2022 გასტროლი ტურინში
იტალიის ქალაქ ტურინის ისტორიულ თეატრში TEATRO REGIO TORINO, 2022 წლის დეკემბერში თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის გასტროლი გაიმართა. პროგრამაში თანამედროვე ბალეტი/სასცენო კანტატა „კარმინა ბურანა“ (ქორეოგრაფი ილია ჟივოი) და ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო პროექტში „კარმინა ბურანა“, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან ერთად, მონაწილეობდა ტურინის ოპერის ორკესტრი და გუნდი.
ტურინის თეატრის ორკესტრს თბილისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი დირიჟორობდა. „კარმინა ბურანას“ შემდეგ საბალეტო დასი ტურინის ოპერის თეატრის სცენაზე ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ 12 სპექტაკლი ანშლაგებით გამართა. სპექტაკლებს პაპუნა ღვაბერიძე დირიჟორობდა.
„სცენაზე, ილია ჟივოი გამჭრიახობით ანაცვლებს ერთმანეთს მომღერლებს, მოცეკვავეებს, მოზრდილთა და ბავშვთა გუნდებს. ის ახერხებს საკმაოდ ნაზი ეფექტების მიღწევას ხელების მოძრაობაში, წითელ კოსტიუმებში გამოწყობილი ბალერინების მსვლელობაში, რომლებიც მშვენიერი და ამაღელვებელი გაზაფხულის მაუწყებლები არიან.
ილია ჟივოის ქორეოგრაფიული მოზაიკის ყოველი პატარა დეტალი, მოცეკვავეების ყოველი მარტივი, ელეგანტური და ლამაზი მოძრაობა, ყოველი სარისკო და თამამი ქორეოგრაფიული ვარიაცია ქმნის „კარმინა ბურანას“ შესანიშნავ ფრესკას, რომელიც მაყურებელს ღრმა მღელვარებაში აგდებს“.
მიშელ ოდინი. „კარმინა ბურანა“. Danser. European. Dance News. N401. Janvier 2023
2023 გასტროლი აშშ
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის გასტროლი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2023წლის 12 აპრილიდან 2 მაისამდე მიმდინარეობდა.
საგასტროლო სპექტაკლები ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრში გაიმართა - ნიუ-იორკში (Lehman Centre sor the Performing Arts), ვაშინგტონში (George Mason University’s Center for the Arts, ფერფაქსი, ვირჯინია), ნიუ-ორლეანში (Mahalia Jackson Theater), მინეაპოლისსა (Northrop at the University of Minnesota) და დეტროიტში (Detroit Opera) გაიმართება.
საბალეტო დასმა წარმოადგინა ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები - „სერენადა“, „მოცარტიანა“ და „კონჩერტო ბაროკო“. პროგრამაში წარმოდგენილი იყო იური პოსოხოვის ერთმოქმედებიანი ბალეტი „საგალობელი“.
„საბალეტო დასი, რომელიც დაფუძნებულია თბილისში, იქ სადაც ანანიაშვილი დაიბადა, წარმოადგენს ჯორჯ ბალანჩინის ორ შედევრს - „სერენადა" და „კონჩერტო ბაროკო“, და უკრაინელი წარმოშობის იური პოსოხოვის „საგალობელს“, რომელიც საქართველოს ეძღვნება. მაყურებელს ექნება იშვიათი შანსი საკუთარი თვალით იხილოს როგორ გარდაქმნა ანანიაშვილმა საბალეტო დასი მას მერე რაც სათავეში ჩაუდგა 2004 წელს. მოცეკვავეებს რაც შეეხება - „ისინი მე გავზარდე!“ - ამბობს ანანიაშვილი, „ეს ჩემი თაობაა. ყველა უკლებლივ ჩემი თაობაა, რადგან ისინი ჯერ სკოლაში იყვნენ, შემდეგ მოვიდნენ თეატრში და ახლა ცეკვავენ, ბალერინები არიან.”
