Museum Playbill Administration The Art Forces Support Contact Information
დასაწყისი
სრული აფიშა
მომავალი ღონისძიებები
სპექტაკლების და
ღონისძიებების არქივი
ახალგაზრდული კლუბი
ბილეთების შეძენა
გამოცემები
ფოტო-გალერეა
ვირტუალური დარბაზი
საკონტაქტო ინფორმაცია
სცენის ტექნიკური მონაცემები
მომხმარებელთა ელ. ფოსტა
 
< სექტემბერი 2010 >
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      


გენერალური სპონსორი

პარტნიორი საიტები

LivePage - Latest worldwide news and live TV channels online - Be informed at www.livepage.info

 

 

05 სექტემბერი, 2010 - 19:00
ჯუზეპე ვერდი - ტრავიატა
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი
საკონცერტო შესრულება
ოპერა 4 მოქმედებად 1 შესვენებით. ფრანჩესკო მარია პიავეს ლიბრეტოს მიხედვით. ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების "ქალი კამელიებით" მიხედვით. მსოფლიო პრემიერა: ვენეცია, თეატრი La Fenice, 1853 წლის 6 მარტი. თბილისში პირველად დაიდგა 1858 წლის 30 ნოემბერს
 
 
დირიჟორი
დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი - რევაზ ტაკიძე
მონაწილეობენ
ვიოლეტა ვალერი - მარიკა მაჩიტიძე
ლორა ბერვუა - ეთერ ხალვაში
ანინა - მანანა იორდანიშვილი
ალფრედ ჟერმონი - არმაზ დარაშვილი
ჟორჟ ჟერმონი - ზაალ ხელაია
გასტონი - თამაზ საგინაძე
ბარონი დიუფოლი - ბონდო გოგია
მარკიზ დ’ ობინი - ტარიელ ჭიჭინაძე
ექიმი გრენვილი - გია ასათიანი
 
 

