Museum Playbill Administration The Art Forces Support Contact Information
დასაწყისი
სრული აფიშა
მომავალი ღონისძიებები
სპექტაკლების და
ღონისძიებების არქივი
ახალგაზრდული კლუბი
ბილეთების შეძენა
გამოცემები
ფოტო-გალერეა
ვირტუალური დარბაზი
საკონტაქტო ინფორმაცია
სცენის ტექნიკური მონაცემები
მომხმარებელთა ელ. ფოსტა
 
< ივლისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  


გენერალური სპონსორი

პარტნიორი საიტები

LivePage - Latest worldwide news and live TV channels online - Be informed at www.livepage.info

 

 

25 ივლისი, 2010 - 19:00
ჯუზეპე ვერდი - რიგოლეტო
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი
საკონცერტო შესრულება

ოპერა სამ მოქმედებად

 
 
დირიჟორი
დამდგმელი დირიჟორი - გოგი ჭიჭინაძე
დირიჟორი - ჯანლუკა მარჩიანო
რეჟისორი
დავით საყვარელიძე
მხატვარი
გიორგი ალექსი-მესხიშვილი
მონაწილეობენ
ჰერცოგი - გიორგი მახარაძე
რიგოლეტო - სულხან გველესიანი
ჯილდა - ნინო ჩაჩუა
სპარაფუჩილე - კახაბერ თეთვაძე
მადალენა - ნატალია ვოლჩენკო
ჯოვანა - ირინე მერაბიშვილი
მონტერონე - გოჩა დათუსანი-ჯიღაური
მარულო - ბაჩო ნაკაშიძე
ბორსა - იური ასლანიშვილი
გრაფი ჩეპრანო - ტარიელ ჭიჭინაძე
გრაფინია ჩეპრანო - ირინე მერაბიშვილი
ოფიცერი - ტარიელ ჭიჭინაძე
პაჟი - ირინე მერაბიშვილი
 
 

ოპერა სამ მოქმედებად. იტალიური ლიბრეტო დაიწერა ფრანჩესკო პიავეს მიერ ვიქტორ ჰიუგოს დრამის ("მეფე იცინის") მიხედვით. მსოფლიო პრემიერა გაიმართა  ვენეციაში ("ლა ფენიჩე") 1851 წლის 11 მარტს. თბილისში პირველად დაიდგა 1853 წელს 

მოკლე შინაარსი

პირველი მოქმედება
სურათი I

მანტუის ჰერცოგის სასახლეში დიდი ღრეობაა, ჰერცოგი დიდებულებთან ერთად ატარებს დროს. იგი გრაფ ჩეპრანოს ცოლს ეარშიყება, გრაფი კი ეჭვიანობს. სასახლის მასხარა რიგოლეტო ღვარძლიანად დასცინის მას და ჰერცოგს ურჩევს იმავე ღამეს მოიტაცოს გრაფის მეუღლე. აღშფოთებული ჩეპრანო ფიცს დებს, რომ სამაგიეროს გადაუხდის რიგოლეტოს.
მოულოდნელად დარბაზში შემოიჭრება გრაფი მონტერონე, რომელიც ჰერცოგისგან ქალიშვილის დაბრუნებას მოითხოვს. რიგოლეტო მასაც მასხარად იგდებს. ჰერცოგის ბრძანებით გრაფს აპატიმრებენ. მონტერონე ქალიშვილის შეურაცხყოფისათვის შურისძიებით ემუქრება ჰერცოგს, წყევლის რიგოლეტოს...

