ჟან-ლუი გრინდა 2007 წლიდან მონტე-კარლოს ოპერის დირექტორია. ის თერთმეტი წლის განმავლობაში ვალონიის სამეფო ოპერის გენერალური დირექტორი იყო ლიეჟში. 1999 წლის დეკემბერში მან ფრანგულ ენაზე დადგა ცნობილი მიუზიკლი "Singin" in the rain". სპექტაკლი, რომელიც გადიოდა სენ მარტინის თეატრში პარიზში ოთხი თვის განმავლობაში, დაჯილდოვდა მოლიერის პრემიით 2001 წლის საუკეთესო მუსიკალური სპექტაკლისათვის. მანვე დადგა ფრანგულად "ტიტანიკი" სტეფან ლაპორტთან და კლერ სერვესთან ერთად. ეს სპექტაკლი შეიქმნა ვალონიის სამეფო ოპერაში, რომლის ევროპული პრემიერა შედგა 2000 წლის დეკემბერში. შემდეგ დადგა ჟაკ ოფენბახის "პერიკოლი" ავინიონის ოპერაში, მასსის ოპერაში (პარიზში) და ლიეჟში. მეცის ოპერის შემდეგ ეს სპექტაკლი დაიდგა ფორუმ გრიმალდიში, მონაკოში 2002 წლის ნოემბერში და ტულუზის კაპიტოლიუმში 2002 წლის დეკემბერში. 2003 წლის მაისიდან ჟან-ლუი გრინდა შეუდგა "ტეტრალოგიის" დადგმას, რომელიც 2005 წლის სექტემბერში დაგვირგვინდა ციკლის მთლიანი განმეორებით, რომელიც ფილმად გადაიღო RTBF-მ (ბელგიის ფრანგული თანასაზოგადოების რადიო და ტელევიზია). მან აგრეთვე დადგა მსოფლიო შედევრი "სიმენონი და ჟოზეფინა" ("სიმენონის წლისათვის" ლიეჟში), "შუგა" - მუსიკალური კომედია, რომელიც აღებულია ცნობილი ფილმიდან "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია", ხოლო ზაგრებში დადგა _ ვერდის "დონ კარლოსი". ჟან ლუი გრინდამ აგრეთვე ლიეჟში დადგა "ჯამბაზები" და "სამი ვალსი" (რომელიც გაიმეორა პარიზის "ოპერა კომიკმა" 2006 წლის აპრილში). რეჟისორს ეკუთვნის ახალი მიზანსცენები და "ლა ჯოკონდას" ახალი დადგმა ნიცის ოპერაში. 2005 წლის დეკემბერში პარიზში მან დადგა "სოლ ენ სირკი" - საბავშვო მუსიკალური კომედია, რომელიც 100 000 მაყურებელზე მეტმა იხილა. 2006 წლის დეკემბერში მან დადგა "ღამურა" ტულუზის კაპიტოლიუმში, რომელიც ხელახლა დაიდგმება ლიეჟში, ბორდოში, მონაკოსა და მეცში. ჟან-ლუი გრინდას სამომავლო გეგმები და პროექტები მოიცავს შემდეგი სპექტაკლების დადგმას: "ატილა" თბილისში 2007 წლის მარტში, "მეფისტოფელი" ვალონიის სამეფო თეატრში (ORW) 2008 წლის ივნისში, რომელიც განმეორებული იქნება თელ-ავივში, ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი" ოსლოში, მოცარტის "დონ ჟუანი", ვერდის "ფალსტაფი" და ბერნსტაინის "ვესტსაიდური ისტორია" მონტე-კარლოში, მასკანის "ამიკა" (მასკანის) რომის ოპერაში და "დონ კიხოტი" მასნეს ფესტივალზე 2010 წელს.
