Museum Playbill Administration The Art Forces Support Contact Information
დასაწყისი
სრული აფიშა
სპექტაკლების და
ღონისძიებების არქივი
ახალგაზრდული კლუბი
ადგილების დაჯავშნა
ბილეთების შეძენა
გამოცემები
ფოტო-გალერეა
ვირტუალური დარბაზი
საკონტაქტო ინფორმაცია
სცენის ტექნიკური მონაცემები
მომხმარებელთა ელ. ფოსტა
 
< ივლისი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  


გენერალური სპონსორი

პარტნიორი საიტები

LivePage - Latest worldwide news and live TV channels online - Be informed at www.livepage.info

 

 

12 ივლისი, 2010 - 19:00
ჯუზეპე ვერდი - ტრუბადური
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი
საკონცერტო შესრულება

ლიბრეტოს ავტორი - სალვატორე კამარანო და ლეონ ემანუელ ბარდარე, ანტონიო გუტიერესის პიესის მიხედვით. მსოფლიო პრემიერა - თეატრი "აპოლო", 1853 წლის 19 იანვარი, რომი.

 
 
დირიჟორი
დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი - ჯანლუკა მარჩიანო
რეჟისორი
ვერნონ მაუნდი
მხატვარი
ქრის დევილდე
მონაწილეობენ
მანრიკო - მარკ ჰელერი
ლეონორა - ირინე რატიანი
გრაფი დი ლუნა - ზაალ ხელაია
აზუჩენა - ელენა პუტილოვა
ფერანდო - ლეგი იმედაშვილი
ინესი - ირინა ბორისოვა
რუიცი - თამაზ საგინაძე
 
 

