შექმნის ისტორია
1869 წლის შემოდგომაზე მოსკოვის დიდი თეატრის ცნობილი მოცეკვავე ანა სობეშანსკაია ბენეფისისათვის ემზადებოდა, რისთვისაც თეატრის ხელმძღვანელობამ პეტერბურგიდან ცნობილი ბალეტმაისტერი მარიუს პეტიპა მოიწვია, რომელმაც გადაწყვიტა ახალი სპექტაკლი ეჩუქებინა ბალერინასათვის. 1869 წლის 14 დეკემბერს დიდ თეატრში შედგა მარიუს პეტიპას ახალი ბალეტის "დონ კიხოტის" პრემიერა (ჩეხი კომპოზიტორის ლუდვიგ მინკუსის მუსიკაზე, სერვანტესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით). მთავარ პარტიებს ასრულებდნენ ანა სობეშანსკაია და სერგეი სოკოლოვი. მას, ვინც მარიუს პეტიპასგან სერიოზულ დრამატულ ბალეტს ელოდა, იმედები გაუცრუვდა. ბალეტში მთავარი მოქმედი პირები იყვნენ არა დონ კიხოტი და სანჩო პანსა, არამედ კიტრი (კიტერია) და ბაზილი (ბასილიო) - რომანის მეორეხარისხოვანი პერსონაჟები. სპეკტაკლი ნაციონალურ ცეკვებზე იყო აგებული: ხოტა, მორენე, ზინგარე, ლოლე, პიკადორების, ტორეადორებისა და ესპანელი გლეხების ცეკვები. ორი წლის შემდეგ ბალეტმაისტერმა "დონ კიხოტი", რომელიც მოსკოვში დიდი წარმატებით სარგებლობდა, პეტერბურგის მარიას თეატრის სცენაზე გადაიტანა, რისთვისაც მას მთელი სპექტაკლის გადაკეთება მოუხდა. კომპოზიტორმა სპექტაკლს მეხუთე, კლასიკური მოქმედება დაუმატა, რადგან პეტერბურგში უპირატესობას ცეკვის კლასიკურ სტილს ანიჭებდნენ. 1900 წელს ბალეტმაისტერმა ალექსანდრე გორსკიმ "დონ კიხოტი" ხელახლა დადგა მოსკოვის დიდ თეატრში. სპექტაკლი გორსკიმ იმ დროისათვის საუკეთესო მხატვრებს - კონსტანტინე კოროვინსა და ალექსანდრე გოლოვინს გააფორმებინა. მას შემდეგ ეს ბალეტი არაერთხელ განახლდა: 1940 წელს - როსტისლავ ზახაროვის, 1942 წელს - მიხეილ გაბოვიჩისა და კასიან გოლეიზოვსკის, ხოლო 1994 წელს - იური გრიგოროვიჩის მიერ. ამჟამად მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე იდგმება "დონ კიხოტის" ახალი კლასიკური ვერსია (ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფია). თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე "დონ კიხოტი" პირველად ვახტანგ ჭაბუკიანმა 1932 წელს დადგა. იგი თბილისში საგასტროლოდ იყო ჩამოსული და სულ რამდენიმე დღეში მოუხდა დადგმის განხორციელება. ბაზილის პარტიას თავად ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა, ხოლო ჩელიტას ლენინგრადელი ახალგაზრდა ბალერინა ტატიანა ვეჩესლოვა. "დონ კიხოტის" ჩვენება ორჯერ იყო განზრახული, მაგრამ ბალეტს ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ დირექცია იძულებული გახდა სეზონის დახურვა გადაედო და წინასწარ დაგეგმილი ორი სპექტაკლის ნაცვლად, 20 დღის განმავლობაში, ბალეტი ათჯერ წარმოადგინეს თეატრის სცენაზე. სამშობლოში დაბრუნებულმა ვახტანგ ჭაბუკიანმა 1943 წლის 22 აპრილს "დონ კიხოტის" ახალი, ორიგინალური ვერსია დადგა. 1963 წელს კი კვლავ განაახლა ბალეტი "დონ კიხოტი" და ამ სახით 2005 წლამდე იყო რეპერტუარში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სპექტაკლის 60 წლიანი ისტორიის მანძილზე "დონ კიხოტში" მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ჩელიტა - ვერა წიგნაძე, ევგენია გელოვანი, ქეთევან ნადარეიშვილი, ლილიანა მითაიშვილი, ირინე ჯანდიერი, ნათელა პაპინაშვილი, მარინა ალექსიძე, სვეტლანა გოჩიაშვილი, ალა აბესაძე, ლარისა ჩხიკვიშვილი, ლილია არმეისკაია, მაია ზურაშვილი, ეკატერინე ბეზირგანი, ლალი კანდელაკი, ცისია ჩოლოყაშვილი, ანა მურადელი; ბაზილი - ვახტანგ ჭაბუკიანი, ზურაბ კიკალეიშვილი, რევაზ მაღალაშვილი, ბექარ მონავარდისაშვილი, ვახტანგ გუნაშვილი, ვალერი აბულაძე, ვლადიმერ ჯულუხაძე, ნუკრი მაღალაშვილი, ნუგზარ მახათელი, ვალერი მაზეპჩიკი, ვასილ ახმეტელი, ირაკლი ბახტაძე, დავით ხოზაშვილი, ედუარდ ბაბლიძე, ლაშა ხოზაშვილი. 2005 წლის 6 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა ?#4307;ონ კიხოტის" ახალი რედაქციის პრემიერა, რომელიც ალექსეი ფადეეჩევსა და ნინო ანანიაშვილს ეკუთვნით. მთავარი პარტიები ლალი კანდელაკმა და დავით ხოზაშვილმა იცეკვეს. სპექტაკლი ნინო ანანიაშვილმა თავის პედაგოგს, ლეგენდარულ ბალერინას - რაისა ლაფაური-სტრუჩკოვას ხსოვნას მიუძღვნა.