შექმნის ისტორია "ალზირას" შემდეგ ჯუზეპე ვერდი კვლავ მიუბრუნდა ჰეროიკულ "საგუნდო" ოპერას, რომელშიც შეეძლო წარმოესახა იტალიის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ბევრი ძებნისა და ფიქრის შემდგომ ვერდიმ წაიკითხა მადამ დე შტაელის სტატია “De l"Alemagne”, რომელიც შეიცავდა ზახარიას ვერნერის პიესის "ატილა, ჰუნების ბელადის" მოკლე შინაარსს. სწორედ გერმანელი რომანტიკოსის 1808 წელს შექმნილ ამ პიესაზე შეჩერდა ვერდის ყურადღება. ლიბრეტისტმა ანდრეა მაფეიმ ვერდის "ბარბაროსების" თემაზე ოპერის შექმნის იდეა მიაწოდა. მაესტრომ დაიწყო ვერნერის დრამის გადამუშავება. თემისტოკლე სოლერას დაევალა ნაწარმოების გალექსვა, ხოლო ვერდიმ პრემიერის ადგილად ვენეციის La Fenice შეარჩია. ლიბრეტო ნელა იწერებოდა, რადგან სოლერა, რომელიც საცხოვრებლად ესპანეთის დედაქალაქში გადავიდა, ვალებში იყო ჩაფლული და ლიბრეტოს ბოლო სცენები არც კი გაუგზავნია კომპოზიტორისთვის. ვერდიმ ტექსტის დასრულება ფრანჩესკო მარია პიავეს სთხოვა. "ატილაში" სინთეზირებულია "ერნანის" პერიოდის ვერდისეულ მიღწევები (ინდივიდუალურ დახასიათებათა სიღრმისეულობა) და "ნაბუქოსათვის" სახასიათო საგუნდო სცენების ძალმოსილება. ვერდის ოპერა აღიქმებოდა ისტორიულ დრამად, რომელიც ასახავს უძველესი დროის მოვლენებს, მაშინ როცა, იგი ფაქტიურად იყო მიმდინარე პერიოდის ერთ-ერთი უმძაფრესი პოლიტიკური მოვლენის - იტალიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროული გამოხატვა. მე-19 საუკუნის იტალიაში ეს მოძრაობა ცნობილი იყო, როგორც Risorgimento, ანუ აღდგენა. იტალიის ნახევარკუნძული უკვე დიდი ხნის გაყოფილი და დაპყრობილი იყო ავსტრიის იმპერიის მიერ. Risorgimento–ს მთავარი მიზანი იყო ავსტრიელი მმართველების გაძევება და იტალიის გაერთიანება ერთი მთავრობის ძალაუფლების ქვეშ. ვერდი ამ მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო, მისმა მრავალმა პატრიოტულმა ოპერამ იგი ეროვნულ გმირად აქცია. რასაკვირველია, ვერდის ნამდვილად აკონტროლებდნენ სამთავრობო ცენზორები, რომლებთანაც მას ბრძოლა უხდებოდა. ვერდის არ შეეძლო დაეწერა დრამა, რომელიც უშუალოდ ასახავდა მიმდინარე მოვლენებს. ამდენად, ისეთ ოპერებში, როგორებიც არის "ატილა", "ნაბუკო" და "ლომბარდელები", იგი ცენზორებთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად თანამედროვე, რევოლუციურ აზრებს ისტორიულ კონტექსტში ნიღბავდა, კერძოდ, ასახავდა რა მონღოლების შემოსევას, ნებუქოდონოსორის ტირანიას და ჯვაროსნების თავდადებას იგი მუდამ თანამედროვე ისტორიულ პროცესებს ეხმიანებოდა. ამდენად სულაც არ არის გასაოცარი, რომ ამ ოპერებს ახასიათებს გარკვეული თავისუფლება რეალურ ისტორიულ მოვლენებთან შედარებით. რეალური ატილა შესაძლოა არ ყოფილიყო ისეთი მოაზროვნე, რომანტიული ახალგაზრდა, რომელიც ვერდიმ შექმნა. მიუხედავად ამისა, კომპოზიტორმა მეტად აქტუალური აკორდი გააჟღერა - ასახა რა შემოსეული ურდოების წინააღმდეგ ბრძოლა, საკუთარი მუსიკით ხელი შეუწყო რეალურ ცხოვრებაში არსებულ რევოლუციას. "ატილა" დაიდგა 1846 წლის 17 მარტს და მას მოკრძალებული წარმატება ხვდა წილად. მოკლე შინაარსი მოქმედების დრო: იტალია, ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნე I მოქმედება მოქმედება ხდება აკვილიაში, მეხუთე საუკუნეში. ქალაქი გაპარტახებულია ჰუნების თარეშის