შექმნის ისტორია
როგოლეტოს" დადგმის შემდეგ 1850 წელს ვერდი ბუსეტოში დაბრუნდა იმ მიზნით, რომ ახალ ოპერაზე - "ტრუბადურზე" დაეწყო მუშაობა. ამავე სახელწოდების დრამა, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ოპერის ლიბრეტო ესპანელი დრამატურგის გარსია ანტონიო გუტიერესას პირველი სერიოზული განაცხადი იყო. რომანტიკული დრამა "ტრუბადური" 1836 წელს დაიდგა მადრიდში. დრამაში ვერდი მოხიბლა რევოლუციურმა სულმა, სითამამემ, მწვავე სცენურმა პასაჟებმა, რაც ესოდენ  მახლობელი იყო თავად კომპოზიტორისთვის. ლიბრეტოს შესაქმნელად ვერდიმ მიმოწერა განაახლა კამარანოსთან, რომელთანაც აქტიური შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებდა. კომპოზიტორი სცენარის პირველმა ვარიანტმა არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ უმჯობესია საერთოდ უარი თქვას სიუჟეტზე, თუკი შეუძლებელია მისი საოპერო სცენაზე განხორციელება. 1851 წლის 9 აპრილს ვერდი წერდა - "ვფიქრობ, ზოგიერთი სცენა მოკლებულია პირველადი ზემოქმედების ძალას და თავისთავადობას, რაც მთავარია, აზუჩენამ დაკარგა თავისი განსაკუთრებული ხიბლი".
ვერდი თავად შეუდგა ლიბრეტოს წერას და ძალზე დეტალური მითითებები მიუწერა ოპერის მნიშვნელოვან ეპიზოდებს, რომლის საფუძველზეც კამარანომ გააგრძელა მუშაობა. კომპოზიტორის და ლიბრეტისტის ერთობლივმა მუშაობამ დიდხანს გასტანა, რასაც სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც უწყობდა ხელს: 1851 წლის 13 ივნისს გარდაიცვალა კომპოზიტორის დედა - ლუიჯა უტინი ვერდი და  კომპოზიტორმა საერთოდ შეწყვიტა ოპერაზე მუშაობა. კომპოზიტორზე დამთრგუნველად მოქმედებდა რევოლუციის შედეგად ქვეყანაში დამყარებული პოლიტიკური რეაქციის რეჟიმი, რასაც დაპატიმრებების და რეპრესიების ტალღა მოჰყვა. ცენზურა გამკაცრდა, რაც უშუალოდ შეეხო ვერდის ამ პერიოდში უკვე დასრულებულ ოპერას "რიგოლეტოს". 1851 წლის 1 დეკემბერს კომპოზიტორმა თავის მეგობარს, მოქანდაკე ლუკარდის ასეთი შინაარსის წერილი მისწერა - "ამ იმპრესარიოებს არ ესმით, რომ თუ ოპერა არ დაიდგა მთლიანად, როგორც ის ავტორმა ჩაიფიქრა, ჯობს მის დადგმაზე საერთოდ ხელი ავიღოთ. მათ არ იციან, რომ ნომრებისა და სცენების ტრანსპოზიცია კრახით მთავრდება. წარმოიდგინეთ, რა გამოდის, როდესაც თვით სიუჟეტი იცვლება... რას იტყოდით, თქვენს ერთ-ერთ მშვენიერ ქანდაკებას ნახევარი სახე შავი ნიღბით რომ დაუფარონ?!". ვერდის ძალისხმევის მიუხედავად 1852 წელს რომში "რიგოლეტო" ცენზურის მოთხოვნების გამო მნიშვნელოვნად სახეცვლილი ფორმით დაიდგა, რაც მეტად მძიმედ გადაიტანა კომპოზიტორმა.
ამ პირობებში უმძიმდა ვერდის "ტრუბადურის" სცენარზე მუშაობა. 1852 წლის რამდენიმე თვე პარიზში გაატარა და მხოლოდ მარტში დაუბრუნდა ლიბრეტოს.
ამ პერიოდში ვერდის კიდევ ერთი უბედურება დაატყდა თავს - გარდაიცვალა კამარანო, რომელმაც ვერ მოასწრო ლიბრეტოს დასრულება. 1852 წლის 5 აგვისტოს ვერდი მისი მუსიკის თაყვანისმცემელს, კამარანოს მეგობარს წერდა - "არ შემიძლია ჩემი დამწუხრების გადმოცემა. მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე არა მეგობრული წერილიდან, არამედ უაზრო თეატრალური გაზეთიდან. თქვენ ის ჩემსავით გიყვარდათ და გამიგებთ რისი გამოხატვაც ვერ შევძელი, საცოდავი კამარანო, რამხელა დანაკლისია"... 
ლიბრეტო დაასრულა ახალგაზრდა პოეტმა - ბარდარემ და მხოლოდ 1852 წლის შემოდგომაზე შეუდგა ვერდი საკუთრივ ოპერაზე მუშაობას, რომელიც სულ რამდენიმე თვეში დაასრულა.
ოპერის პრემიერა შედგა 1853 წლის 19 იანვარს რომის თეატრ Apollo-ს სცენაზე. იმ დღეებში მდინარე თიბროსი ადდიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და თეატრისკენ სავალი გზები დაფარა, თუმცა იმდენად დიდი იყო ვერდის ახალი ოპერის ხილვისა და მოსმენის სურვილი, რომ ხალხის მასა დილის ცხრა საათიდან მიაწყდა თეატრის კარებს. ოპერის პრემიერამ გრანდიოზული წარმატებით ჩაიარა. ოპერაზე მუშაობის დროს მრავალი დრამატული და ტრაგიკული ამბის გადატანის შემდეგ 1853 წლის 29 იანვარს ვერდიმ მეტად პესიმისტური წერილი გაუგზავნა თავის ერთ-ერთ მეგობარს - "...ხალხი ამბობს, რომ ოპერა ზედმეტად პირქუშია და მასში ბევრი გმირი იღუპება, მაგრამ ბოლოსდაბოლოს თვით ცხოვრებაც ხომ აღსავსეა სიკვდილით?!...".
მცირე ხანში ოპერა დაიდგა პარიზში, ლონდონში, პეტერბურგში და ევროპის სხვა ქალაქებში.

