შექმნის ისტორია ოთარ თაქთაქიშვილის - საოცრად რაფინირებული ინტელექტისა და კულტურის, უჩვეულო ნიჭისა და შემოქმედებითი ტემპერამენტის მქონე ხელოვანის, ქართული მუსიკის დიდოსტატის საკომპოზიტორო მემკვიდრეობა, ჭეშმარიტად მაღალმხატვრული მოვლენაა. კომპოზიტორის მუსიკალური მეტყველება, აზროვნება ხალასი და მეტად თავისებურია, რაც უწინარესად, განაპირობა თაქთაქიშვილის თვითმყოფმა მიდგომამ ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის მიღწევების სინთეზირებასთან და თანამედროვე პრიზმაში გარდასახვის ინტელექტუალურმა უნარმა. ხალხურის, ეროვნულის სწორი აღქმა და შემოქმედებითი გაცისკროვნება - ეს არის ოთარ თაქთაქიშვილის უმთავრესი მხატვრულ-იდეური ხარისხი, რითაც აიხსნება მისი შემოქმედებითი დრამატურგიის თავისებურება. ოთარ თაქთაქიშვილის ჟანრულად მრავალფეროვან საკომპოზიტორო მემკვიდრეობაში დემონსტრირებულია მისი მკვეთრი ინდივიდუალურობა, სტილის ორიგინალობა, მყარი შემოქმედებითი პრინციპები. მისი შემოქმედებითი სახის ძირითადი შტრიხებია - ეროვნულობა, ტრადიციულობა, ნოვატორობა. ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედებამ მაღალმხატვრული ღირებულებებით, ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა და განსაკუთრებით, ზაქარია ფალიაშვილისეული ტრადიციების გაგრძელებით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართული მუსიკის ისტორიაში. გამორჩეული იყო ოთარ თაქთაქიშვილის მოღვაწეობა არა ოდენ როგორც კომპოზიტორისა, არამედ ნაყოფიერი იყო მისი პედაგოგიური, საშემსრულებლო მოღვაწეობაც, - როგორც დირიჟორი, ის ითვლებოდა საკუთარი ქმნილებების საუკეთესო ინტერპრეტატორად. თვალსაჩინო იყო ოთარ თაქთაქიშვილის ღვაწლი საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზეც - ის იყო საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, "საერთაშორისო მუსიკალური საბჭოს" (პარიზი) პრეზიდიუმის წევრი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1962-1965), საქართველოს კულტურის მინისტრი (1965-1983) და ა. შ. ოთარ თაქთაქიშვილის პირველი ოპერა "მინდია" დაიწერა ვაჟა-ფშაველას პოემის "გველისმჭამელის" მოტივებზე. "მინდია" პრაქტიკულად პირველი ოპერაა, რომელშიც შესატყვისი მაღალმხატვრული ასახვა ჰპოვა დიდი ქართველი მგოსნის პოეზიამ. ოპერაში განზოგადებულად არის წარმოჩენილი კაცთმოყვარეობის ჰუმანისტური და პატრიოტული თემა, შეუდარებელი ლირიკა, თუმცა, უწინარესად, ხორცშესხმულია მინდიასა და ბუნების უჩვეულო კავშირის ნიჭის მოტივი. ოთარ თაქთაქიშვილისეულ კონცეპტუალურ ხედვაში აქცენტირებულია განვითარების რამდენიმე მიმართულება - პატრიოტული, ლირიკული, ფსიქოლოგიური. ქართული მუსიკის ისტორიკოსები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში დამკვიდრებული ეროვნული საოპერო კლასიკის ტრადიციათა ღირსეულ გაგრძელებად იქცა 1961 წელს განსხეულებული ორი ქართული ოპერა - შალვა მშველიძის "დიდოსტატის