქარობდნენ მის აღიარებას. ერთ-ერთი კრიტიკოსისა და კომპოზიტორის, ოტო ნიკოლაის აზრით "ნაბუქო" ამაზრზენი იყო. ლიბრეტო მერელიმ თავდაპირველად მას შესთავაზა, მაგრამ სულით ხორცამდე პრუსიელმა უარი განაცხადა ემოციურ იტალიურ ოპერაზე…და მუშაობა სხვა შემოთავაზებაზე დაიწყო. ეს იყო ოპერა "Il Proscritto", მაგრამ 1841 წლის სამარცხვინო პრემიერის შემდეგ, ნიკოლაი იძულებული იყო გაეწყვიტა კონტრაქტი მერელისთან და სასწრაფოდ გადასულიყო ვენაში. სწორედ იქ შეიტყო მან "ნაბუქოს" საოცარი წარმატების შესახებ, რამაც დიდად განარისხა. "ვერდის ოპერები ამაზრზენია", - წერს იგი. "მისი პარტიტურა სულელური და არაპროფესიულია. ჩემი აზრით ის საცოდავი, ზიზღის მომგვრელი კომპოზიტორია..." და აქვე დასძენს, რომ "ნაბუქო" ასოცირდება ბრაზთან, ბოროტებასთან, სისხლთან და მკვლელობასთან". საბედნიეროდ, ასე მხოლოდ ერთეულები ფიქრობდნენ. "ნაბუქომ" სამუდამოდ დაამკვიდრა ვერდი. "ნაბუქოს" სასცენარო დრამატურგიის ზოგიერთ ხარვეზს სრულიად აქარწყლებს ვერდის არაჩვეულებრივი მუსიკა, აღსავსე ძლევამოსილი ენერგიით, უდიდესი დრამატიზმით, ამაღლებული ჰეროიკით; სწორედ ამ თვისებათა სიჭარბის გამო "ნაბუქო" სცდება მანამდე ჩვეულ საოპერო ფორმებს. საგუნდო სცენა "Va, pensiero", რომელსაც ებრაელ მონათა გუნდი ასრულებს ოპერის მესამე მოქმედებაში, იმთავითვე იქცა იტალიის ერთიანობისა და თავისუფლების ჰიმნად. გუნდი სრულიად ეხმიანებოდა მსმენელის ეროვნულ სულისკვეთებას. მსმენელი მუდამ ითხოვდა მის გამეორებას, იმისდა მიუხედავად, რომ იმ დროისთვის ასეთი რამ აკრძალული იყო. "Va, pensiero"-ს პოპულარობას განსაზღვრავდა მისი ვერბალური საფუძველი, ჰიმნი "Immenso Jehova" , ამ ჰიმნში ებრაელი მონები მადლიერებას გამოხატავენ ღმერთის მიმართ, რომელმაც თავისი ხალხი განსაცდელისგან იხსნა. სწორედ ამ გუნდის მეოხებით (და საერთოდ, ოპერაში გუნდის დატვირთვის გამო), "ნაბუქოს" უწოდებენ დრამას გუნდისთვის, ქორალურ ფრესკას. საგულისხმოა, რომ ამ უკვდავ საგუნდო სცენას მღეროდა 900 კაციანი გუნდი ტოსკანინის დირიჟორობით ვერდის დასაფლავებაზე. იგი შეასრულეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ლა სკალას" გახსნაზე. აღსანიშნავია აბიგაილის, სოპრანოს, უნიკალურობა. ის იმდენად რთული შესასრულებელია, რომ არაერთი მომღერლის მომავალი კარიერაც კი შეიწირა, მათ შორის იყვნენ - თვით ვერდის მეუღლე ჯუზეპინა სტრეპონი, ელენა სოულიოტი და ანიტა ჩერგეტი. სადღეისოდ ამ პარტიას ასრულებს ცნობილი მომღერალი გენა დიმიტროვა. ზოგჯერ ამ პარტიას მეცო-სოპრანოები მღერიან, განსაკუთრებით აღსანიშნავია გრეის ბამბრის შესრულება.