შექმნის ისტორია
 

1848 წელს ალექსანდრე დიუმას (შვილის) "ქალი კამელიებით" გამოცემისთანავე დაინტერესდა ჯუზეპე ვერდი. იმთავითვე გაიაზრა მოკლე სცენარი ოპერისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება ოპერის შექმნის შესახებ კი, პარიზის ერთ-ერთი დრამატული თეატრის სცენაზე ამ რომანის განსხეულების ხილვამ მიაღებინა კომპოზიტორს.
საკუთარი რომანის და პიესის გმირად დიუმას შერჩეული ჰყავდა ერთ-ერთი გაჭირვებული სოფლელი გოგონა, რომლის მსგავსი უამრავი იყო თავმოყრილი პარიზში შემოსავლის საშოვნელად, მაგრამ შემდგომში აცდენილი გზას მდიდარი "მფარველის" წყალობით. რომანის და პიესის მთავარი გმირის მარგარიტა გოტიეს სახება რეალური პიროვნების, მე-19 საუკუნის 40-იანი წლების პარიზის საკმაოდ ცნობილი ქალის, მარი დიუპლესის პროტოტიპია. ახალგაზრდა დიუმა მას პირადადაც იცნობდა. ამ ქალის გონიერებითა და მომხიბვლელობით არაერთი მამაკაცი იყო აღფრთოვანებული, მათ შორის, კომპოზიტორი ფერენც ლისტი და პოეტი თეოფილ გოტიე.
"ქალი კამელიებით" იმთავითვე იქცა პოლემიკის საგნად, პიესას კი, რომელსაც ცენზურა ოთხი წლის მანზილზე არ უშვებდა სცენაზე, უდიდესი წარმატება ხვდა წილად...
ამ სიუჟეტზე ოპერის შექმნის იდეა საკმაოდ თამამი იყო ვერდის მხრივ, რადგან საოპერო სცენაზე მთავარი გმირის სახით "ზნედაცემული ქალი" უნდა წარმდგარიყო. თუკი მარგარიტა გოტიეს  პერსონაჟი უკვე არსებობდა რომანსა და დრამაში, ოპერისთვის ეს უპრეცედენტო შეთხვევა იყო. ამასთან, ვერდი არ შემოიფარგლა ოპერაში მხოლოდ სიუჟეტური მოტივების გადატანით, პირიქით, მან გაამძაფრა სოციალური დრამა, რაც თუნდაც ოპერის სახელწოდებით ცხადყო (Traviata იტალიურად სწორედ "ზნედაცემულს" ნიშნავს). ვერდის უშუალო ხელმძღვანელობით "ტრავიატას" ლიბრეტოზე მუშაობდა ფრანჩესკო პიავე. "ტრავიატაზე" მუშაობისას ვერდიმ მისწერა დე სანქტისს (1851 წლის 1 ივნისს): "სიუჟეტი თანამედროვეა. სხვას შესაძლოა ხელი არ მოეკიდა ამ სიუჟეტისთვის წესიერების, ეპოქის და ათასი ცრურწმენის გამო... მე კი მასზე უდიდესი სიამოვნებით ვმუშაობ".
"ტრავიატას" შექმნა ვერდის საოპერო ესთეტიკის ძირეული ცვლილებების, რეალიზმის პოზიციებზე დამკვიდრების მაუწყებელი იყო. "რიგოლეტოდან" მოყოლებული მკვეთრ, თვალშისაცემ თეატრალურობას თანდათან ჩაენაცვლა მძაფრი კონტრასტულობა, დრამატიზმი, ფსიქოლოგიურ დახასიათებათა დახვეწილობა და სიღრმე. "ტრავიატას" პრემიერიდან თვენახევრის შემდეგ დრამატურგ ანტონიო სომასადმი მიწერილ წერილში კომპოზიტორი წერდა: "ათი წლის წინათ მე არ დავთანხმდებოდი "რიგოლეტოს" შექმნას. ახლა კი, როდესაც ვგრძნობ ჩვენი ოპერის დიდ ერთფეროვნებას, ალბათ, აღარ დავიწყებდი "ნაბუქოს", "ორი ფოსკარის" მსგავს სიუჟეტებზე მუშაობას, რადგან ისინი გამოირჩევა მხოლოდ საინტერესო სცენური სიტუაციებით, მაგრამ არ არის კონტრასტები. მათში თითქოს დაჭიმულია ერთი სიმი, თუნდაც ძალზე ზეაწეული, ამაღლებული,  და მაინც, მუდამ ერთი, ერთიდაიგივე". ამგვარად, ვერდიმ არჩია მდიდარი პოლიფონიური დრამატურგია, რომელიც შეესატყვისება და ხსნის ცხოვრებისეულ მრავალფეროვნებასა და სირთულეებს.
მართლაც, "ტრავიატაში" თეატრალური ეფექტების ხაზგასმის ნაცვლად, აზრობრივ-იდეური აქცენტები შინაგანი დრამის გახსნაზეა გადატანილი. ამიტომაც "ტრავიატა" ვერდის ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი და პოეტური ქმნილებაა.
"ტრავიატას" პრემიერა შედგა 1853 წლის 6 მარტს ვენეციის თეატრში "ლა ფენიჩე" და ის საოცრად წარუმატებელი აღმოჩნდა, პრაქტიკულად, პრემიერა ჩავარდა. პრემიერის მეორე დღეს ვერდი თავის მეგობარს ემანუელე მუციოს წერდა: "გუშინ საღამოს "ტრავიატა" ჩავარდა. ჩემი ბრალია თუ მომღერლების?... დრო განსჯის".
პრემიერის ჩავარდნის მიუხედავად, იყვნენ ადამიანები, რომელთაც ძალიან მოეწონათ და სათანადოდ შეაფასეს "ტრავიატა". "Gazzeta musicale" წარუმატებლობას მთლიანად მომღერლებს აბრალებდა და წერდა: "ტრავიატა" შესანიშნავი ქმნილებაა იმ უშრეტი გენიოსისა, რომელმაც ევროპას შესძინა "ნაბუქო", "ერნანი" და "რიგოლეტო". ამ ნაწარმოების მუსიკა გასაოცარი, დამატყვევებელი რელიეფურობით ამჟღავნებს ვნებათა ევოლუციას".
მსოფლიო პრემიერიდან ერთი წლის შემდეგ, 1854 წლის 6 მაისს, ვერდის შემოქმედების თაყვანისმცემელმა ანტონიო გალომ "ტრავიატა" (მცირედი კუპიურებით) ვენეციაში თავის თეატრში "San Benedetto"-ში დადგა და ოპერას კოლოსალური წარმატება ხვდა წილად.
"ტრავიატას" გაცნობის შემდეგ დიუმამ თქვა: "ორმოცდაათი წლის შემდეგ არავის ემახსოვრება ჩემი "ქალი კამელიებით", ვერდიმ კი ის უკვდავჰყო".