სურათი II

მონტერონეს წყევლა სიმშვიდეს უკარგავს რიგოლეტოს. გვიან ღამით დამძიმებული გულით მიემართება იგი სახლისკენ. გზად მიმავალს კაცისმკვლელი, ბანდიტი სპარაფუჩილე შეხვდება, რომელიც გარკვეული საზღაურის ფასად თავის სამსახურს სთავაზობს.
რიგოლეტოს თავისი ერთადერთი ქალიშვილის - ჯილდას ბედი აწუხებს. მოახლე ქალთან ერთად ჯილდა ქალაქის ერთ მიყრუებულ უბანში ცხოვრობს. ჰერცოგის შიშით მამისგან მას აკრძალული აქვს ქალაქში გასვლა, მხოლოდ ეკლესიაში დადის სალოცავად.
რიგოლეტო მხოლოდ ჯილდას გვერდით გრძნობს თავს ბედნიერად... სახლიდან გასვლისას ის მკაცრად უბარებს მოახლე ქალს, თვალისჩინივით გაუფრთხილდეს ჯილდას.
განმარტოებულ ქალიშვილს ოცნება გაიტაცებს - ეკლესიაში მან მშვენიერი ყმაწვილი კაცი ნახა და მისი სილამაზით მოიხიბლა... უეცრად, სწორედ ეს ჭაბუკი - სტუდენტად გადაცმული ჰერცოგი სახლში მოევლინება ჯილდას. მოულოდნელი შეხვედრა შეაკრთობს  ქალიშვილს, მაგრამ ახალგაზრდა "სტუდენტის" მხურვალე სიყვარული და მარადიული ერთგულების ფიცი თავბრუს ახვევს გამოუცდელ გოგონას.
რიგოლეტოს სახლთან თავს იყრის ჰერცოგის ამალა, რომელსაც ჯილდას გატაცება აქვს გადაწყვეტილი. ავი წინათგრძნობით შეპყრობილი რიგოლეტო სახლში ბრუნდება. სიბნელეში სასახლის დიდებულებს წააწყდება. ეჭვის გასაფანტად რიგოლეტოს არწმუნებენ, რომ გრაფინია ჩეპრანოს გატაცებას აპირებენ, რომლის სასახლეც იქვე ახლოსაა და დახმარებას სთხოვენ. რიგოლეტო თანხმდება... მაგრამ მალე შორიდან ჯილდას ყვირილი მოესმის... რიგოლეტო ხვდება, რომ ჯილდა გაიტაცეს.

მეორე მოქმედება

ჰერცოგი აფორიაქებულია... უკვალოდ გაქრა მშვენიერი ქალიშვილი, ვიღაცამ მოიტაცა იგი. დიდებულები ჰერცოგს სიცილით უყვებიან ამბავს, თუ როგორ დაეხმარა მათ რიგოლეტო მისივე ქალიშვილის მოტაცებაში. შემოჰყავთ მოსასხამში გახვეული ქალი... დიდებულთა დანახვით შემკრთალი ჯილდა, როგორც კი თავის სატრფოს დაინახავს, მისკენ გარბის. გახარებული და ბედნიერი მასთან შეხვედრით, თან მიყვება საყვარელ ადამიანს.
მწუხარების დასაფარად რიგოლეტო სიმღერით შემოდის. იგი ჯილდას დაეძებს. როგორც კი შეატყობს, რომ ჯილდა სასახლეშია, მუქარით მოითხოვს მის დაბრუნებას, მაგრამ დიდებულები არაფრად აგდებენ მის მუქარას და ხვეწნა-მუდარას.
მამის ხმაზე შემორბის ჯილდა, რიგოლეტო ახლა უკვე ყველაფერს ხვდება. იგი ფიცს დებს, რომ სასტიკად იძიებს შურს ქალიშვილის შერცხვენისათვის.
შეხვედრამ მონტერონესთან, რომელიც სწორედ ამ დროს გაჰყავდათ დილეგში დასამწყვდევად, სამაგიეროს გადახდის რწმენა უფრო განუმტკიცა რიგოლეტოს. თავისი სიყვარულის ერთგული ჯილდა ემუდარება მამას, დაინდოს ჰერცოგი, მაგრამ ამაოდ...

მესამე მოქმედება

სპარაფუჩილეს ბინა. სახლის შესასვლელს უახლოვდებიან რიგოლეტო და ჯილდა. მამას ქალიშვილი განგებ მოყავს აქ, რათა მან თავისი თვალით იხილოს ჰერცოგის ღალატი, რომელიც სპარაფუჩილეს დასთან, მადალენასთან შესახვედრად არის მოსული...
მამა ქალიშვილს ვერონაში აგზავნის – ვაჟის ტანსაცმელში გადაცმულმა ჯილდამ ამ საღამოსვე უნდა დატოვოს მანტუა. რიგოლეტო კი აპირებს დარჩენას, რათა საზღაური გადაუხადოს სპარაფუჩილეს ჰერცოგის მოკვლისათვის და შემდეგ თავისივე ხელით გადაისროლოს საძულველი გვამი მდინარეში.
... ამოვარდება ქარიშხალი. მადალენა, რომელსაც ძლიერ მოსწონს მოხდენილი ჭაბუკი ანუ ჰერცოგი, ეხვეწება ძმას, არ მოკლას იგი. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ სპარაფუჩილე თანხმდება ჰერცოგის ნაცვლად მოკლას ის, ვინც შუაღამემდე პირველი შემოაღებს კარს. ჯილდა, რომელიც სატრფოს გადასარჩენად ბრუნდება უკან, ყველაფერს გაიგონებს... და კარზე აკაკუნებს...
ქარიშხალი ჩადგება. სპარაფუჩილე რიგოლეტოს ტომარას გადასცემს. სიხარული შეიპყრობს რიგოლეტოს – მან შური იძია! ის-ის არის ტომარა მდინარეში უნდა გადაისროლოს, რომ უცებ ჰერცოგის ნაცნობი სიმღერა ესმის... შეძრწუნებული სასწრაფოდ ხსნის ტომარას და... ქალიშვილის უსიცოცხლო სხეულს შეიცნობს...

