GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ლუდვიგ მინკუსი

დონ კიხოტი

ბალეტი სამ მოქმედებად

მარიუს პეტიპას, ალექსანდრე გორსკისა და ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია

ალექსეი ფადეეჩევისა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა

 

დამდგმელი დირიჟორი: ზაზა კალმახელიძე

დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები: ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი

დამდგმელი მხატვარი: ვიაჩესლავ ოკუნევი

მხატვარ-ანიმატორი:   დავით სიხარულიძე

 

პრემიერა შედგა 2005 წლის 6 მაისს

ახალი რედაქციის პრემიერა:  2016 წლის 29 დეკემბერს

 

ბალეტის ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილი

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება

 

ბარსელონას ერთ-ერთ მოედანზე ხალხმრავლობა და მხიარულებაა, სადაც გამოჩნდებიან სამიკიტნოს მეპატრონის ქალიშვილი - ჩელიტა და მისი მეგობრები. ჩელიტას ახალგაზრდა დალაქი ბაზილი ეარშიყება, რაც სამიკიტნოს მეპატრონის - ლორენცოს განრისხებას იწვევს, რადგანაც მას ქალიშვილის გათხოვება ხანდაზმულ, მაგრამ მდიდარ აზნაურზე - გამაშზე სურს. იგი ჩელიტას უკრძალავს ბაზილთან შეხვედრას.

ირგვლივ საზეიმო განწყობილება სუფევს. კორიდას დამთავრების შემდეგ ტორეადორები და მოცეკვავე ქალი ლუსია ცეკვავენ. სწორედ ამ დროს მოედანზე გამოჩნდებიან ლეგენდებითა და რაინდული რომანების კითხვით თავბრუდახვეული რაინდი დონ კიხოტი და მისი ერთგული მეაბჯრე სანჩო პანსა. სამიკიტნოს პატრონი მოწიწებით ხვდება სტუმრებს და შინ შეიპატიჟებს. სანჩო პანსა მოედანზე რჩება. ახალგაზრდები მის დაცინვას ცდილობენ. დონ კიხოტი სანჩოს დასახმარებლად ბრუნდება მოედანზე.

შეყვარებული ჩელიტა, გამაშთან ქორწინების თავიდან აცილების მიზნით, ბაზილთან ერთად სახლიდან იპარება. ლორენცო, გამაში, დონ კიხოტი და სანჩო პანსა მის საძებნად მიდიან.

 

 

მეორე მოქმედება

პირველი სურათი

ქარის წისქვილთან ბოშათა ბანაკია გაშლილი. გამოჩნდებიან დონ კიხოტი, სანჩო პანსა, ლორენცო და გამაში. სტუმრების პატიცბოშები ცეკვავენ. ბოშათა ბარონი მათ თოჯინების თეატრის წარმოდგენის სანახავად ეპატიჟება. დონ კიხოტი აღელვებული ადევნებს თვალყურს სპექტაკლს და ავიწყდება, რომ ეს თეატრია. იგი ამტვრევს სცენას, მიმოფანტავს თოჯინებს, წისქვილს ბოროტ ჯადოქრად აღიქვამს, იწყებს მასთან ბრძოლას და წისქვილის ფრთას წამოგებული ძირს ენარცხება.

 

მეორე სურათი

სანჩო პანსა, ლორენცო და გამაში დაჭრილ დონ კიხოტს ტყის პირას ტოვებენ, თვითონ კი  დაჭრილისთვის დახმარების აღმოსაჩენად აქეთ-იქეთ გარბიან. ქანცგამოცლილ რაინდს ჩაეძინება და ესიზმრება მისი ოცნების ქალიშვილი - მშვენიერი დულსინეა, რომელიც ტყის ნიმფებითა და ფერიებით არის გარშემორტყმული.

დაბრუნებულ სანჩო პანსას, ლორენცოსა და გამაშს დონ კიხოტი მომჯობინებული ხვდება. ისინი ერთად განაგრძობენ გაქცეული შეყვარებულების ძებნას.

 

მესამე სურათი

მოედნიდან გაქცევის შემდეგ ჩელიტა და ბაზილი თავს ტავერნას აფარებენ, სადაც მათ პატივსაცემად ცეკვავენ მერსედესი და ესპადა. მოდიან ლორენცო, გამაში, დონ კიხოტი და სანჩო პანსა. მეგობრები ჩელიტას მალავენ, მაგრამ გამაში შეამჩნევს მას. ლორენცო მოითხოვს თავისი ქალიშვილისა და გამაშის დაქორწინებას. ბაზილი, ჩელიტასთან შეთანხმებით, თვითმკვლელობის სცენას გაითამაშებს. ჩელიტა დასტირის შეყვარებულს. ჩაგრულების დამცველი რაინდი - დონ კიხოტი ადანაშაულებს ლორენცოს სისასტიკეში, ემუქრება იარაღით და აიძულებს მას, დალოცოს ჩელიტა და ბაზილი. ჩელიტას მამა წინააღმდეგობას ვერ ბედავს და ლოცავს შეყვარებულებს. გამაშის გარდა ყველა ბედნიერია.

 

 

მესამე მოქმედება

მოედანზე ჩელიტასა და ბაზილის ქორწილისთვის ემზადებიან. ლორენცო, მისი მეუღლე და პატარა მზარეულები სტუმრებს ხვდებიან. დაპატიჟებულია გულნატკენი გამაშიც. დონ კიხოტს და სანჩო პანსას სთხოვენ დაიკავონ საპატიო ადგილები. ზეიმი გრძელდება. სტუმრებისათვის საქორწილო ცეკვას ჩელიტა და ბაზილი ასრულებენ. დონ კიხოტი ემშვიდობება სტუმართმოყვარე მასპინძლებს და კვლავ ახალი თავგადასავლების საძიებლად მიეშურება.