შედეგად, რომელთაც მრისხანე ატილა მეთაურობს: ღამე განათებულია ჩირაღდნებითა და კოცონებით. ურიცხვი ჰუნები და ოსტგოთები პატივს მიაგებენ თავიანთ ბელადს. ულდინო, - ატილას ახალგაზრდა ბრიტანელი მონა – გამარჯვებულს წარუდგენს აკვილიელ ასულთა ჯგუფს, ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილებს, რომლებიც მამაცურად იბრძოდნენ თავიანთი მამებისა და ძმების გვერდით: მათ შორისაა ოდაბელა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა მამის მკვლელობა და დარწმუნებულია, რომ ფორესტო, რომელიც მას უყვარდა, ასევე მკვდარია. ოდაბელას სილამაზითა და ამაყი სიტყვებით გაოცებულ ატილას შეუყვარდება იგი, მისცემს საკუთარ ხმალს და ბრძანებს, რომ სხვა ასულებთან ერთად მიიყვანონ მის ბანაკში, რათა ამიერიდან სამეფო კარის ნაწილი გახდეს. ოდაბელა წელზე შემოირტყამს ატილას ხმალს და თავს მოაჩვენებს, თითქოს ემორჩილება დამპყრობლის ნებას, თუმცა, შურისძიებას გეგმავს. მას შემდეგ, რაც ქალწულებს წაიყვანენ, მოჰყავთ მამაცი რომაელი სარდალი - ეციო. მას სძულს ახალგაზრდა იმპერატორი ვალენტინიანო და სთავაზობს ატილას დახმარებას მომავალ ლაშქრობებში, იტალიაზე საკუთარი ბრძანებლობის სანაცვლოდ. აღშფოთებული ატილა უარს ამბობს ნებისმიერ დათმობაზე: მას გამიზნული აქვს საკუთარი ძალებთ დაიპყროს რომი და დანარჩენი იტალია. განაწყენებული ეციო პასუხობს, რომ თუ ის ატილას მოკავშირე არ იქნება, მაშინ იქცევა მამაც მტრად ბრძოლის ველზე, როგორც ეს ადრე იყო. რიო ალტოში, ადრიატიკის ლაგუნებში, განდეგილები ცხოვრობენ ბოძებზე მდგარ ქოხებში. ისინი ეჭვით ღებულობენ აკვილიელ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებიც უფრო ლამაზი ქალაქის გაშენებას ოცნებობენ. ეს ქალაქიც ისევე იდგება ბოძებზე, როგორც განდეგილთა უბრალო ქოხები.
II მოქმედება ატილას ბანაკი ტყეებითაა გარსშემორტყმული. ღამეა. ოდაბელა გლოვობს მამას და შეყვარებულ ფორესტოს. ამ დროს ეს უკანასკნელი გამოჩნდება. დიდი საფრთხის მიუხედავად, ფორესტომ მოახერხა ოდაბელასთან მისვლა. ჭაბუკი ფიქრობს, რომ ოდაბელა მოღალატეა და მწარე სიტყვებით ესხმის მას თავს, ახსენებს განადგურებულ სამშობლოს, მოკლულ მამას და მის წარსულ სიყვარულს. ოდაბელა სასოწარკვეთილი იცავს თავს ფორესტოს ბრალდებებისაგან: ის დაემსგავსება ივდითს, რომელმაც ოლოფერნეს მოკვლით იხსნა ისრაელი. ამიტომ დათანხმდა ატილას გაჰყოლოდა და მის ხმალს ატარებს. ამ ხმლით იძიებს შურს სამშობლოსთვის, როდესაც მოკლავს დამპყრობელს. ფორესტო ნანობს საქციელს, მოეხვევა ოდაბელას და სიყვარულს ეფიცება. ატილას კარავი. მეთაურს, რომელსაც ულდინო იცავს, სძინავს, მაგრამ უეცრად გამოეღვიძება კოშმარული სიზმრისგან: მას ესიზმრა მოხუცი კაცი, რომელმაც რომში შესვლა აუკრძალა, რადგან ეს ღმერთთა ქალაქია და არა ჩვეულებრივ მოკვდავთა ადგილსამყოფელი. თუმცა, ატილას მალე გაუვლის შიში, მოუხმობს სარდლებს და ბრძანებს, რომ რომზე ლაშქრობის ნიშნად საყვირებზე დაუკრან. გაისმის მოახლოებული გუნდის იდუმალი ხმაც. მთებზე გამოჩნდება რომაელი ქალწულებისა და ჭაბუკების გრძელი რიგი, რომელთაც მოუძღვის პაპი ლეონე, - სწორედ ის მოხუცი, რომელიც ატილას ესიზმრა: ის სიზმრის ფატალურ სიტყვებს იმეორებს. ამის შემხედვარენი შეძრწუნებულნი და შეშინებულნი არიან, ატილა ყველაზე მეტად. იგი პაპს ეთაყვანება და უკუაგდებს რომის დაპყრობის ჟინს.