შექმნის ისტორია

ოპერა "რიგოლეტოს" საფუძვლად დაედო ვიქტორ ჰიუგოს დრამა "მეფე ერთობა", რომელიც 1832 წელს დაიწერა. ჰიუგოს პიესის პირველივე წარმოდგენამ პოლიტიკური მანიფესტაცია გამოიწვია. ფრანგი მწერლის პიესა მეფის ძალაუფლებას ავტორიტეტს საგრძნობლად ულახავდა და ამიტომ მისი დადგმა აიკრძალა. ჰიუგომ მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა; მწერალი 1830 წლის რევოლუციის მთავარი მონაპოვარის – სიტყვის თავისუფლების აღდგენას ითხოვდა. სასამართლო პროცესს ფართო საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ, ნაყოფიერი შედეგი არ გამოუღია. პიესა მეორედ მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიდგა საფრანგეთის სცენაზე. ჰიუგოს ნაწარმოებმა ვერდი საოცრად გაიტაცა და მის საფუძველზე ოპერის შექმნას შეუდგა. ვერდიმ თავად გაიაზრა მომავალი ოპერის ფაბულა, ძირითადი დრამატურგიული ხაზები. კომპოზიტორის მითითებით ფრანჩესკო მარია პიავემ ოპერის ლიბრეტო შეადგინა. თავდაპირველად ვერდის სურდა ოპერისთვის "წყევლა" ეწოდებინა, მაგრამ შემდეგ სათაური თავად შეცვალა. "რიგოლეტო" ვერდიმ ძალზე სწრაფად - 40 დღეში დაწერა. კომპოზიტორმა თავისებურად გაიაზრა ლიტერატურული პირველწყაროს მხატვრული სახეები, რამაც ჰიუგოში გარკვეული პროტესტიც კი გამოიწვია. როდესაც ლიბრეტოზე მუშაობა თითქმის დასრულებული იყო, ცენზურამ მისი საფუძვლიანი შეცვლა მოითხოვა. პიავე თანახმა იყო, გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყო და ასეც მოიქცა, მაგრამ ვერდი სხვაგვარად ფიქრობდა. "მე დავრწმუნდი, რომ ამ დამახინჯებულად სახეცვლილ ნაწარმოებში გაქრა ხასიათიც, აზრიც და, საბოლოო ჯამში, მისი ყველაზე დრამატული მომენტებიც კი აღარ აგაღელვებს" – ეს სიტყვები მისწერა ვერდიმ თეატრის დირექტორს მარძარის პიავეს ლიბრეტოს ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, რომელშიც ლიბრეტისტს რიგოლეტოს სახე ცენზურის მოთხოვნების სასარგებლოდ გაეაზრებინა და იგი წარმოსადეგი მამაკაცის გმირით შეეცვალა. ამასთან დაკავშირებით ვერდი წერდა: "მთავარი გმირი მომღერალი მასხარაა, რატომაც არა?! ვფიქრობ, ამ ხასიათის წარმოჩენა, მისთვის ნიშნეული იუმორით, ფიზიკური უსახობით და ამასთან, სიყვარულისა და ტანჯვის დიადი გრძნობით, ბრწყინვალე იდეაა. სწორედ მთავარი გმირის ამ ინდივიდუალურ თვისებათა ერთობლიობის გამო ავირჩიე ეს სიუჟეტი და მათზე უარის თქმის შემთხვევაში ვეღარ გავაგრძელებ მუსიკის წერას. თუ მეტყვით, რომ ჩემი მუსიკა ამ სახეცვლილ ლიბრეტოსაც მიესადაგება, მე გიპასუხებთ, რომ ასეთი მსჯელობა მე არ მესმის. გულწრფელად ვამბობ, ჩემი მუსიკა, იმის მიუხედავად, კარგია იგი თუ ცუდი, არასოდეს არის შემთხვევითი. მე ყოველთვის ვცდილობ მას გარკვეული ხასიათი მივანიჭო." რაკი ცენზურის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ სრულიად იკარგებოდა ნაწარმოების ძირითადი არსი და იდეა, ვერდიმ ლიბრეტოს ამ ვარიანტზე კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა, ბევრი რამის შეცვლა ლიბრეტოში მას და პიავეს მაინც მოუხდათ და საბოლოოდ, ფრანცისკ პირველი მანტუას ჰერცოგად, ხოლო ტრიბულე რიგოლეტოდ გადაიქცა. ოპერის წარმატებული პრემიერა 1851 წლის 11 მარტს შედგა ვენეციაში და მალე "რიგოლეტო" ევროპის თითქმის ყველა ქალაქის საოპერო სცენაზე დაიდგა.