მოკლე შინაარსი მოქმედების დრო: 587 წ. მოქმედების ადგილი: იერუსალიმი და ბაბილონი I მოქმედება: იერუსალიმი "რადგან საუბედუროდ მივაქციე ჩემი სახე იმ ქალაქისკენ, არა სასიკეთოდ, ამბობს უფალი; ხელში ჩაუვარდება ბაბილონის მეფეს, რომელიც ცეცხლში დაწვავს მას" (იერემია 21 :10).
I მოქმედება: იერუსალიმის ტაძარი. ებრაელები მარცხდებიან. ნაბუქოს ალყაში ჰყავს იერუსალიმი. Uუმაღლესი მღვდელთმთავარი, წინასწარმეტყველი ზაქარია ხალხს უქადაგებს, რომ სასოწარკვეთილებას არ მიეცნენ და ღმერთის რწმენა არ დაკარგონ. იგი ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, რომ ფენენა - ნაბუქოს უმცროსი ქალიშვილი, ალყაშემორტყმულ იერუსალიმშია და ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის დაკარგული. ზაქარია ფენენას ისმაილს მიანდობს - იერუსალიმის მეფის ძმისწულს და მის ყოფილ წარმომადგენელს ბაბილონში. ფენენას და ისმაილს უყვართ ერთმანეთი და როგორც კი ისინი მარტო რჩებიან, ისმაილი ემუდარება ფენენას, რომ თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს და ერთად გაიქცნენ. ამ დროს ნაბუქოს უფროსი ქალიშვილი - აბიგაილი, გადაცმულ ბაბილონელ ჯარისკაცებთან ერთად სასახლეში შეიჭრება. მასაც უყვარს ისმაილი და შეყვარებულებს ემუქრება, რომ თუ ისმაილი თავს არ დაანებებს ფენენას, აბიგაილი ფენენას ქვეყნის ღალატს დასწამებს. ტაძარში ცხენზე ამხედრებული შეიჭრება მეფე. ზაქარია წყევლის ნაბუქოს, ფენენას შეიპყრობს და იმუქრება, რომ მოკლავს მას. ისმაილი გაშიშვლებულ ხანჯალს დაუკავებს ზაქარიას. განრისხებული ნაბუქო ტაძრის დანგრევის ბრძანებას გასცემს. ებრაელები ისმაილს, როგორც მოღალატეს შეაჩვენებენ.
II მოქმედება: ურწმუნო. "აჰა, უფლის ქარიშხალი – რისხვა აღიძრა, ქარბორბალა დაატყდება თავს ბოროტეულთ" (იერემია 30:23). პირველი სცენა: ბაბილონის სასახლე. ომის დროს ნაბუქო ფენენას თავის რეგენტად ნიშნავს. აბიგაილი პოულობს საბუთს, რომ ის არ არის ნაბუქოს კანონიერი ქალიშვილი, არამედ ის არის მონა. შემოდის უმაღლესი ქურუმი და ატყობინებს აბიგაილს, რომ ფენენა ტყვეებს ათავისუფლებს. ქურუმი არწმუნებს აბიგაილს, რომ სწორედ მან უნდა დაიკავოს სამეფო ტახტი; ამავე დროს საგანგებოდ ავრცელებენ ხმებს ნაბუქოს დაღუპვის შესახებ.