ეციოს ბანაკი რომის მახლობლად. რომაელი სარდალი აღშფოთებულია იმპერატორ ვალენტინიანოსაგან მიღებული წერილისგან, რომელშიც გაცხადებულია ზავი ჰუნებთან და მას რომში დაბრუნება აქვს ნაბრძანები. სარდალი ოცნებობს, სუსტი ყმაწვილისთვის ძალაუფლების წართმევას და რომისათვის ძველი ბრწყინვალების დაბრუნებას. მოდის ჰუნების დელეგაცია, რომელიც ეციოს ატილას ბანაკში ეპატიჟება. მათ შორისაა გადაცმული ფორესტო, რომელიც, წუთით განმარტოებულ ეციოს გაუმხელს, რომ ატილა სწორედ ამ დღეს იქნება მოკლული და რომაელთა ჯარები მზადყოფნაში უნდა იყვნენ. როდესაც ნიშნად კოცონს დაინახავენ მთაზე, თავს უნდა დაესხან ჰუნებს და მეთაურის გარეშე დარჩენილებს მალევე გაუმკლავდებიან. ღამის წყვდიადს ატილას გაჩირაღდნებული ბანაკის ნათება არღვევს. საზეიმო ნადიმისთვის ემზადებიან. ატილა მასპინძლობს ეციოს და ზავს სთავაზობს. უეცარი ქარი ჩირაღდნებს აქრობს. სიბნელეში ფორესტო ოდაბელას აცნობებს, რომ ატილასთვის განკუთვნილ სასმელში ულდინომ ძლიერმოქმედი საწამლავი ჩაყარა. მაგრამ, როგორც კი სასმისს ატილა ტუჩებთან მიიტანს, ოდაბელა, რომელსაც სურს, რომ მისი მტერი არა ერთ-ერთი მოღალატის, არამედ მისივე ხელით მოკვდეს, გაუმხელს, რომ ჭიქაში საწამლავია. ფორესტო აცხადებს, რომ ეს მან ჩაიდინა, მაგრამ ოდაბელას თხოვნით მას სიცოცხლე შეუნარჩუნდა. როდესაც ატილა აცხადებს თავის მიზნებს იქორწინოს ოდაბელაზე და აღარ გაილაშქროს რომზე, ფორესტო კიცხავს ოდაბელას, რომელიც, მისი რწმენით, საშინელი მოღალატეა. ყმაწვილი ქალი ამაოდ არწმუნებს მას, რომ მალე მისთვის პატიების თხოვნა მოუწევს. ტყეში, რომელიც ეციოს ბანაკს ატილას ბანაკისაგან ყოფს, ფორესტო ელოდება ულდინოს, რათა ამცნოს მას ამბავი ატილასა და ოდაბელას ქორწინების შესახებ. ულდინო ამბობს, რომ პატარძალს პროცესია მიჰყვება მეთაურის კარვისკენ. რომაელთა ჯარი სრულ მზადყოფნაშია. ფორესტო კვლავ კიცხავს ოდაბელას ღალატის გამო და ულდინო ამაოდ ცდილობს მის დამშვიდებას. სწორედ ამ დროს მოდის ბარბაროსთა ბანაკიდან გამოქცეული ოდაბელა. მას მოსდევს განრისხებული ატილა, რომელსაც სამი მტერი დააბრკოლებს: ოდაბელა ახსენებს მოკლულ მამას, ფორესტო - სამშობლოს და დაკარგულ სიყვარულს და ენციო – ყველა იმ დანაშაულს და ნგრევას, რაც მან მსოფლიოს მოუტანა. გაისმის ატილას ბანაკზე რომაელთა შეტევის ხმა - ფორესტო წინ წაიწევს, რათა სიცოცხლეს გამოასალმოს იგი, მაგრამ ოდაბელა დაასწრებს და საბოლოოდ მაინც იძიებს შურს ატილას მიერვე ნაჩუქარი ხმლით.
