GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ჟორჟ ბიზე

კარმენი

ოპერა სამ აქტად

ლიბრეტოს ავტორები: ანრი მელიაკი და ლუდოვიკ ჰალევი
პროსპერ მერიმეს ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით.

პრემიერა: პარიზის თეატრი Opéra-Comique, 1875 წლის 3 მარტი
პრემიერა საქართველოში: თბილისის ოპერის („საზაფხულო“) თეატრი, 1885 წლის 15 ოქტომბერი.

კარმენი, ბოშა - თეა დემურიშვილი
დონ ჟოზე, დრაგუნების კაპრალი - ოთარ ჯორჯიკია
ესკამილიო, ტორეადორი - ოთარ კუნჭულია
მიკაელა, სოფლელი გოგონა -  თინათინ მამულაშვილი
დანკაირო, კონტრაბანდისტი - ირაკლი მუჯირი
რემენდადო, კონტრაბანდისტი - თამაზ საგინაძე
ფრასკიტა, კარმენის მეგობარი, ბოშა - მარიანა ბერიძე
მერსედესი, კარმენის მეგობარი, ბოშა - ალბანე კარერე
ლეიტენანტი ზუნიგა - გიორგი ჭელიძე
ოფიცერი მორალესი - ლაშა სესიტაშვილი

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი და საბალეტო დასი

დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი ალვიზე კაზელატი (იტალია)

მთავარი ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი

დამდგმელი რეჟისორი ლევან წულაძე
დამდგმელი მხატვარი ირაკლი ავალიანი
კოსტიუმების მხატვარი პოლინა რუდჩიკი

სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი მარინა ბურჭულაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება

მოედანი სევილიაში

სიგარეტის ფაბრიკის წინ მორიგე ჯარისკაცები გამვლელ-გამომვლელს ათვალიერებენ და ყარაულის შეცვლას ელიან. სოფლელი გოგონა, მიკაელა, მათ შორის თავის საქმროს, დონ ჟოზეს ეძებს, მაგრამ მორალესისგან იგებს, რომ ის სხვა რაზმშია და ჯერ არ მოსულა. მიკაელა მიდის. შემცვლელი რაზმი მოდის. მათ შორის არიან კაპრალი ჟოზე და ლეიტენანტი ზუნიგა.

ფაბრიკის ზარი რეკავს. მოედანზე მყოფნი გარეთ გამოსული მუშა გოგონების სანახავად წინ მიიწევენ. ყველას უნდა, თვალი მოჰკრას კარმენს, მაცდუნებელ ბოშა ქალს. ისიც შემოდის და ჰაბანერას მღერის სიყვარულის მოუხელთებელ ბუნებაზე. ჯარისკაცთაგან მხოლოდ ერთი, ჟოზე არ აქცევს კარმენს ყურადღებას. ისიც გამომწვევად ესვრის მას ყვავილს და გადის. დაბრუნებული მიკაელას დანახვაზე ჟოზე ყვავილს მალავს. მიკაელას შორს მცხოვრები დედისგან წერილი მოაქვს თავის საქმროსთვის. წერილი ჟოზეს ცოტა ხნით გადაავიწყებს კარმენს, მაგრამ მოულოდნელად ფაბრიკიდან საშინელი ყვირილი ისმის. ირკვევა, რომ მუშა ქალები წაკინკლავდნენ და კარმენი ერთ-ერთ მათგანს დანით თავს დაესხა. კარმენს ბრალს დასდებენ და ციხეში წასაყვანად ჟოზეს გადასცემენ. იქამდე კი ზუნიგა მოკლედ დაკითხავს ქალს, რომელიც პასუხების გაცემის ნაცვლად თავისთვის ანცად ღიღინებს.

მოგვიანებით, ციხეში ჟოზესთან მარტო დარჩენილი კარმენი მას სეგიდილიას უმღერის და გონებას უმღვრევს, გათავისუფლების სანაცვლოდ ლილას პასტიას ტავერნაში სასიყვარულო პაემანს ჰპირდება, აცდუნებს და გარბის. ზუნიგა კარმენის დასაპატიმრებლად ბრუნდება და ჟოზეს მოვალეობის შეუსრულებლობის გამო აპატიმრებს.

 

მეორე მოქმედება

 ­ლილას პასტიას ტავერნა

კარმენი და მისი მეგობრები, ფრასკიტა და მერსედესი, ცეკვავენ და მღერიან. ტავერნაში თავმოყრილ საეჭვო ხალხს შორისაა ლეიტენანტი ზუნიგა, რომელიც ბოშა ქალს ეარშიყება. კარმენი მისგან იგებს, რომ ჟოზე მისი დახმარებისთვის დააპატიმრეს.

 ჩირაღდნებიანი პროცესია ცნობილი ტორეროს, ესკამილიოს გამოჩენას იუწყება. ზუნიგა მას ტავერნაში ეპატიჟება. ისიც შემოდის და ხალხს თავისი ცნობილი კუპლეტებით წარუდგება. შემდეგ კარმენს ამჩნევს, მაგრამ ქალი მას ყურადღებას არ აქცევს.

