GE
ყველა ღონისძიება
ოპერა
ბალეტი

ჯუზეპე ვერდი

ბედის ძალა

ოპერა ორ მოქმედებად

ლიბრეტო: ფრანჩესკო მარია პიავე
დაფუძნებულია ანხელ საავედრას ესპანურ დრამაზე „დონ ალვარო, ანუ ბედის ძალა“


მსოფლიო პრემიერა: სანკტ-პეტერბურგის „ბოლშოი კამენნი“ ოპერის თეატრი, 1862 წლის 10 ნოემბერი.
პირველი შესრულება საქართველოში: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი (საზაფხულო თეატრი), 1877-1878 წლების თეატრალური სეზონი

მარკიზი კალატრავა - გიორგი გოდერძიშვილი
დონა ლეონორა, მარკიზის ქალიშვილი - ირინა თაბორიძე
დონ კარლო დი ვარგასი, მარკიზის ვაჟი - მამუკა ლომიძე
დონ ალვარო - ალექსანდრე თიბელიშვილი
კურა, ლეონორას მოახლე - მანანა იორდანიშვილი
პრეციოზილა, ახალგაზრდა ბოშა ქალი - თეა დემურიშვილი
ალკალდი / ქირურგი - ცოტნე მოწონელიძე
ტრაბუკო, მეწვრილმანე ვაჭარი - თამაზ საგინაძე
პადრე გუარდიანო ფრანცისკანელი ბერი - ლეგი იმედაშვილი
მელიტონე, ფრანცისკანელი ბერი - ირაკლი მუჯირი
 

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი 

 

დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
დირიჟორი ლევან ჯაგაევი
ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი

დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი, კოსტუმების მხატვარი სტეფანო პოდა
განათების მხატვარი სტეფანო გორერი

სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი მარინა ბურჭულაძე

Teatro Regio di Parma-ს პროდუქცია

სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე

შინაარსი

ვრცლად

პირველი მოქმედება

მარკიზ კალატრავას სასახლე, სევილია

კალატრავას მარკიზის ქალიშვილს დონა ლეონორას უყვარს დონ ალვარო, რომელსაც, კეთილშობილური წარმომავლობის მიუხედავად, სევილიაში ამრეზით უცქერენ მისი სამხრეთამერიკული, ინკური ფესვების გამო. ღამით, წყვილი ჩუმად აპირებს დაქორწინებას. მათ ლეონორას ერთგული მოახლე, კურა ეხმარება.

მაგრამ, გადამწყვეტ მომენტში, მარკიზის ქალიშვილს მამასთან განშორება უჭირს და სთხოვს ალვაროს, მასთან კიდევ ერთი დღის გატარების შესაძლებლობა მისცეს. ეჭვებით სავსე ალვარო ლეონორას მათი დადებული პირობისგან ათავისუფლებს, რადგან მიაჩნია, რომ ქალს ის არ უყვარს ისე ძლიერად, როგორც მას. საპირისპიროს დასამტკიცებლად, ლეონორა საბოლოოდ გადაწყეტს მასთან ერთად გაქცევას, მაგრამ წყვილს მარკიზი წაადგება თავს და ალვაროს ყველაზე უარეს ზრახვებში დარწმუნებული, იარაღს იშიშვლებს და ბრძოლაში გამოიწვევს მას. საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, ალვარო ბრძოლაზე უარს ამბობს, მაგრამ, როცა პისტოლეტს დანებების ნიშნად დაუშვებს, იარაღი მოულოდნელად გაისვრის და სასიკვდილოდ დაჭრის მარკიზს. მომაკვდავი მამა საშინელი წყევლით დაწყევლის ქალიშვილს. შეძრწუნებული წყვილი სასწრაფოდ იქაურობას შორდება.

 

 ტრაქტირი ორნახუელოსში

მარკიზ კალატრავას სიკვდილიდან ერთი წელი გავიდა. ალვარო და ლეონორა გაქცევისას ასცდნენ და მას შემდეგ ერთმანეთი ვეღარ უპოვიათ.