მეორე სცენა: ბაბილონის სასახლის შესასვლელი. ზაქარია ლოცულობს ებრაელთა გადასარჩენად და ელის ფენენას. ამავე დროს, გამოცხადდება, რომ ნაბუქო ომში დაიღუპა. აბიგაილი და ქურუმები ფენენასგან გვირგვინის მათთვის დაბრუნებას ითხოვენ. მოულოდნელად შემოდის ნაბუქო. ის ყველას ამცნობს, რომ გაიმარჯვა და ყველასთვის მოულოდნელად თავს ღმერთად აცხადებს. ზაქარია გაოცებული და შეძრწუნებულია ნაბუქოს ასეთი ქმედებით. მაშინ ნაბუქო ბრძანებს, რომ ებრაელები დახოცონ. ფენენა მზად არის, რომ მათი ბედი გაიზიაროს; იგი უარყოფს საკუთარ რელიგიას და იღებს ებრაელთა სარწმუნოებას. ნაბუქო ხელმეორედ აცხადებს, რომ ის ღმერთია; უეცრად, მას თავს დაატყდება ღვთის რისხვა - ეწყება მოლანდებები, შეიგრძნობს, რომ მას რაღაც უბედურება დაატყდა თავს და კარგავს ცნობიერებას. ძირს დავარდნილ ხანჯალს და გვირგვინს, ისევე, როგორც მის ფუნქციებს, აბიგაილი ეუფლება. . III მოქმედება: წინასწარმეტყველება. "ამიტომ დაიბუდებენ იქ უდაბნოს მხეცები ტურებთან ერთად და სირაქლემები დაიბუდებენ; უკაცრიელი იქნება სამუდამოდ და დაუსახლებელი თაობიდან თაობამდე" (იერემია 50:39).
პირველი სცენა: ბაბილონის კიდული ბაღები. უმაღლესი ქურუმი აბიგაილს გადასცემს ებრაელების და ფენენას სიკვდილით დასჯის დეკრეტს. შემოდის ნაბუქო, რომელსაც დროდადრო გონება უნათდება და ტახტზე ადის. სარგებლობს რა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, აბიგაილი სიკვდილის განაჩენს ხელმოსაწერად აწვდის ნაბუქოს. ნაბუქოს ცნობიერება უბრუნდება და ის ფენენას შეწყალებას ითხოვს, თანაც აცხადებს, რომ აბიგაილი მისი კანონიერი შვილი არ არის და უბრალო მონაა. აბიგაილი დასცინის მას და ანადგურებს საკუთარი წარმომავლობის დამადასტურებელ საბუთს. ნაბუქო ხვდება, რომ ის დაატყვევეს და მაინც, ითხოვს ფენენას გადარჩენას. აბიგაილი უარზეა.
მეორე სცენა: მდინარე ევფრატის ნაპირი ებრაელები ოცნებობენ სამშობლოზე. ზაქარია ერთხელ კიდევ მოუწოდებს მათ, რომ სწამდეთ ღმერთი და წინასწარმეტყველებს ბაბილონის დანგრევას. IV მოქმედება: დამსხვრეული კერპი. "აღებულია ბაბილონი, გაწბილებულია ბელი, დამხობილია მეროდაქი. გაწბილდნენ მისი კერპები, დამხობილია მისი ქანდაკებები" (იერემია 50:2).
პირველი სცენა: ბაბილონის სასახლე. ნაბუქო გონს მოდის. ის ხედავს, რომ ფენენა სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად მიყავთ. ნაბუქო ინანიებს შეცდომებს, პატიებას თხოვს ებრაელების ღმერთს, აღუთქვამს იერუსალიმის ტაძრის აღდგენას და ჭეშმარიტების გზით სიარულს. თავის ერთგულ მსახურთა თანხლებით ნაბუქო გადაწყვეტს მოღალატეების დასჯას და ფენენას დახსნას, გადარჩენას. მეორე სცენა: ბაბილონის კიდული ბაღები ფენენა და ებრაელები ელოდებიან მსხვერპლად შეწირვას. გამოჩნდება ნაბუქო, მახვილით ხელში. მის ერთ ნათქვამზე კერპი იმსხვრევა. ნაბუქო ათავისუფლებს ებრაელ ტყვეებს. იგი აღუთქვამს მათ ახალი ტაძრის აშენებას მათი ღმერთისთვის. შემოდის აბიგაილი. მას სინდისი ქენჯნის ჩადენილის გამო და გადაწყვეტს თავის მოწამვლას. ის პატიებას თხოვს ფენენას და გარდაიცვლება. ზაქარია ღვთის მსახურად და მეფედ რაცხავს ნაბუქოს. |