მოკლე შინაარსი
პირველი მოქმედება ბარსელონას ერთ-ერთ მოედანზე ხალხმრავლობა და მხიარულებაა, სადაც გამოჩნდებიან სამიკიტნოს მეპატრონის ქალიშვილი ჩელიტა და მისი მეგობრები. ჩელიტას ახალგაზრდა დალაქი ბაზილი ეარშიყება, რაც სამიკიტნოს მეპატრონის ლორენცოს განრისხებას იწვევს, რადგანაც მას ქალიშვილის გათხოვება ხანდაზმულ, მაგრამ მდიდარ აზნაურზე - გამაშზე სურს. იგი ჩელიტას უკრძალავს ბაზილთან შეხვედრას.
ირგვლივ საზეიმო განწყობილებაა. კორიდას დამთავრების შემდეგ ცეკვავენ ტორეადორები და მოცეკვავე ქალი - ლუსია. სწორედ ამ დროს მოედანზე გამოჩნდებიან ლეგენდებითა და რაინდული რომანების კითხვით თავბრუდახვეული რაინდი დონ კიხოტი და მისი ერთგული მეაბჯრე სანჩო პანსა. სამიკიტნოს პატრონი მოწიწებით ხვდება სტუმრებს და შინ შეიპატიჟებს. სანჩო პანსა რჩება მოედანზე, მაგრამ როდესაც ახალგაზრდები ცდილობენ მის დაცინვას, დონ კიხოტი სასწრაფოდ სანჩოს დასახმარებლად გაემართება.
შეყვარებული ჩელიტა გამაშთან ქორწინების თავიდან აცილების მიზნით ბაზილთან ერთად სახლიდან იპარება. ლორენცო, გამაში, დონ კიხოტი და სანჩო პანსა მის საძებნელად მიდიან.
მეორე მოქმედება პირველი სურათი
ქარის წისქვილთან ბოშათა ბანაკია გაშლილი. გამოჩნდებიან დონ კიხოტი, სანჩო პანსა, ლორენცო და გამაში. ბოშათა ბარონი სტუმრების საპატივცემულოდ აცეკვებს ბოშებს და შემდეგ ეპატიჟება მათ თოჯინების თეატრის წარმოდგენის სანახავად. დონ კიხოტი აღელვებული ადევნებს თვალყურს სპექტაკლს და ავიწყდება, რომ ეს თეატრია. იგი ამტვრევს სცენას, მიმოფანტავს თოჯინებს, წისქვილს ბოროტ ჯადოქრად აღიქვამს, იწყებს მასთან ბრძოლას და წისქვილის ფრთას წამოგებული ძირს ენარცხება.
მეორე სურათი სანჩო პანსა, ლორენცო და გამაში დაჭრილ დონ კიხოტს ტყის პირას ტოვებენ, თვითონ კი დახმარებისათვის მიდიან. ქანცგამოცლილ რაინდს ჩაეძინება და ესიზმრება მისი ოცნების ქალიშვილი - მშვენიერი დულცინეა, რომელიც ტყის ნიმფებითა და ფერიებით არის გარშემორტყმული.
დაბრუნებულ სანჩო პანსას, ლორენცოსა და გამაშს დონ კიხოტი მომჯობინებული ხვდება და ყველანი ერთად განაგრძობენ შეყვარებულების ძებნას.
მესამე სურათი მოედნიდან გაქცევის შემდეგ ჩელიტა და ბაზილი თავს ტავერნას აფარებენ, სადაც მათ საპატივცემულოდ ცეკვავენ მერსედესი და ესპადა. მოდიან ლორენცო, გამაში, დონ კიხოტი და სანჩო პანსა. მეგობრები ჩელიტას მალავენ, მაგრამ გამაში შეამჩნევს მას. ლორენცო მოითხოვს თავისი ქალიშვილისა და გამაშის დაქორწინებას. ბაზილი, ჩელიტასთან შეთანხმებით, თვითმკვლელობის სცენას გაითამაშებს. ჩელიტა დასტირის შეყვარებულს. ჩაგრულების დამცველი რაინდი დონ კიხოტი ადანაშაულებს ლორენცოს სისასტიკეში, ემუქრება იარაღით და აიძულებს მას, დალოცოს ჩელიტა და ბაზილი. ჩელიტას მამა წინააღმდეგობას ვერ ბედავს და ლოცავს შეყვარებულებს. ბაზილი "ცოცხლდება", ყველა ბედნიერია გამაშის გარდა.
მესამე მოქმედება მოედანზე ჩელიტასა და ბაზილის ქორწილის ემზადებიან. ლორენცო, მისი მეუღლე და პატარა მზარეულები ემზადებიან სტუმრების მისაღებად. დაპატიჟებულია გულნატკენი გამაშიც, რომელიც ცდილობს აირჩიოს ახალი საცოლე. დონ კიხოტს და სანჩო პანსას სთხოვენ დაიკავონ საპატიო ადგილები. ზეიმი გრძელდება. სტუმრებისათვის საქორწილო ცეკვას ასრულებენ ჩელიტა და ბაზილი. დონ კიხოტი ემშვიდობება სტუმართმოყვარე მასპინძლებს და კვლავ მიეშურება ახალი თავგადასავლების საძიებლად.
|