GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ზაქარია ფალიაშვილი

დაისი

ოპერა სამ მოქმედებად
ლიბრეტოს ავტორი: ვალერიან გუნია 

პრემიერა შედგა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 1923 წლის 19 დეკემბერს

მალხაზი - ალექსანდრე თიბელიშვილი
კიაზო - მამუკა ლომიძე
მარო - მარიანა ბერიძე
ნანო - ირინა შერაზადიშვილი
ტიტო - ფილიპე ღაჭავა
ცანგალა - ლევან მაკარიძე

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი
ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“


დამდგმელი დირიჟორი რევაზ ტაკიძე
ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი

დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე
სცენოგრაფი, კოსტიუმებისა და განათების მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი
ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი
ვიდეოპროექცია დავით მაჭავარიანი

სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი მარინა ბურჭულაძე

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება

ხატობის საღამო. მეგობრები, მარო და ნანო მოახლოებული დღესასწაულისთვის ემზადებიან. მარო დასევდიანებულია, დიდი ხანია მისი სატრფოს, მალხაზისგან არაფერი ისმის, ამასობაში კი, მისი ნება-სურვილის გარეშე, ასისთავ კიაზოზე დანიშნეს. ნანო მეგობრის გამხნევებას ცდილობს. მალხაზი ბრუნდება, შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებიან და მალხაზი მაროსგან მისი დანიშვნის ამბავს იგებს. დღესასწაული იწყება. ნანო ურჩევს მათ, თავიანთი მღელვარება და გრძნობები არავის შეამჩნევინონ. ღამისთევა იწყება. ნანოსა და ტიტოს გაშაირებას ცანგალასა და ტიტოს შაირები მოსდევს, რომელშიც ტიტო იმარჯვებს. ცანგალა ჩხუბს წამოიწყებს. ხალხი მხარს ტიტოს უჭერს ისევე, როგორც ახალმოსული მალხაზი. მისი გამოჩენით გამოწვეულ უხერხულობას ნანო განმუხტავს და ფერხულს გააბამს. გაჯავრებული ცანგალა ხვდება, რომ ეს ცეკვა ნანომ მაროსა და მალხაზის დასაახლოებლად წამოიწყო და შურისძიებით იმუქრება. ხალხი ტაძრისკენ მიემართება. სასოწარკვეთილი მალხაზი გადაწყვეტს სატრფო არავის დაუთმოს, თუნდაც ამისთვის ბრძოლა გახდეს საჭირო.

 

მეორე მოქმედება

ხატობა გრძელდება. ცანგალამ მუქარა აასრულა და კიაზო დაარწმუნა, რომ მის დანიშნულს, მაროს, კვლავინდებურად მალხაზი უყვარს. თავზარდაცემული კიაზო თავისი რისხვის ხალხისგან დამალვას სუფრული სიმღერით ცდილობს. მარტო დარჩენილი მარო, რომელმაც არაფერი იცის, ოცნებას მისცემია, მაგრამ, მოახლოებულ უბედურებასაც გრძნობს. მალხაზი მას კვლავ თავის გრძნობებზე ესაუბრება, მაგრამ, მარო დარწმუნებულია, რომ მათი ბედნიერება შეუძლებელია. მათ დუეტს კიაზოს მოახლოებით შეშფოთებული ნანო წყვეტს. კიაზო ხალხში მალხაზს დაეძებს. ისიც მზადაა ორთაბრძოლისათვის, მაგრამ, მოულოდნელად ცნობილი ხდება, რომ ქვეყანას მტერი შემოესია.

კიაზო ხალხს სამშობლოს დაცვისაკენ მოუწოდებს.

 

 

მესამე მოქმედება

ტაძრის გალავანთან კიაზოს შეშინებული მარო გამოჰყავს და ორგულობაში ადანაშაულებს. მარო გამოტყდება, რომ ის არასოდეს ჰყვარებია და განრისხებულ კიაზოს ნიშნობის ბეჭედს უკან ესვრის. მალხაზი ცდილობს, კიაზოს შეახსენოს სამშობლოს წინაშე მისი ვალდებულება, მაგრამ შურისძიების სურვილი პატრიოტიზმზე ძლიერი აღმოჩნდება და მეტოქეები ორთაბრძოლაში ებმებიან. შედეგად, კიაზო მალხაზს სასიკვდილოდ დაჭრის. სხვადასხვა მხრიდან ხალხი შემორბის. კიაზო ხვდება, რომ მან, ასეთი ძნელბედობისას, უდიდესი დანაშაული ჩაიდინა და პირობას დებს, რომ თავის ცოდვას საკუთარი სისხლით გამოისყიდის. მალხაზი კვდება. მარო დასტირის შეყვარებულს. ხალხი თანაუგრძნობს მას.

დღესასწაული დამთავრდა. მეომრები სამშობლოს დასაცავად მიემართებიან. დგება განთიადი.