ორნახუელოსის ტრაქტირი სტუმრებითაა სავსე. მათ უერთდება დონ კარლოს დე ვარგასი, ლეონორას ძმა, რომელიც საკუთარ დას და მამის მკვლელს შურის საძიებლად დაეძებს. გარშემომყოფთ იგი სალამანკელ სტუდენტად, პერედად გაეცნობა და უამრავ კითხვას სვამს.

ტრაქტირში ხტუნვა-ხტუნვით შემოდის ბოშა გოგონა, პრეციოზილა, რომელიც გარშემომყოფთ იტალიის გასათავისუფლებლად ჯარში ჩაწერისაკენ მოუწოდებს, შემდეგ - დონ კარლოს ხელზე უმკითხავებს და სიკვდილს უწინასწარმეტყველებს.

მამაკაცად გადაცმული ლეონორა, რომელიც ფრანცისკანელების მონასტერში აპირებს თავის შეფასებას, ოსტატი ტრაბუკოს თანხლებით ტრაქტირში შემთხვევით ხვდება, ძმას იცნობს, მის განზრახვას ხვდება და შეშინებული იმალება. კარლო ტრაბუკოს თანმხლების შესახებ გამოკითხვას დაუწყებს, მაგრამ, გარშემომყოფთ არაფრად ეპიტნავებათ ამდენი კითხვები და თავის მხრივ მოსთხოვენ, მისი ნამდვილი სახელი და მოგზაურობის მიზანი გაამხილოს. დონ კარლო განაგრძობს მტკიცებას, რომ სტუდენტი პერედაა და მეგობრის თხოვნით, ამავე მეგობრის დისა და მისი შემცდენელის კვალს ადგას, რომელიც, თითქოსდა, სამხრეთ ამერიკაში დაბრუნდა. პრეციოზილა დასცინის კარლოს და უცხადებს, რომ ერთი სიტყვისაც არ სჯერა. ლეონორა დაასკვნის, რომ ალვარო ცოცხალია, მაგრამ უღალატა და მიატოვა იგი, ამიტომ, ჩუმად იპარება ტრაქტირიდან და მონასტრისკენ მარტო მიიჩქარის.

 

ფრანცისკანელების მონასტრის შემოგარენი

ანგელოზების ღვთისმშობლის მონასტერთან მოსული ლეონორა თავშესაფრის და განმარტოების მოსაპოვებლად კარიბჭეზე აკაკუნებს. ბერი მელიტონე მას ეჭვით შეხედავს, მაგრამ აბატი გუადანინო, ლეონორა ნამდვილი სახელისა და თავგადასავლის მოსმენის შემდეგ, საიდუმლო გამოქვაბულში განდეგილად თავის შეფასების შესაძლებლობას მისცემს. აქვეა ზარი, რომელიც ლეონორამ მხოლოდ მაშინ უნდა დარეკოს, როცა დიდი საფრთხე დაემუქრება, ან სიკვდილის პირას იქნება.

 

მეორე მოქმედება

იტალია. სამხედრო ბანაკი ველეტრის მახლობლად.  ტყე. ბნელი ღამე

დონ ალვარო, რომელსაც ჰგონია, რომ იმ საბედისწერო ღამეს ლეონორაც მოკვდა, ესპანელ გრენადერებს დონ ფედერიკო ჰერეროსის სახელით  შეუერთდა და კაპიტანი გახდა. ღამით, ტყეში ის უცნობს თავდამსხმელთაგან გადაარჩენს. ეს დონ კარლოა, რომელიც გრენადერების იგივე პოლკში დონ ფელიჩე ბორნოსის სახელით ეწერება. ისინი დამეგობრდებიან და მხარდამხარ ომობენ ველეტრის ისტორიულ ბრძოლაში.