მოკლე შინაარსი

პირველი მოქმედება

ესპანეთში მძვინვარებს სამოქალაქო ომი. ნაციონალისტი ჯარისკაცების ჯგუფი ღამის მორიგეობაზე დგას და იმ სასახლეს იცავს, სადაც ლეონორა იმყოფება. ეს უკანასკნელი მათი გენერლის, დი ლუნას რჩეულია. ისინი დი ლუნას შესახებ საუბრობენ და თავს პირქუში ამბების მოყოლით იქცევენ. ფერანდო, მათი უფროსი ოფიცერი, იხსენებს იმ ღამეს, როდესაც დი ლუნას პატარა ძმა მოხუცმა ქალმა შეაშინა და იმასაც, თუ როგორ დაწვეს შემდეგ ეს ქალი კოცონზე, როგორც კუდიანი. სიკვდილის წინ მოხუცი ქალი თავის ქალიშვილს შურისძიებისკენ მოუწოდებდა და მართლაც, მცირე ხანში დი ლუნას ძმა გაუჩინარდა. ფერანდო ამბობს, რომ თუმცა წლებია გასული, მას არასოდეს დაავიწყდება იმ ქალის სახე.

სასახლეში ლეონორა უხსნის ინესს, რომ მას შეუყვარდა მომღერალი მანრიკო. დი ლუნამ გაიგო, რომ მისი მეტოქე ლეონორას სიყვარულში სამოქალაქო ომის მეთაურია. ისინი  შეებრძოლებიან ერთმანეთს.

რესპუბლიკელი მებრძოლების ნაწილს ქალი წინამძღოლობს, ეს აზუჩენაა. იგი მანრიკოს ჭრილობას უხვევს, მანრიკოს ორთაბრძოლაში დი ლუნას მოკვლა შეეძლო, მაგრამ მისი დანდობა გადაწყვიტა. აზუჩენაც იმავე ამბავს ყვება, რასაც ფერანდო პირველ სცენაში, რომ მან (აზუჩენამ) ახალგაზრდა გრაფის, დი ლუნას ძმა მოიტაცა შურის საძიებლად. ნათელი ხდება, რომ აზუჩენას დედა დაწვეს კოცონზე და შეცდომით იმ ღამეს მისი საკუთარი შვილიც შეაგდეს ცეცხლში და ამ ტრაგედიას ის დღემდე განიცდის. ცხადდება, რომ ლეონორამ გადაწყვიტა, აეცილებინა თავიდან კონფლიქტი, რადგან ჩათვალა, რომ დი ლუნასთან ორთაბრძოლაში მანრიკო დაიღუპებოდა. მანრიკო მის შესაჩერებლად გარბის.

გრაფი დი ლუნა თვლის, რომ მანრიკო მკვდარია და გეგმავს ლეონორას მოტაცებას, მას სურს აიძულოს ლეონორა მასთან დარჩეს. როდესაც იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მანრიკო და მისი მხარდაჭერები გამოჩნდებიან. ისინი ამარცხებენ დი ლუნას ჯარისკაცებს და გარბიან ლეონორასთან ერთად.

მეორე მოქმედება

გრაფის რაზმები ემზადებიან იმ შენობის შტურმით ასაღებად, სადაც თავს ლეონორა და მანრიკო აფარებენ. შემოჰყავთ დაპატიმრებული აზუჩენა. ფერანდო მასში გრაფის ძმის გამტაცებელს შეიცნობს.. დი ლუნა მას იმავე ხვედრს უმზადებს, როგორიც დედამისს ხვდა წილად.