1855-57 წლებში "ტრავიატა" დაიდგა ევროპის ყველა ცენტრალურ საოპერო სცენაზე და სამუდამოდ დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი საოპერო რეპერტუარში.

მოკლე შინაარსი
 

მოქმედების ადგილი: პარიზი და მისი შემოგარენი
მოქმედების დრო: მე-18 საუკუნის დასაწყისი

I მოქმედება

კურტიზანი ვიოლეტა ვალერის სახლში მხიარული დროსტარებაა. ვიოლეტას თაყვანისმცემლები მის გამოჯანმრთელებას ზეიმობენ, სტუმართა შორის არის პროვინციიდან ახალჩამოსული ალფრედ ჟერმონი. მას პირველი შეხვედრისთანავე სპეტაკი, გულწრფელი სიყვარულით შეუყვარდა ვიოლეტა. მისი გრძნობები ირონიას იწვევს დამსწრეთა შორის. სტუმრების თხოვნით ალფრედი ასრულებს სუფრულ სიმღერას. გვერდით ოთახიდან ისმის ვალსის ხმა, სტუმრები იქით მიისწრაფვიან. ვიოლეტამ უეცრად თავი ცუდად იგრძნო, სხვა ოთახში განცალკევდა, მაგრამ მასთან დარჩა ალფრედიც. იგი  არწმუნებს ვიოლეტას, ენდოს მის გრძნობებს და თხოვს დაიწყოს სხვაგვარი ცხოვრება. მაგრამ ვიოლეტას ხუმრობაში გადააქვს ალფრედის გულწრფელი და ვნებიანი სიყვარულის გამჟღავნება, თუმცა, გულის სიღრმეში მას ესმის ალფრედის, შედის მის მდგომარეობაში, აიმედებს, აძლევს მას ყვავილს და უნიშნავს პაემანს. სტუმრები იშლებიან.
მარტო დარჩენილი ვიოლეტა მღელვარედ იგონებს ალფრედთან საუბარს. იგი პირველად წააწყდება უტყუარ, სპეტაკ გრძნობას და მის გულშიც ჩაისახება საპასუხო სიყვარული.

II მოქმედება

ვიოლეტამ და ალფრედმა დატოვეს პარიზი და ქალაქგარეთ განმარტოვდნენ. აქ, სოფლის მყუდროებაში შეყვარებულებმა ბედნიერება ჰპოვეს. ალფრედის იდილიას წყვეტს მსახური ქალის ანინას შემოსვლა. მას საუბარში წამოცდება, რომ ვიოლეტა მალულად ყიდის თავის ნივთებს. მიჯნურის მიერ გაღებული მსხვერპლით დარცხვენილი და განცვიფრებული ალფრედი მიემგზავრება პარიზში, რათა მოაწესრიგოს ფინანსური პრობლემები. ვიოლეტა უყურადღებოდ გადაათვალიერებს მიღებულ წერილებს. ერთ-ერთ წერილში მეგობარი ფლორა მას მეჯლისზე იწვევს. ვიოლეტა გულგრილად გადადებს წერილს განზე. გამოჩნდება ალფრედის მამა  _ ჟორჟ ჟერმონი. ის ვიოლეტას ბრალს დებს მისი შვილის დაღუპვის გზაზე დაყენებაში და ოჯახის სახელის გატეხაში, იგი მტკიცედ მოითხოვს მათ დაშორებას, რადგან ეს ურთიერთობა სკანდალურია და ვიდრე გრძელდება, ალფრედის დას გათხოვებაში ხელი ეშლება. ვიოლეტა შეძრწუნებულია. მისი ერთადერთი სიხარული ალფრედის სიყვარულია; ვიოლეტას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია, ვინაიდან განუკურნებელი სენითაა დაავადებული, მაგრამ ჟორჟ ჟერმონის თხოვნას ის მაინც ასრულებს. გადაწყვეტს ხელი აიღოს თავის ბედნიერებაზე. იგი მიჯნურს გამოსამშვიდობებელ ბარათს უტოვებს. უკან დაბრუნებული ალფრედი გაოცებულია ვიოლეტას აღელვებით და ცრემლებით, ხოლო მისი წასვლის შემდეგ პოულობს სატრფოს წერილს, რომელიც მას სასოწარკვეთილებაში აგდებს. შემოდის ჟორჟ ჟერმონი. შვილს მოუწოდებს დაბრუნდეს მშობლიურ პროვანსში, თავის ოჯახში, მაგრამ ალფრედი არ ემორჩილება მის თხოვნას. უეცრად ალფრედი შენიშნავს ფლორას ბარათს, რომლის წაკითხვის შემდეგ მას ეჭვი აღარ ეპარება, რომ ვიოლეტამ ის სამუდამოდ მიატოვა. ეჭვით შეპყრობილი ალფრედი მოღალატეზე შურის საძიებლად პარიზისაკენ მიიჩქარის.