ჯანლუკა მარჩიანო

ჯანლუკა მარჩიანო დაიბადა 1976 წელს იტალიაში, ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს დაუფლება. სწავლობდა ფლორენციის მუსიკალურ აკადემიაში, შემდგომში მისი პედაგოგები იყვნენ ჯოაკინ აშუკარო, დიმიტრი ბაშკიროვი, პაოლო რესტანი, მასიმილიანო დამერინი. ჯანლუკა მარჩიანოს საკონცერტო დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა. ამის შემდეგ ის ხშირად სტუმრობდა მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებს. მარჩიანო ეროვნული და საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების ლაურეატია.
2001 წელს ჯანლუკა მარჩიანო აქტიურად თანამშრომლობდა პარმის, გენუის, რომის საოპერო თეატრებთან. მაესტროს ხშირად იწვევენ ჟიურის წევრად მომღერალთა კონკურსებზე. 
2002 წელს იგი მიიწვიეს ლიუბლიანას ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მუშაობდა ლორის ვოლტოლინის ასისტენტად და ძალზე გააფართოვა საოპერო რეპერტუარი.  2005 წელს მარჩიანო იყო დიტერ როსბერგის ასისტენტი გუნოს "ფაუსტზე" და ოფენბახის  "რაინის ალების" მსოფლიო პრემიერაზე მუშაობისას. 2006-2007 წლების სეზონზე ჯანლუკა მარჩიანომ ზაგრების თეატრში იდირიჟორა "ნაბუქო" და "სევილიელი დალაქი" რეპეტიციის გარეშე, რისE შემდეგ იგი თეატრის მიწვეული დირიჟორი გახდა.
იმავე წელს ჯანლუკა მარჩიანომ სერბეთის ეროვნულ ოპერაში იდირიჟორა "ტოსკა" და "ბოჰემა".
ჯანლუკა მარჩიანო ხშირად მუსიცირებს სლოვაკეთის სოლისტების კამერულ ორკესტრთან, რუმინეთის იონ ილიესკუს ფილარმონიულ ორკესტრთან, პლოიესტის ფილარმონიულ ორკესტრთან, კიევის კამერატასთან,  ლონგბოროს საოპერო ფესტივალის ორკესტრთან,  ლონდონის ე.წ. "ჩელსის საოპერო ჯგუფთან" და სხვა ცნობილ მუსიკალურ კოლექტივებთან.
ჯანლუკა მარჩიანო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც  არიან: პაოლეტა მაროკუ, დონატა დანუნციო ლომბარდი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრ აგაჩე, ზორან ტოდოროვიჩი, მარკ ჰელერი, ინვა მულა, ელისაბეტა ფიორილო, Dდარიო შმუნკი, ნინგ ლიანგი და სხვები.
2007 წელს შედგა ჯანლუკა მარჩიანოს დებიუტი პეკინში. ამავე წელს სარდინიის ქალაქ სასარის ვერდის თეატრში მაესტროს ხელმძღვანელობით გაიმართა დებიუსის ადრეული კანტატის "რჩეული ქალწულისა" და პულენკის ოპერა-ბუფას "ტირეზიას მკერდის" იტალიური პრემიერები. აღნიშნულ სპექტაკლებს ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა: "იტალიის ფარგლებს გარეთ საკმაოდ ცნობილ დირიჟორს - შთაგონებულ და მიმზიდველ ჯანლუკა მარჩიანოს მაქსიმალურად გათავისებული აქვს დიბიუსის ინსტრუმენტობა და  პულენკის რიტმული სტილი"; "31 წლის ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობა დამატყვევებელი იყო".
