GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

კამილ სენ-სანსი

სამსონი და დალილა

ოპერა სამ მოქმედებად

ლიბრეტოს ავტორი ფერდინანდ ლემერი
დაფუძნებულია ძველი აღთქმის მსაჯულთა წიგნის მეთექვსმეტე თავზე

მსოფლიო პრემიერა: ვაიმარი, 1877 წლის 2 დეკემბერი
პრემიერა საქართველოში: თბილისი, 1894 წლის 8 დეკემბერი

სამსონი - გიორგი სტურუა
დალილა - ირინა ალექსიძე
დაგონის უმაღლესი ქურუმი - მამუკა ლომიძე
აბიმელექი, სატრაპი - ლევან მაკარიძე
პირველი ფილისტიმელი - თემურ აზალაძე
მეორე ფილისტიმელი - ირაკლი მუჯირი
ფილისტიმელი მაცნე - გიორგი ხოფერია
მოხუცი ებრაელი - გოჩა დათუსანი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი, საბალეტო დასი

დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი ლევან ჯაგაევი
მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი

დამდგმელი რეჟისორი ჟან ლუი გრინდა
რეჟისორის ასისტენტები ზაზა აღლაძე, ხათუნა ბედელაძე

სცენოგრაფი და კოსტიუმების დიზაინერი აგოსტინო არივაბენე
განათება ლორან კასტენი 
განათების მხატვრის ასისტენტი სტეფანო გორერი

ქორეოგრაფი ეჟენი ანდრენი

სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი მარინა ბურჭულაძე

მონტე - კარლოს ოპერის თეატრის პროდუქცია
პროდუქციის პრემიერა საქართველოში: თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, 2024 წლის 17 თებერვალი

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

*დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე მხოლოდ შემდეგი მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება
ღაზის მოედანზე ებრაელები ღმერთს შესთხოვენ ფილისტიმელების მონობიდან ხსნას. მათ წინამძღოლი სამსონი ხალხს რწმენის ნაკლებობისთვის საყვედურობს. ამის შემსწრე ფილისტიმელი სატრაპი აბიმელექი ებრაელებს და მათ ღმერთს დაცინვით და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებს. სამსონი განგმირავს მას.
ფილისტიმელების ღმერთის, დაგონის უმაღლესი ქურუმი ტაძრიდან გამოდის და სამსონის უჩვეულოდ დიდ ძალას წყევლის, მოხუცი ებრაელი კი პირიქით, განადიდებს მას.
გამოჩნდება სამსონის ყოფილი საყვარელი, ფილისტიმელი ქალი დალილა, რომელიც ებრაელთა წინამძღოლს ღამით სახლში ეპატიჟება და, თანმხლებ გოგონებთან ერთად, მაცდუნებელ სიტყვას ასრულებს. ამაოდ გაისმის მოხუცი ებრაელის პირქუში წინასწარმეტყველება, სამსონს მისი გაგონებაც არ უნდა.

მეორე მოქმედება
სორეკის ველზე დალილა თავის ღმერთებს მიმართავს, დაეხმარონ სამსონის განიარაღებასა და მასზე შურისძიებაში. ის ჰპირდება უმაღლეს ქურუმს, რომ იპოვნის ძალას სამსონის დასასუსტებლად.
სამსონი მოდის, რათა დალილას საბოლოოდ დაშორდეს, მაგრამ საბოლოოდ მისი ხიბლის წინაშე უძლური აღმოჩნდება. გამარჯვებული დალილა სთხოვს მას, სიყვარული დაუმტკიცოს მისი უჩვეულო ძალის წარმომავლობის საიდუმლოს გამხელით. სამსონი უარზეა. დალილა მას უნდობლობასა და ორგულობაში ადანაშაულებს. ზეციდან გრგვინვა გაისმის, როგორც ღმერთის მიერ სამსონის გაფრთხილება, მაგრამ სამსონი წინააღმდეგობას ვერ უწევს დალილას და შინ მიჰყვება.
ცოტა ხანში, მას მერე, რაც დალილა შეიტყობს, რომ მისი უზარმაზარი ძალის საიდუმლო მის თმებშია, იგი სახლიდან გამოდის და იქვე დამალულ ფილისტიმელებს მოუხმობს, რომლების ატყვევებენ და აბრმავებენ სამსონს.

მესამე მოქმედება
ღაზის მიწისქვეშა დილეგში დაბრმავებული და დამცირებული სამსონი წისქვილის ქვას ეწევა და ღმერთს ავედრებს თავის ხალხს, რომელიც მისი ცოდვის გამო იტანჯება.
დაგონის ტაძარში ბაკქანალია მწვერვალს აღწევს. დალილა და უმაღლესი ქურუმი ებრაელთა ყოფილ წინამძღოლს დასცინიან და უბრძანებენ, მუხლი მოიყაროს დაგონის კერპის წინაშე. ტყვე სთხოვს პატარა ბიჭს, მიიყვანოს ტაძრის ორ მთავარ სვეტთან და ღმერთს ევედრება, მცირე ხნით დაუბრუნოს ძველებური ძალა. ღმერთი შეისმენს მის ლოცვას. სამსონი მთავარ სვეტებს ანგრევს და ისიც და მისი მტრებიც ჩამოქცეული ტაძრის ნანგრევებში იღუპებიან.