მანრიკო და ლეონორა დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ რუიცი ახალ ამბავს იტყობინება - აზუჩენა დაჭერილია. მისთვის კოცონი მზადდება. მანრიკო და მისი მებრძოლები მის გადასარჩენად გაეშურებიან.

მესამე მოქმედება

გრაფმა დი ლუნამ შეიპყრო მანრიკო. ლეონორა საკუთარ თავს შესთავაზებს გრაფს მანრიკოს სიცოცხლის სანაცვლოდ. როდესაც გრაფი დათანხმდება ამ წინადადებას, ლეონორა თავს იწამლავს. ციხეში მყოფი მანრიკო და აზუჩენა ერთმანეთს ანუგეშებენ.

ლეონორა მიდის მანრიკოს გასათავისუფლებლად, რომელიც ბრაზობს, რომ ლეონორამ "თავი გაჰყიდა". როდესაც საწამლავი მოქმედებას იწყებს, მანრიკო ხვდება, თუ რა მსხვერპლიც გაიღო ლეონორამ. ბოლო წამებში დი ლუნა ხვდება, რომ ლეონორამ თავი მანრიკოს გადასარჩენად გაწირა და  ამ უკანასკნელის დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯის ბრძანებას გასცემს.

მანრიკოს სიკვდილით დასჯის დროს აზუჩენა დი ლუნას შესძახებს: "შენ შენი ძმა მოჰკალი!".

ვერნონ მაუნდი
რეჟისორი

ვერნონ მაუნდი ოპერისა და მიუზიკლების რეჟისორია, იგი დგამს სპექტაკლებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, ევროპის ქვეყნებში და რუსეთში.
ლონდონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ვერნონ მაუნდმა შემოქმედებითი კარიერა დაიწყო როგორც პიანისტმა და მომღერალმა.  ის მუშაობდა გაერთიანებული სამეფოს მრავალ საოპერო კომპანიებში, შოტლანდიური ბალეტის კომპანიის მენეჯერად და კოვენტ გარდენის "სამეფო თეატრის" მუდმივ რეჟისორად.
ვერნონ მაუნდი მოღვაწეობდა სკანდინავიისა და ევროპის მრავალ თეატრში, ხელმძღვანელობდა მუსიკის სამეფო კოლეჯს ლონდონში. 
2004 წლიდან სათავეში უდგას (სამხატვრო ხელმძღვანელი) მის მიერ შექმნილ "მუსიკის თეატრს ახალგაზრდობისათვის", ეს კომპანია ამჟამად ვითარდება ხელოვნების საბჭოს მხარდაჭერით.
ვერნონ მაუნდი ამჟამად გოტენბურგის უნივერსიტეტის მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელია, ამ თეატრში რამდენიმე ოპერის და მუსიკალური წარმოდგენის დადგმის შემდეგ მას პროფესორის წოდება მიენიჭა (1996 წელი), ამჟამად ის პასუხისმგებელია 20 სტუდენტის განათლებაზე და მათ მუშაობაზე.
რეჟისორის დადგმებს შორის აღსანიშნავია "საბრალონი" და "მის საიგონი", რომელთაც დიდი წარმატება ხვდათ წილად მთელს სკანდინავიაში. ნორვეგიის ოპერის ეროვნულ  თეატრში ვერნონ მაუნდმა დადგა "ანდრე შენიე" და "ჰენზელი და გრეტელი", ყაზანში კი  ბიზეს "მარგალიტის მაძიებლები".
ვერნონ მაუნდის დადგმული სპექტაკლები რეგულარულად სრულდება დარმშტადტში ("ევიტა") და ჰოლანდიაში ("მარგალიტების მაძიებლები"). 