2008 წელს მარჩიანოს დირიჟორობით პეკინის ფინანსურ ცენტრში ადგილობრივ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საზეიმო გალა-კონცერტი გამართა საქვეყნოდ აღიარებულმა მომღერალმა ანდრეა ბოჩელიმ.
ამავე წელს დიდ ბრიტანეთშიც გაიცნეს ჯანლუკა მარჩიანოს ხელოვნება "ტრავიატაში". "საუკეთესო რაც შეიძლება ახალ "ტრავიატასთან" დაკავშირებით ითქვას, საფესტივალო ორკესტრის ძალმოსილი შესრულების და ამ წარმოდგენის ვარსკვლავის, იტალიელი მაესტროს - ჯანლუკა მარჩიანოს ცეცხლოვანი დინამიზმის ერთობლიობაა, მისი თავდაჯერებული და ვნებიანი ხედვის შერწყმა ვერდის ლირიკულ ხაზებთან საოცრად შთამბეჭდავია" - წერდა "თაიმსი".
2008-09 წლებში ლონდონში მარჩიანოს მიერ დონიცეტის "ფავორიტი ქალის" დირიჟორობა ასე შეფასდა "თაიმსში": "საგულდაგულოდ მომზადებული ორკესტრი სულიერებით აივსო. ჯანლუკა მარჩიანოს ლირიკული დირიჟორობით ორკესტრი მაშინაც კი ჰპოვებს სილამაზეს, როდესაც წინა პლანზეა დონიცეტის მოტორულობა";  "ჯანლუკა მარჩიანომ იცის როგორ წარმართოს წარმოდგენა, როგორ შეინარჩუნოს ოპერის წარმატებული მსვლელობა; იგი მხარში ედგა და ამხნევებდა მომღერლებს, აჟღერებდა დონიცეტის ინსტრუმენტულ და კონტრაპუნქტულ გამოგონებებს ზედმიწევნით ზუსტად და არა აფექტურად" - წერდა "საოპერო ჟურნალი".
2009 წელს ლონგბოროს ფესტივალზე მოცარტის "ფიგაროს ქორწინებაში" მიღწეულმა დიდმა წარმატებამ განაპირობა ჯანლუკა მარჩიანოს კიდევ ერთი ანგაჟემენტი - 2012 წლამდე ამ ფესტივალზე იგი წარუძღვება მოცარტის ოპერებს "დონ ჯოვანის", "ჯადოსნურ ფლეიტას", "ასე იქცევა ყველა". "ვიმედოვნებთ, რომ "ფიგაროს ქორწინებას" ლონგბორო კიდევ ერთ სიცოცხლეს აჩუქებს, საოპერო ვარსკვლავია დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო, რომელმაც ორკესტრის ინსტრუმენტები ისე ააჟღერა, თითქოს ისინიც მღეროდნენ მოცარტის მუსიკას. გასაკვირი არ არის, რომ მომდევნო ორი წელიწადი გასტანს ამ მაესტროსთან თანამშრომლობა"  - წერდა "ოქსფორდ თაიმსი".
გაისად ჯანლუკა მარჩიანო დიდ ბრიტანეთში Grange Park ფესტივალზე იდირიჟორებს "ტოსკას", დედოფალ ელიზაბეტის დარბაზში წარუძღვება "ტრავიატას", სერბეთის ეროვნულ ოპერაში გამართავს სიმფონიური კონცერტების ციკლს. 2012 წელს კი დაგეგმილია დირიჟორის დებიუტი ოვიედოს (ესპანეთი) ოპერის თეატრში "ტურანდოტით".

 

უკან დაბრუნება

 

დასაწყისი | მუზეუმი | აფიშა | ადმინისტრაცია | ოპერა | ბალეტი | მხარდაჭერა | კონტაქტი | მომხმარებელთა ელ. ფოსტა

© Copyright 2005-2008 Tbilisi Opera and Ballet Theatre. 0108, Rustaveli Ave. 25. Webmaster  

Created by BESIKurashvili