ჯანლუკა მარჩიანო
ჯანლუკა მარჩიანო დაიბადა 1976 წელს იტალიაში, ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს დაუფლება. სწავლობდა ფლორენციის მუსიკალურ აკადემიაში, შემდგომში მისი პედაგოგები იყვნენ ჯოაკინ აშუკარო, დიმიტრი ბაშკიროვი, პაოლო რესტანი, მასიმილიანო დამერინი. ჯანლუკა მარჩიანოს საკონცერტო დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა. ამის შემდეგ ის ხშირად სტუმრობდა მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებს. მარჩიანო ეროვნული და საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების ლაურეატია. 2001 წელს ჯანლუკა მარჩიანო აქტიურად თანამშრომლობდა პარმის, გენუის, რომის საოპერო თეატრებთან. მაესტროს ხშირად იწვევენ ჟიურის წევრად მომღერალთა კონკურსებზე. 2002 წელს იგი მიიწვიეს ლიუბლიანას ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მუშაობდა ლორის ვოლტოლინის ასისტენტად და ძალზე გააფართოვა საოპერო რეპერტუარი. 2005 წელს მარჩიანო იყო დიტერ როსბერგის ასისტენტი გუნოს "ფაუსტზე" და ოფენბახის "რაინის ალების" მსოფლიო პრემიერაზე მუშაობისას. 2006-2007 წლების სეზონზე ჯანლუკა მარჩიანომ ზაგრების თეატრში იდირიჟორა "ნაბუქო" და "სევილიელი დალაქი" რეპეტიციის გარეშე, რისE შემდეგ იგი თეატრის მიწვეული დირიჟორი გახდა. იმავე წელს ჯანლუკა მარჩიანომ სერბეთის ეროვნულ ოპერაში იდირიჟორა "ტოსკა" და "ბოჰემა". ჯანლუკა მარჩიანო ხშირად მუსიცირებს სლოვაკეთის სოლისტების კამერულ ორკესტრთან, რუმინეთის იონ ილიესკუს ფილარმონიულ ორკესტრთან, პლოიესტის ფილარმონიულ ორკესტრთან, კიევის კამერატასთან, ლონგბოროს საოპერო ფესტივალის ორკესტრთან, ლონდონის ე.წ. "ჩელსის საოპერო ჯგუფთან" და სხვა ცნობილ მუსიკალურ კოლექტივებთან. ჯანლუკა მარჩიანო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: პაოლეტა მაროკუ, დონატა დანუნციო ლომბარდი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრ აგაჩე, ზორან ტოდოროვიჩი, მარკ ჰელერი, ინვა მულა, ელისაბეტა ფიორილო, Dდარიო შმუნკი, ნინგ ლიანგი და სხვები. 2007 წელს შედგა ჯანლუკა მარჩიანოს დებიუტი პეკინში. ამავე წელს სარდინიის ქალაქ სასარის ვერდის თეატრში მაესტროს ხელმძღვანელობით გაიმართა დებიუსის ადრეული კანტატის "რჩეული ქალწულისა" და პულენკის ოპერა-ბუფას "ტირეზიას მკერდის" იტალიური პრემიერები. აღნიშნულ სპექტაკლებს ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა: "იტალიის ფარგლებს გარეთ საკმაოდ ცნობილ დირიჟორს - შთაგონებულ და მიმზიდველ ჯანლუკა მარჩიანოს მაქსიმალურად გათავისებული აქვს დიბიუსის ინსტრუმენტობა და პულენკის რიტმული სტილი"; "31 წლის ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობა დამატყვევებელი იყო". 