ქრის დევილდე
მხატვარი

მხატვარ ქრის დევილდეს მჭიდრო შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს ვერნონ მაუნდთან, მათი ერთობლივი დადგმებიდან აღსანიშნავია  Nine (შვეცია) და ორი ახალი მიუზიკლი - "ასეთი ტკბილი ქუხილი" და "უძინარნი" ნიუკასლის სამეფო თეატრისათვის. წელს ისინი მუშაობენ სპექტაკლზე "სუინი თოდ" (კარლშტადი, შვეცია). 
ბრიტანეთში ქრის დევილდეს მხატვრობით განხორციელებულია  შემდეგი დადგმები: "კიბერჯემი" ("ქვინს თეატრი") და "ნიქსონის ნიქსონი" ("კომედი თეატრი") ლონდონში, უესტ ენდში, "სტრეიკერი მღერის ბრელს" ("ქინგზ ჰედ"), "სიყვარული, ვნება და დაკარგვა" ("ბეტერსი არტს ცენტრი"), "ქვიერ კაუნსილ" ("კროიდონ ვარჰაუზ"), "საშობაო ცერემონიები/ზამთრის სიტყვები" ("სტრიტვაიზ ოპერა" ნიუ კოლეჯ ჩაპელში, ოქსფორდი), "ჯადოსნური ფლეიტის" ადაპტაცია ბავშვებისათვის და ხუთი დადგმა-გამოფენა წლიური მუსიკალური ხმების სეზონოსათვის გრინვიჩის თეატრში (ლონდონი). ადრეულ დადგმებს შორის აღსანიშნავია "ვაფრენ შენზე", რომელშიც მონაწილეობდა 250 მსახიობი, ასევე დადგმა "ჭკვიანი პატარა გოგონა საბძელში".
ქრის დევილდე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა წარმოდგენების მენეჯერად დიდ ბრიტანეთში; ამ დროს ის ზედამხედველობდა წარმოდგენების ფართო სპექტრს: 8 ძირითად შოუს უესტ ენდში, 17 ეროვნულ გასტროლს, შექსპირის სამეფო დასის 34 წარმოდგენას და ალმეიდას ოპერის სამ სეზონს.

