ბალეტი ორ მოქმედებად
ვლადიმერ ბეგიჩევისა და ვასილ ჰელცერის ლიბრეტო,
მარიუს პეტიპას და ლევ ივანოვის ქორეოგრაფია
ალექსეი ფადეეჩევის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
მსოფლიო პრემიერა შედგა 1895 წლის 15 იანვარს, მოსკოვში
ახალი რედაქციის პრემიერა თბილისში - 2016 წლის 11 მარტს
დამდგმელი დირიჟორი:დავით მუქერია
დამდგმელი მხატვარი: ვიაჩესლავ ოკუნევი
განათების მხატვარი:სტინ ბიარკე
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები:
ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი
დირიჟორი - პაპუნა ღვაბერიძე
ბალეტის ხელმძღვანელი
ნინო ანანიაშვილი
პირველი მოქმედება
პირველი სურათი
ბაღი სასახლის წინ
სასახლის კარზე პრინცი ზიგფრიდის სრულწლოვანების საზეიმოდ აღსანიშნავად ემზადებიან. ბენო აცხადებს პრინცის მოსვლის შესახებ, რომლის პატივსაცემადაც ყველანი ცეკვავენ. შემორბიან მოსამსახურეები, რომლებიც დედოფლის მობრძანების შესახებ იუწყებიან. ზიგფრიდი პატივისცემით ესალმება მას, დედოფალი კი შვილს არბალეტს ჩუქნის და ახსენებს, რომ მეორე დღეს, მეჯლისზე, საცოლე უნდა შეარჩიოს. დედოფალი მიდის, ზეიმი კი გრძელდება. მოსაღამოვდა. ცას გედების გუნდი გადაუფრენს. პრინცი თანატოლებს მოუწოდებს ზეიმი ნადირობით დაასრულონ.
მეორე სურათი
ტბა ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებთან
აქ როტბარტი – ბოროტი ჯადოქარი მეფობს. გამოჩნდება გედების გუნდი, ისინი ტბაზე სხდებიან და ნაპირისკენ მოცურავენ. მიწასთან შეხების დროს გედები ახალგაზრდა ქალიშვილებად იქცევიან. შემორბიან ზიგფრიდი და ბენო მონადირეებთან ერთად. პრინცი ბენოს და თანმხლებ პირებს წინ გაგზავნის, თავად კი მარტო რჩება. მოულოდნელად გამოჩნდება გედების დედოფალი ოდეტა, რომელიც პრინცს სთხოვს დაინდოს და არ მოკლას ისინი. ოდეტას სილამაზით დატყვევებული ზიგფრიდი თხოვნას უსრულებს და არბალეტს გვერდზე გადადებს. ოდეტა თავის სევდიან ამბავს უყვება პრინცს: ის ბოროტი ჯადოქრის, როტბარტის მიერაა მოჯადოებული და იძულებულია დღისით გედის სახე მიიღოს, მხოლოდ ღამით შეუძლია, ამ ნანგრევებში, გადაიქცეს ქალიშვილად. მისი ეს მდგომარეობა მანამ გაგრძელდება, სანამ არ გამოჩნდება ის, ვინც ოდეტას შეიყვარებს და შეფიცავს სამუდამო სიყვარულს. ზიგფრიდი, რომელიც მონუსხული უსმენს ოდეტას, მზადაა თავი გასწიროს მისთვის.
მეორე მოქმედება
მესამე სურათი
მეჯლისი სასახლეში
დედოფალი ესალმება სტუმრებს. შემოდის ზიგფრიდი. მეჯლისზე დამსწრე ვერც ერთი ქალიშვილი პრინცის ყურადღებას ვერ იპყრობს. საყვირები სასახლეში კვლავ იუწყებიან სტუმრების მოსვლას. შემოდის როტბარტი ქალიშვილთან, ოდილიასთან ერთად. ზიგფრიდი გაოგნებულია ოდეტასა და ოდილიას მსგავსებით და აღტაცებული ესალმება მას. ოდილიას სილამაზით მონუსხული პრინცი სამუდამო სიყვარულის ფიცს აძლევს მას. ამ მომენტში ზიგფრიდი სასახლის ფანჯარაში ოდეტას დაინახავს და ხვდება, რომ ტყუილის მსხვერპლია, მაგრამ უკვე გვიანია – ფიცი წარმოთქმულია. როტბარტი და ოდილია სასახლიდან ქრებიან. სასოწარკვეთილი პრინცი კი ტბისკენ მიიჩქარის.
მეოთხე სურათი
ისევ ღამე ტბასთან
შეშინებული მეგობრები ელოდებიან ოდეტას, რომელიც სასახლიდან ბრუნდება და უიმედო მდგომარეობაში მყოფი ყვება ზიგფრიდის ღალატის ამბავს. მეგობრები ამშვიდებენ მას. ტბასთან ოდეტასთან შესახვედრად მოდის ზიგფრიდი, რომელიც ამ უნებლიე ღალატის პატიებას ითხოვს – ოდილიაში მან ოდეტას სახე დაინახადა მხოლოდ ამის გამო წარმოთქვა საბედისწერო ფიცი. გამოჩნდება როტბარტი. ის ხვდება, რომ ოდეტასა და ზიგფრიდის გულწრფელი სიყვარული მის აღსასრულს მოასწავებს და ბოლო წუთამდე იბრძვის, მაგრამ მარცხდება. გედები მიფრინავენ, ოდეტა კი ულამაზეს გოგონად რჩება. სიყვარული იმარჯვებს ბოროტებაზე.