 

ოფიცრების საცხოვრებელი

მძიმედ დაჭრილი დონ კარლო ოფიცრებს ქირურგთან შემოჰყავთ. ალვაროს ჰგონია, რომ კვდება, ამიტომ, ის დონ ფელიჩეს (კარლოს) საიდუმლო სამალავის გასაღებს აძლევს შესანახად. მასში წერილებია, რომელიც სამუდამოდ საიდუმლოდ უნდა დარჩეს. მეგობარი არწმუნებს დაჭრილს, რომ აუცილებლად გადარჩება და კალატრავას ორდენს მიიღებს ჯილდოდ. კალატრავას ხსენებაზე დონ ალვარო შეკრთება და შესძახებს „არა!“ რაც მის დონ ფელიჩეს/კარლოს ეჭვებს აღუძრავს და გადაწყვეტს, საბოლოოდ, მაინც წაიკითხოს საიდუმლო წერილები. სანამ „დონ ფედერიკო“ ქირურგის საოპერაციოშია, ის ყუთს აღებს,  ლეონორას პორტრეტს პოულობს და ხვდება, სინამდვილეში ვინ არის მისი მეგობარი. ოპერაცია წარმატებით დასრულდება. გახარებული კარლო იმედოვნებს, რომ ერთნაირად იძიებს შურს როგორც მოღალატე დაზე, ისე მის შემცდენელსა და მამამისის მკვლელზე.

 

ბანაკი ბრძოლის ველის მახლობლად

დონ ალვაროს გამოჯანმრთელებისთანავე დონ ფელიჩე თავის რეალურ ვინაობას გაამხელს და ყოფილი მეგობრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. მებრძოლებს ჯარისკაცები აშველებენ. დამწუხრებული დონ ალვარო პირობას დებს, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებას მოშორდება და მონასტერში შევა.

ჯარისკაცები იკრიბებიან. ტრაბუკო ცდილობს, მათ თავისი საქონელი მიჰყიდოს. ბერი მელიტონე უღმერთო გამონათქვამების გამო ტუქსავს, ხოლო პრეციოზილა მათი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ცდილობს.

 

მონასტერში

მონასტერი დამშეული გლეხების ჯგუფებს საკვებით უმასპინძლდება. წინამძღვარი საყვედურობს ძმა მელიტონეს, რომ ის სათანადოდ თავაზიანად და გულუხვად არ ეპყრობა მათ და ბერი რაფაელესავით მოწყალე არ არის. კარზე კაკუნია. ეს კარლო დე ვარგასია, ის ბერ რაფაელეს კითხულობს, რომლის სახელითაც მონასტერში დონ ალვარო ცხოვრობს.

ალვარო ცდილობს, მშვიდი სიტყვებით დააშოშმინოს კარლოს მრისხანება, მაგრამ როცა კარლო მის ინკურ წარმომავლობას დამამცირებლად მოიხსენიებს, გაცოფებული მიჰყვება საბრძოლველად.

 

მიტოვებული ადგილი ლეონორას სავანის მახლობლად

ლეონორა იგონებს ალვაროს სიყვარულს და მშვიდი აღსასრულისთვის ლოცულობს. მახლობლად ხმლების ჩახაჩუხი ისმის. შეშინებული ლეონორა ზარს რეკავს. მის კარებზე ალვარო აბრახუნებს და მომაკვდავი კარლოსთვის სასულიერო პირისგან უკანასკნელი რიტუალების აღსრულებას ითხოვს. კარის გაღებისთანავე, ის და ლეონორა ერთმანეთს იცნობენ და ალვარო ყველაფერს უამბობს ქალს.

ლეონორას სურს, უკანასკნელად მოეხვიოს მომაკვდავ ძმას, მისკენ მიიჩქარის და როცა დაიხრება, შურისმაძიებლის ხანჯალი სასიკვდილოდ დაჭრის გულში. ლეონორას ზარის ხმაზე გამოსული წინამძღვარი ალვაროს უბრძანებს, შეწყვიტოს ეს საშინელი მტრობა და თავი ღვთის წინაშე დაიმდაბლოს. ალვარო ინანიებს. ლეონორა ბედნიერი კვდება.