ჯანლუკა მარჩიანო

ჯანლუკა მარჩიანო დაიბადა 1976 წელს იტალიაში, ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს დაუფლება. სწავლობდა ფლორენციის მუსიკალურ აკადემიაში, შემდგომში მისი პედაგოგები იყვნენ ჯოაკინ აშუკარო, დიმიტრი ბაშკიროვი, პაოლო რესტანი, მასიმილიანო დამერინი. ჯანლუკა მარჩიანოს საკონცერტო დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა. ამის შემდეგ ის ხშირად სტუმრობდა მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებს. მარჩიანო ეროვნული და საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების ლაურეატია.
2001 წელს ჯანლუკა მარჩიანო აქტიურად თანამშრომლობდა პარმის, გენუის, რომის საოპერო თეატრებთან. მაესტროს ხშირად იწვევენ ჟიურის წევრად მომღერალთა კონკურსებზე. 
2002 წელს იგი მიიწვიეს ლიუბლიანას ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც მუშაობდა ლორის ვოლტოლინის ასისტენტად და ძალზე გააფართოვა საოპერო რეპერტუარი.  2005 წელს მარჩიანო იყო დიტერ როსბერგის ასისტენტი გუნოს "ფაუსტზე" და ოფენბახის  "რაინის ალების" მსოფლიო პრემიერაზე მუშაობისას. 2006-2007 წლების სეზონზე ჯანლუკა მარჩიანომ ზაგრების თეატრში იდირიჟორა "ნაბუქო" და "სევილიელი დალაქი" რეპეტიციის გარეშე, რისE შემდეგ იგი თეატრის მიწვეული დირიჟორი გახდა.
იმავე წელს ჯანლუკა მარჩიანომ სერბეთის ეროვნულ ოპერაში იდირიჟორა "ტოსკა" და "ბოჰემა".
ჯანლუკა მარჩიანო ხშირად მუსიცირებს სლოვაკეთის სოლისტების კამერულ ორკესტრთან, რუმინეთის იონ ილიესკუს ფილარმონიულ ორკესტრთან, პლოიესტის ფილარმონიულ ორკესტრთან, კიევის კამერატასთან,  ლონგბოროს საოპერო ფესტივალის ორკესტრთან,  ლონდონის ე.წ. "ჩელსის საოპერო ჯგუფთან" და სხვა ცნობილ მუსიკალურ კოლექტივებთან.
ჯანლუკა მარჩიანო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც  არიან: პაოლეტა მაროკუ, დონატა დანუნციო ლომბარდი, ნინო სურგულაძე, ალექსანდრ აგაჩე, ზორან ტოდოროვიჩი, მარკ ჰელერი, ინვა მულა, ელისაბეტა ფიორილო, Dდარიო შმუნკი, ნინგ ლიანგი და სხვები.
2007 წელს შედგა ჯანლუკა მარჩიანოს დებიუტი პეკინში. ამავე წელს სარდინიის ქალაქ სასარის ვერდის თეატრში მაესტროს ხელმძღვანელობით გაიმართა დებიუსის ადრეული კანტატის "რჩეული ქალწულისა" და პულენკის ოპერა-ბუფას "ტირეზიას მკერდის" იტალიური პრემიერები. აღნიშნულ სპექტაკლებს ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა: "იტალიის ფარგლებს გარეთ საკმაოდ ცნობილ დირიჟორს - შთაგონებულ და მიმზიდველ ჯანლუკა მარჩიანოს მაქსიმალურად გათავისებული აქვს დიბიუსის ინსტრუმენტობა და  პულენკის რიტმული სტილი"; "31 წლის ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობა დამატყვევებელი იყო".
2008 წელს მარჩიანოს დირიჟორობით პეკინის ფინანსურ ცენტრში ადგილობრივ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად საზეიმო გალა-კონცერტი გამართა საქვეყნოდ აღიარებულმა მომღერალმა ანდრეა ბოჩელიმ.
ამავე წელს დიდ ბრიტანეთშიც გაიცნეს ჯანლუკა მარჩიანოს ხელოვნება "ტრავიატაში". "საუკეთესო რაც შეიძლება ახალ "ტრავიატასთან" დაკავშირებით ითქვას, საფესტივალო ორკესტრის ძალმოსილი შესრულების და ამ წარმოდგენის ვარსკვლავის, იტალიელი მაესტროს - ჯანლუკა მარჩიანოს ცეცხლოვანი დინამიზმის ერთობლიობაა, მისი თავდაჯერებული და ვნებიანი ხედვის შერწყმა ვერდის ლირიკულ ხაზებთან საოცრად შთამბეჭდავია" - წერდა "თაიმსი".
2008-09 წლებში ლონდონში მარჩიანოს მიერ დონიცეტის "ფავორიტი ქალის" დირიჟორობა ასე შეფასდა "თაიმსში": "საგულდაგულოდ მომზადებული ორკესტრი სულიერებით აივსო. ჯანლუკა მარჩიანოს ლირიკული დირიჟორობით ორკესტრი მაშინაც კი ჰპოვებს სილამაზეს, როდესაც წინა პლანზეა დონიცეტის მოტორულობა";  "ჯანლუკა მარჩიანომ იცის როგორ წარმართოს წარმოდგენა, როგორ შეინარჩუნოს ოპერის წარმატებული მსვლელობა; იგი მხარში ედგა და ამხნევებდა მომღერლებს, აჟღერებდა დონიცეტის ინსტრუმენტულ და კონტრაპუნქტულ გამოგონებებს ზედმიწევნით ზუსტად და არა აფექტურად" - წერდა "საოპერო ჟურნალი".
2009 წელს ლონგბოროს ფესტივალზე მოცარტის "ფიგაროს ქორწინებაში" მიღწეულმა დიდმა წარმატებამ განაპირობა ჯანლუკა მარჩიანოს კიდევ ერთი ანგაჟემენტი - 2012 წლამდე ამ ფესტივალზე იგი წარუძღვება მოცარტის ოპერებს "დონ ჯოვანის", "ჯადოსნურ ფლეიტას", "ასე იქცევა ყველა". "ვიმედოვნებთ, რომ "ფიგაროს ქორწინებას" ლონგბორო კიდევ ერთ სიცოცხლეს აჩუქებს, საოპერო ვარსკვლავია დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო, რომელმაც ორკესტრის ინსტრუმენტები ისე ააჟღერა, თითქოს ისინიც მღეროდნენ მოცარტის მუსიკას. გასაკვირი არ არის, რომ მომდევნო ორი წელიწადი გასტანს ამ მაესტროსთან თანამშრომლობა"  - წერდა "ოქსფორდ თაიმსი".
გაისად ჯანლუკა მარჩიანო დიდ ბრიტანეთში Grange Park ფესტივალზე იდირიჟორებს "ტოსკას", დედოფალ ელიზაბეტის დარბაზში წარუძღვება "ტრავიატას", სერბეთის ეროვნულ ოპერაში გამართავს სიმფონიური კონცერტების ციკლს. 2012 წელს კი დაგეგმილია დირიჟორის დებიუტი ოვიედოს (ესპანეთი) ოპერის თეატრში "ტურანდოტით".