მარჯვენა" და ოთარ თაქთაქიშვილის "მინდია". ამ უკანასკნელის პრემიერა გაიმართა 1961 წლის 21 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (პრემიერა მიეძღვნა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 100 წლისთავს), დამდგმელი დირიჟორი იყო ოდისეი დიმიტრიადი, დამდგმელი რეჟისორი - დიმიტრი ალექსიძე, დამდგმელი მხატვარი - ფარნაოზ ლაპიაშვილი. "მინდიაში" დაუნჯებულმა მუსიკალურმა ღირსებებმა განაპირობა ოპერის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი სცენური სიცოცხლე. "მინდიას" შემდგომი დადგმები განხორციელდა სხვადასხვა ქალაქების საოპერო სცენებზე - ერევანში, მინსკში, ტარტუში, რიგაში, ზაარბრიუკენში, ოლომოუცში, მოსკოვში, ქუთაისში, მაინინგენში, კოშიცეში. თბილისში ოპერა მეორედაც დაიდგა (ოდისეი დიმიტრიადის, სიმონ შტეინის, მამია მალაზონიას და მურმან ლომთათიძის ხელდასმით). ოთარ თაქთაქიშვილის "მინდიას" საუკეთესო შეფასებას აძლევდნენ ცნობილი, ავტორიტეტული მუსიკოსები, რასაც ქვემოთ მოყვანილი ფრაზებიც ცხადყოფს: "მინდია" ჭეშმარიტი ნოვატორობის მკაფიო ნიმუშია, რომელიც ორგანულად არის ამოზრდილი წარსულის გამოცდილების გაბედულ, შემოქმედებითად აქტიურ ათვისებასა და განვითარებაზე დაფუძნებული ჩანაფიქრის ორიგინალობაზე. მუსიკა მიედინება უწყვეტ ნაკადად, ყველაფერი ხალასი და ბუნებრივია. ავტორისეული მგზნებარე, მღელვარე მეტყველება გატყვევებთ თავისი განუმეორებელი ძალით... "მინდიას" მუსიკა გაჯერებულია გამოთქმის გულწრფელობით, იგი ცოცხალია!.." "სოვეტსკაია კულტურა". 1963 წ. 21 მარტი "აღფრთოვანებული ვარ თაქთაქიშვილის ოპერით "მინდია". დიმიტრი შოსტაკოვიჩი "ოთარ თაქთაქიშვილმა "მინდიაში" ოსტატურად შეასხა ხორცი დიდი ქართველი მგოსნის რთულ ფსიქოლოგიურ ჩანაფიქრს. თაქთაქიშვილის დიდი საკომპოზიტორო კულტურა ოპერის ყოველ ტაქტში შეიგრძნობა". არამ ხაჩატურიანი "მინდია" - ჩვენი საოპერო მუსიკის დიდი მონაპოვარია, ემოციურად კაშკაშა, მძლავრი, ოსტატობის თვალსაზრისით ბრწყინვალე". დიმიტრი კაბალევსკი "მინდია" - უდიდესი იდეურ-მხატვრულად მწყობრი და აღნაგი ნაწარმოებია. ოპერა ერთიან მუსიკალურ ტილოდ აღიქმება". ლუდმილა პოლიაკოვა "მინდია გამოირჩევა მთლიანობით, დახვეწილი დრამატურგიითა და მუსიკის თვითმყოფობით. მისი მიმზიდველი მხარეა ლირიკული სიწრფელე, დრამატული ცხოველმყოფელობა". გივი ორჯონიკიძე "უდავოა, რომ ზაქარია ფალიაშვილისა და ვიქტორ დოლიძის კლასიკური ოპერების შემდგომ ხანაში "მინდია" ყველაზე წარმატებული და მხატვრულად ძლიერი ქართული ოპერა იყო და მისი სცენური ცხოვრების სამომავლო პერსპექტივებიც საიმედოდ გვესახება". გულბათ ტორაძე "ოთარ თაქთაშვილის "მინდიამ" თავიდანვე მასობრივი პოპულარობა მოიპოვა... ამ მღელვარე ოპერა-პოემაში ვხედავთ კლასიკური და თანამედროვე ოპერების ხერხების სანიმუშო ჰარმონიულობას... ოპერაში სრული მხატვრული დამაჯერებლობით გაიხსნა ვაჟას თვით არსი ჰუმანიზმისა და იგი უშუალოდ გამოჩნდა თანადროული ეპოქის ჰუმანიზმის შუქზე. ამაშია ოპერა "მინდიას" თანამედროვე მნიშვნელობა". ანტონ წულუკიძე