III მოქმედება

ფლორასთან დიდი წვეულებაა. ბანქოს მაგიდას სხვა მოთმაშეებთან ერთად ალფრედიც უზის. ვიოლეტა, ბარონ დუფოლთან ერთად შემოდის. მხიარულად ხვდება მათ ფლორა. მეჯლისის მხიარულება ვიოლეტას გულს არ ეკარება, ის საშინლად განიცდის შეყვარებულთან დაცილებას. ალფრედი ცდილობს ვიოლეტასთან ურთიერთობის გარკვევას, მაგრამ ამაოდ. ამიტომ, ალფრედი უკვე საბაბს ეძებს, რომ ბარონს უსიამოვნება მიაყენოს. ვიოლეტა ცდილობს გარდაუვალი დუელის ჩაშლას და ამით თავისი მიჯნურის გადარჩენას. მაგრამ ვიოლეტას ღალატში დარწმუნებული ალფრედი სტუმრების თანდასწრებით შეურაცხყოფას მიაყენებს ვიოლეტას _ ის სახეში შეაყრის ფულს, სიყვარულის გასამრჯელოს. ჟორჟი ალფრედს საყვედურობს ასეთი საქციელის გამო, მაგრამ სიმართლეს უმალავს.

IV მოქმედება

ავადმყოფობით და სულიერი ტანჯვით გატეხილი, მეგობრებისგან მიტოვებული ვიოლეტა, დღითიდღე კარგავს ძალას. ექიმი გრენვილი აიმედებს, მაგრამ ვიოლეტამ იცის, რომ სიკვდილი გარდაუვალია. ის მსახურს უბრძანებს ღარიბებს დაურიგოს ფული და მარტო დარჩენილი გადაიკითხავს ჟორჟ  ჟერმონის წერილს, რომელშიც ატყობინებს, ალფრედი მალე დაბრუნდებაო. ახლა ალფრედმა ყველაფერი იცის. მამამ უამბო, ვიოლეტას თავგანწირვის ამბავი. შემორბის აღელვებული ანინა, ის აუწყებს ალფრედის დაბრუნებას. შეყვარებულთა ბედნიერება უსასრულოა. მათი ოცნებაა სამუდამოდ დატოვონ პარიზი და დაიწყონ ახალი ცხოვრება. მაგრამ ვიოლეტას ძალა ეცლება, მხიარულებას ენაცვლება სასოწარკვეთილება, მას არ სურს სიკვდილი, რადგან ბედნიერება ასე ახლოს არის. შემოსული ჟორჟ ჟერმონი სინანულით რწმუნდება, რომ მათ დაქორწინებაზე გვიან მიცემული თანხმობა უკვე ვერ იხსნის ვიოლეტას, უკანასკნელად ეხვევა ვიოლეტა ალფრედს და მის ალერსში განუტევებს სულს.

 

 

იხილეთ დღის აფიშა სრულად

უკან დაბრუნება
 

 

დასაწყისი | მუზეუმი | აფიშა | ადმინისტრაცია | ოპერა | ბალეტი | მხარდაჭერა | კონტაქტი | მომხმარებელთა ელ. ფოსტა

© Copyright 2005-2008 Tbilisi Opera and Ballet Theatre. 0108, Rustaveli Ave. 25. Webmaster  

Created by BESIKurashvili