 უკვე გვიანია. ლილას პასტია თავშეყრილ ბრბოს და ჯარისკაცებს გარეთ ისტუმრებს. ზუნიგა მიდის და დაიბარებს, რომ მობრუნდება.

 ყველანი გადიან. რჩებიან მხოლოდ გოგონები და ლილას პასტია. ტავერნას მეპატრონე მათ აცნობებს, რომ კონტრაბანდისტები, დანკაირი და რემენდადო დაგეგმილ ძარცვაში დახმარებას სთხოვენ. ფრასკიტა და მერსედესი თანხმდებიან, მაგრამ კარმენი უარზეა, მას სურს ჟოზეს დაელოდოს.

და აი, ისიც მოდის. შეყვარებულები მარტო რჩებიან. კარმენი ჟოზეს უმღერის და კასტანიეტების თანხლებით მისთვის ცეკვავს. შორიდან ბუკის ხმა მოდის. რიგითად ჩამოქვეითებული ჟოზე ვალდებულია ბარაკებში დაბრუნდეს. კარმენი ცეკვას განაგრძობს, მაგრამ როცა სიგნალი კვლავ გაისმის, ჯარისკაცი წასასვლელად ემზადება. ქალი დასცინის  და საყვედურობს, რომ აღარ უყვარს. საპასუხოდ, ჟოზე უჩვენებს ყვავილს, რომელიც ოდესღაც კარმენმა ესროლა. მაგრამ ბოშა, რომელიც ეჭვებისგან ჯერაც ვერ გათავისუფლებულა, სთავაზობს ჯარისკაცს, დატოვოს სამსახური და მთებში გაჰყვეს. მოულოდნელად ზუნიგა ბრუნდება. ორი ჯარისკაცი ჩხუბს იწყებს. მათ კონტრაბანდისტები აშველებენ. ამიერიდან დონ ჟოზე თავის რაზმს ვეღარ დაუბრუნდება. მას ისღა დარჩენია, დამნაშავეების ბანდას შეუერთდეს.

 

მესამე მოქმედება

ველური და უკაცრიელი ადგილი მთებში

ღამეა. კარმენი, ჟოზე და კონტრაბანდისტები შემოდიან, თან ნაძარცვი მოაქვთ. ჟოზე ნანობს თავის არჩევანს. კარმენი, რომელსაც უკვე მობეზრდა იგი, დაცინვით ეუბნება, რომ უმჯობესია დედას დაუბრუნდეს. ფრასკიტა და მერსედესი ბანქოთი მკითხაობენ. კარმენი მათ უერთდება, მაგრამ ყოველ ჯერზე ბანქო მასაც და ჟოზესაც სიკვდილს უწინასწარმეტყველებს. კონტრაბანდისტები და ქალები კვლავ საყაჩაღოდ მიდიან. ჟოზე სადარაჯოდ რჩება.

მეგზურთან ერთად ბოშების საძებნელად მიკაელა მოდის. მას გადაუწყვეტია, ჟოზე  კარმენისგან იხსნას, მაგრამ გასროლის გაგონებისთანავე შეშინებული იმალება. შემოდის ესკამილიო. მას კარმენის ნახვა სურს. ჟოზე მას საჩხუბრად იწვევს და მამაკაცები დანებით იბრძვიან, მაგრამ საიდანღაც კარმენი გაჩნდება და კონტრაბანტისტებთან ერთად მათ გაშველებას იწყებს.  წასვლისას ესკამილიო ყველას მომავალ კორიდაზე ეპატიჟება.

კონტრაბანდისტები წასვლას აპირებენ, როცა რემენდადო მიკაელას სამალავს მიაგნებს. გოგონა ჟოზეს აცნობებს, რომ დედამისი მძიმედაა ავად. ჟოზე მიკაელას მიჰყვება და კარმენის დაცინვის მიუხედავად, ფიცით აფრთხილებს ქალს, რომ ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

 

მოედანი სევილიაში. უკანა ფონზე უძველესი არენის კედლები

მომდევნო თვე. მოედანი იმ არენის წინ, სადაც კორიდა იმართება, ხალხითაა სავსე. მაყურებელი ესალმება ესკამილიოს, რომელიც კარმენის ახალი შეყვარებულია. ფრასკიტა და მერსედესი აფრთხილებენ მეგობარს, რომ ბრბოში დონ ჟოზე დაინახეს. ხალხი ბრძოლის სანახავად მიიჩქარის და მოედანს ტოვებს. იქ მხოლოდ კარმენი რჩება. ჟოზე ევედრება ქალს, კვლავ მას დაუბრუნდეს. კარმენი უარობს, ზიზღით მოისვრის მის ნაჩუქარ ბეჭედს და არენაზე შესვლას ცდილობს. იქიდან ტორეროს გამარჯვების აღმნიშვნელი შეძახილები ისმის. მაშინ ჟოზე კარმენს ხანჯლით სასიკვდილო დარტყმას აყენებს. გამოდის ხალხით გარშემორტყმული ესკამილიო და ჟოზე სასოწარკვეთით აღიარებს, რომ მოკლა ქალი, რომელიც უყვარდა.