თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი
ორკესტრის კონცერტმაისტერი - ლელა მჭედლიძე
შექმნის ისტორია
მე-20 საუკუნის 60-იან წლებში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა ”ოტელოს” წარმატების შემდეგ გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს ალექსი მაჭავარიანს დაუკვეთა ოპერა “ჰამლეტი”, რომლის შექმნის იდეა უწინარესად კომპოზიტორს ეკუთვნოდა, რასაც თეატრის სურვილიც დაემთხვა. აღსანიშნავია, რომ ალექსი მაჭავარიანის რამდენიმე დიდტანიანი თხზულება საგანგებო დაკვეთით შეიქმნა - ოპერის ”დედა და შვილის” დამკვეთი იყო ევგენი მიქელაძე, ბალეტ ”ოტელოსი” ვახტანგ ჭაბუკიანი, ბალეტი ”ვეფხისტყაოსანი” მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი ბალეტმაისტერის იური გრიგოროვიჩის დაკვეთით დაიწერა, ბალეტი ”ჭირვეულის მორჯულება” სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის თეატრის მთავარი რეჟისორის დიმიტრი ბრიანცევის დაკვეთით, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრის და პირადად გურამ მელივას დაკვეთით შეიქმნა ოპერა-ბუფა “ბაღლინჯო” (ვლადიმერ მაიაკოვსკის მიხედვით), ოპერა “მედეა” კი, ალექსი მაჭავარიანს მისმა ვაჟმა ვახტანგ მაჭავარიანმა დაუკვეთა (რომელიც იმავდროულად “მედეას” ლიბრეტოს ავტორია). ბალეტი-პოემა ”ფიროსმანი” კონკრეტული დაკვეთის გარეშე, კომპოზიტორის იდეის მიხედვით შეიქმნა. ალექსი მაჭავარიანს სურდა აესახა ძველი თბილისის სცენები, ხასიათები, ატმოსფერო. ალექსი მაჭავარიანის 1985 წლით დათარიღებულ ჩანაწერებში ვკითხულობთ: “ვეფხისტყაოსნის” დადგმის შემდგომ საოცარი სურვილი აღმეძრა ვიმუშავო ლირიკული მუსიკის სფეროში. ბოლო პერიოდში ჩემს სცენურ თუ სიმფონიურ ნაწარმოებებში დრამატიზმმა იძალა. ახლა ლირიკას მინდა დავუბრუნდე. უნდა განვახორციელო ჩემი დიდი ხნის ოცნება, დავწერო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პოემა-სიმფონია, რომელსაც დავარქმევ “ფიროსმანს” ან “მხატვრის ბედს” (ჯერ არ ვიცი ზუსტად). ეს იქნება ფიროსმანის ცხოვრების საფუძველზე აგებული, ზოგადად, მხატვრის ბედზე შექმნილი თხზულება... სიუჟეტი ბოლომდე გამოკვეთილი ჯერ არა მაქვს, მაგრამ დაახლოებით ვიცი, რომ მისი გმირი ქალაქში მოხვედრილი გულღია და გულწრფელი კახელი ვაჟკაცი იქნება, რომელიც თბილის-ქალაქის ტყვე აღმოჩნდება... ვაგროვებ მასალას... დიდი სურვილი მაქვს ძველი თბილისი ავაჟღერო არა ისე, როგორც როგორც დღეს ჟღერს - აღმოსავლური ჩუქურთმული იერით, სანტიმენტალური და სტანდარტული ბაიათური ორნამენტიკით. თბილისური ჰანგი მე სრულიად სხვა ჟღერადობაში მესახება - ამაღელვებელი, დარბაისლური, ქართული ესთეტიკის მატარებელი. ე.ი. აღმოსავლეთი წმინდა ქართულ ბუნებაში ტრანსფორმირებული...” ალექსი მაჭავარიანმა ერთმოქმედებიან ბალეტ-პოემაზე ”ფიროსმანი” მუშაობა 1992 წელს დაასრულა. ლიბრეტოს ავტორად თავად კომპოზიტორი გვევლინება. საგულისხმოა, რომ “ფიროსმანი” დაიწერა პირდაპირ პარტიტურის სახით (კლავირი არ არსებობს). ბალეტ-პოემის მუსიკა უხვად საზრდოობს თბილისური ქალაქური ჰანგებით. ნაწარმოებში ნათლად შეიგრძნობა კომპოზიტორის ერთგვარი ნოსტალგია მისივე ახალგაზრდობის პერიოდის შემოქმედებისადმი, რაც მკაფიოდ ვლინდება თხზულების მელოდიკაში, ჰარმონიაში. ამასთანავე, მთლიანობაში პარტიტურის მუსიკალური ენა ულტრათანამედროვეა, რაც ბალეტ-პოემა “ფიროსმანს” ძალზე საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. “ფიროსმანის” იდეას დიდი ინტერესით გამოეხმაურა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ოლეგ ვინოგრადოვი, მაგრამ 1992 წლის მოვლენებმა ნაწარმოების სცენურ ხორცშესხმას მარიას თეატრში ხელი შეუშალა. ბალეტი-პოემა “ფიროსმანის” 17 ნაწილი დიდი მხატვრის ეპოქის თბილისის ხატებას აცოცხლებს. ნაწარმოების ქვესათაურია ”ძველი თბილისის სურათები". კომპოზიტორს ასე აქვს დასათაურებული ნაწილები: 1. შესავალი 2. “კარნავალი” 3. “მეთევზეები” 4. “მწვანე ფერიები” 5. “აღმოსავლური ფრესკა” (ყარაჩოხელის მონოლოგი) 6. “მანდილოსნების ცეკვა” 7. “ჩაკრულო” 8. ცეკვა “ცერული” 9. “ფიროსმანის არღანი” 10. “ფიროსმანის ზმანება” 11. “ფიროსმანის სიზმარი” 12. ცეკვა ”ციბრუტი” 13. “არღანი” 14. “ფრანგი ბალერინა მარგარიტა სცენაზე” 15. “ვაჟკაცების ცეკვა” 16. “ფრანგი მოცეკვავე” (მარგარიტა) 17. “ფიროსმანის სასოწარკვეთა”
|