მარკ ჰელერი მსოფლიოს ცნობილი საოპერო თეატრების ხშირი და სასურველი სტუმარია, მართავს კონცერტებს მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. ამერიკელი ტენორის მარკ ჰელერის თავბრუდამხვევი კარიერა გასაოცარი სისწრაფით განვითარდა. იგი მსოფლიო საოპერო სცენების ამომავალი ვარსკვლავია.
მარკ ჰელერის კარნეგი ჰოლში გამართულმა სოლო კონცერტმა ყველაზე სიტყვაძუნწი კრიტიკოსებიც კი აალაპარაკა. ამ დებიუტის შემდეგ იგი დიდი წარმატებით მღერის ამერიკის სხვადასხვა თეატრებში: მიჩიგანის,  ბალტიმორის, არიზონას, მინესოტის, ნოქსვილის ოპერის თეატრებში.
მარკ ჰელერის გამორჩეულ გამოსვლებს შორის აღსანიშნავია: ლინკოლნ ცენტრში ვერდის "რეკვიემის" ბრწყინვალე შესრულება, დებიუტი ტან დუნის ოპერაში "პირველი ოპერატორი" (მეტროპოლიტენ ოპერა), სადაც იგი პარტნიორობას უწევდა პლასიდო დომინგოს, ალფრედის პარტიის შესრულება ოპერაში "ტრავიატა" ჰალეს საოპერო თეატრში, დონ ოტავიოს პარტიის შესრულება ოპერაში "დონ ჯოვანი" პალმ ბიჩის ოპერის თეატრში, კანადური დებიუტი კვებეკის ფესტივალზე ვედემონტის პარტიით ოპერაში "იოლანტა", ტიბალდის პარტიის შესრულება ოპერაში "რომეო და ჯულიეტა" ანა ნეტრებკოსა და რობერტო ალანიასთან ერთად.
მომღერლის რეპერტუარი მოიცავს შემდეგ საოპერო პარტიებს: რუდოლფი, პინკერტონი, კავარადოსი, ჰერცოგი, კალაფი, ალფრედი, რიკარდო, დონ ხოზე, რომეო, დე გრიე და სხვა.

 

უკან დაბრუნება

 

დასაწყისი | მუზეუმი | აფიშა | ადმინისტრაცია | ოპერა | ბალეტი | მხარდაჭერა | კონტაქტი | მომხმარებელთა ელ. ფოსტა

© Copyright 2005-2008 Tbilisi Opera and Ballet Theatre. 0108, Rustaveli Ave. 25. Webmaster  

Created by BESIKurashvili