მოკლე შინაარსი
შორეთიდან შინ დაბრუნებულ მინდიას სიხარულით ეგებება საკუთარი სოფლის ბუნება. მინდია ბედნიერია მშობლიური მთების ხილვით. განგებამ მინდია ჯადოსნური ძალით დააჯილდოვა, მას ესმის ცხოველებისა და ფრინველების ენა, წვდება მთის ექოს და ჩანჩქერის ხმაურის ფარულ აზრს, იცის რაზე საუბრობენ მაღალი მთები და რას უმღერიან მწვანე მინდვრები. მინდორში ჩაძინებულ მინდიას შეამჩნევენ თანასოფლელი გოგონები, რომელთა შორის მინდიას სატრფო _ მზიაც არის. როგორც კი გოგონები მძინარე ყმაწვილში მინდიას შეიცნობენ უმალ სოფელში გარბიან, რათა ყველას ამცნონ გმირი მინდიას დაბრუნება. სოფლელები სიხარულით ეგებებიან მინდიას. მინდიას მამა - ხევისბერი - განრისხებულია, იგი ვაჟიშვილს უამბობს მათი ოჯახის თავზე დატრიალებული უბედურების შესახებ _ ჩალხიამ ხომ მინდიას ძმა გამოასალმა სიცოცხლეს. ხალხი მთიელთა წმიდათა წმიდა ვალის აღსრულებას მოითხოვს მინდიასგან. სოფლის ადათის თანახმად, მინდიამ ძმის მკვლელის სისხლი უნდა აიღოს და ჩალხია მოკლას. ჩალხია მზად არის ხმალი იშიშვლოს და მინდიას შეერკინოს. ჩალხიას ძლიერ უყვარს მზია და მინდიას ძმაც მზიას სიყვარულის გამო გაიმეტა მოსაკლავად. ხალხი შურისძიების წყურვილით არის აღსავსე, მინდიას კი არ ძალუძს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ბუნება უკრძალავს თავის რჩეულ მინდიას ადამიანის კვლას. ძმის სიკვდილი დიდი დანაკლისია მინდიასთვის, მაგრამ სოფლის ძველ ადათს მეტად აღარ სცემს პატივს. მისი აზრით, ამდენი სისხლის აღებამ სამშობლოს უამრავი ვაჟკაცი გამოაცალა ხელიდან. სოფლელები კი ფიქრობენ, რომ მინდია გალაჩრებულა. უეცრად ხალხში შიკრიკი შემოიჭრება და თანასოფლელებს ყოველი მხრიდან მტრის შემოსევის ამბავს ამცნობს. მთიელები იარაღს ისხამენ და მტრის დასახვედრად ემზადებიან. სათავეში მათ მინდია ჩაუდგება. ბრძოლის ველთან ახლოს ბნელ ღამეს მინდიას მზია მიაკითხავს. ჩალხიას ბრაზი ახრჩობს, რადგან მინდია, რომელიც ომში გმირობის მაგალითს იძლევა, ძმის მკვლელთან ორთაბრძოლაზე უარს აცხადებს. ჩალხიას აკვირვებს მინდიას საქციელი. გამარჯვებული მთიელები შინ ბრუნდებიან. ხევისბერი სასიკვდილოდ არის დაჭრილი. მისი უკანასკნელი თხოვნა შვილისკენ არის მიმართული, რომელმაც არ უნდა უღალატოს სისხლის აღების ძველ ადათს. თანასოფლელები და მზიაც მოითხოვენ მინდიასგან ადათის აღსრულებას. ჩალხიაც ძლიერ ესწრაფვის ორთაბრძოლას და ხმალს იშიშვლებს. მინდია იძულებულია თავი დაიცვას. ორთაბრძოლის დროს მინდია სასიკვდილოდ დაჭრის ჩალხიას. მომაკვდავ ჩალხიას საზარელი ბრალდება აღმოხდება, იგი აღიარებს, რომ მკვლელია, მაგრამ მკვლელს უწოდებს მინდიასაც. შეძრწუნებული მინდია იქაურობას გაეცლება. მინდიას აღარ უღირს ამ ქვეყნად ცხოვრება... და მაინც, ბუნება მიუტევებს თავის საყვარელ შვილს ცოდვას და დაუბრუნებს ჯადოსნურ ნიჭს. |