2008 წელს მარჩიანოს დირიჟორობით პეკინის ფინანსურ ცენტრში ადგილობრივ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საზეიმო გალა-კონცერტი გამართა საქვეყნოდ აღიარებულმა მომღერალმა ანდრეა ბოჩელიმ. ამავე წელს დიდ ბრიტანეთშიც გაიცნეს ჯანლუკა მარჩიანოს ხელოვნება "ტრავიატაში". "საუკეთესო რაც შეიძლება ახალ "ტრავიატასთან" დაკავშირებით ითქვას, საფესტივალო ორკესტრის ძალმოსილი შესრულების და ამ წარმოდგენის ვარსკვლავის, იტალიელი მაესტროს - ჯანლუკა მარჩიანოს ცეცხლოვანი დინამიზმის ერთობლიობაა, მისი თავდაჯერებული და ვნებიანი ხედვის შერწყმა ვერდის ლირიკულ ხაზებთან საოცრად შთამბეჭდავია" - წერდა "თაიმსი". 2008-09 წლებში ლონდონში მარჩიანოს მიერ დონიცეტის "ფავორიტი ქალის" დირიჟორობა ასე შეფასდა "თაიმსში": "საგულდაგულოდ მომზადებული ორკესტრი სულიერებით აივსო. ჯანლუკა მარჩიანოს ლირიკული დირიჟორობით ორკესტრი მაშინაც კი ჰპოვებს სილამაზეს, როდესაც წინა პლანზეა დონიცეტის მოტორულობა"; "ჯანლუკა მარჩიანომ იცის როგორ წარმართოს წარმოდგენა, როგორ შეინარჩუნოს ოპერის წარმატებული მსვლელობა; იგი მხარში ედგა და ამხნევებდა მომღერლებს, აჟღერებდა დონიცეტის ინსტრუმენტულ და კონტრაპუნქტულ გამოგონებებს ზედმიწევნით ზუსტად და არა აფექტურად" - წერდა "საოპერო ჟურნალი". 2009 წელს ლონგბოროს ფესტივალზე მოცარტის "ფიგაროს ქორწინებაში" მიღწეულმა დიდმა წარმატებამ განაპირობა ჯანლუკა მარჩიანოს კიდევ ერთი ანგაჟემენტი - 2012 წლამდე ამ ფესტივალზე იგი წარუძღვება მოცარტის ოპერებს "დონ ჯოვანის", "ჯადოსნურ ფლეიტას", "ასე იქცევა ყველა". "ვიმედოვნებთ, რომ "ფიგაროს ქორწინებას" ლონგბორო კიდევ ერთ სიცოცხლეს აჩუქებს, საოპერო ვარსკვლავია დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო, რომელმაც ორკესტრის ინსტრუმენტები ისე ააჟღერა, თითქოს ისინიც მღეროდნენ მოცარტის მუსიკას. გასაკვირი არ არის, რომ მომდევნო ორი წელიწადი გასტანს ამ მაესტროსთან თანამშრომლობა" - წერდა "ოქსფორდ თაიმსი". გაისად ჯანლუკა მარჩიანო დიდ ბრიტანეთში Grange Park ფესტივალზე იდირიჟორებს "ტოსკას", დედოფალ ელიზაბეტის დარბაზში წარუძღვება "ტრავიატას", სერბეთის ეროვნულ ოპერაში გამართავს სიმფონიური კონცერტების ციკლს. 2012 წელს კი დაგეგმილია დირიჟორის დებიუტი ოვიედოს (ესპანეთი) ოპერის თეატრში "ტურანდოტით". |