ჯია კურლასი. The New York Times-ის ცეკვის კრიტიკოსი. 14 აპრილი, 2023
„საგალობელი“ ძლიერი არგუმენტია ნეოკლასიკური ბალეტისა და ცეკვის ტრადიციული სტილის შერწყმის სასარგებლოდ. თხუთმეტი წლის შემდეგ ჯერ კიდევ თანამედროვე „საგალობელი“, როგორც ჩანს, ხდება ქართული საბალეტო დასის საფირმო ნაწარმოები, მათი საკუთარი სერენადა“.
ჯეინ კუმბსი. „საქართველოს სერენადა“. www. newcriterion.com 26 აპრილი, 2023
„საბალეტო დასის გამოსვლის ამ მოკლე მიმოხილვით, ნათლად ჩანს, რომ ნინო დღესაც განაგრძობს განათლებული, დისციპლინირებული, მტკიცე და გულანთებული მოცეკვავეების ჩამოაყალიბებას. ქალაქებს, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საგაზაფხულო გასტროლის დროს საქართველოს სახელმწიფო ბალეტი იხილეს, წილად ხვდათ ბედნიერება მოცეკვავეების მიერ წარმოდგენილი ბრწყინვალებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მოწმენი ყოფილიყვნენ“.
მერილის სევილია-გონზაგა. „საქართველო ათბობს ნიუ-იორკს“. სპეციალურად „არაბესკისთვის“. 18 აპრილი, 2023
2024 გასტროლი იტალიასა და გერმანიაში
2024 წლის იანვარსა და თებერვალში საბალეტო დასი სამკვირიან გასტროლზე იმყოფებოდა იტალიასა და გერმანიაში. საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა გასტროლზე ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ წარადგინა.
გასტროლი კატანიაში, „მასიმო ბელინის“ თეატრში დაიწყო. თეატრის ორკესტრს პაპუნა ღვაბერიძე დირიჟორობდა. როგორც მედია წერდა, ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე სრულად გაიყიდა.
სპექტაკლები ასევე გაიმართა მოდენას (Teatro Comunale di Modena), პიაჩენცას (Teatri di Piacenza), პარმის (Teatro Regio Parma), ვიჩენცის (Teatro Comunale Città di Vicenza ) პრესტიჟულ თეატრებში.
საბალეტო დასი ასევე გამოვიდა გერმანიაში, ქალაქ ლუდვიგსბურგში, Forum am Schlosspark თეატრში.
„კატანიაში წარმოდგენილი სპექტაკლი, პირველ რიგში ჩაიკოვსკის გენიალური ბალეტის დიდი მუსიკის შესრულების საღამო იყო, რომელსაც თეატრი გადაჭედილი დაუხვდა, სრულად გაყიდული ბილეთებით. პარტიტურა, რომელსაც ბალეტის პრემიერაზე „რთული და უჩვეულო“ უწოდეს და რომელიც ამის მიუხედავად, დიდებულია, ადგილობრივმა ორკესტრმა, რამდენიმე კუპიურის გამოკლებით, სრულად შეასრულა. ქების ღირსია დიდებული ოთხი საყვირისა და არფის შესრულება კატანიის ორკესტრში, რომელსაც საგანგებოდ ამ წარმოდგენებისთვის მაესტრო პაპუნა ღვაბერიძე უძღვებოდა.
ვიაჩესლავ ოკუნევის ულტრა კლასიკურმა სცენოგრაფიამ, სტეენ ბიარკეს განათებამ და მდიდრულმა დადგმამ, რომელსაც მშვენიერი კოსტიუმები გამოარჩევდა, კატანიის მაყურებელი მოხიბლა, რომელმაც თბილი ტაშით დააჯილდოვა დასი, მათ შორის კორდებალეტის მოცეკვავეები. განსაკუთრებით კი, როგორც ხშირად ხდება, პატარა გედების შემსრულებლები, რომლებმაც სინქრონულად და ხელიხელ ჩაკიდებულებმა შეასრულეს ცნობილი ნაწყვეტი ბალეტიდან. კლასიკურ ბალეტში აპლოდისმენტებიც კი უმშვენიერესია, რომელიც ამ საღამოს თბილი და გულმხურვალე იყო. ტაში დაიმსახურეს სოლისტებმა, ხელმძღვანელმა და მთლიანმა დასმა, მათ შორის დირიჟორმა. ამ საღამოს ყველაფერი ისე იყო, როგორც პარტიტურით და ლიბრეტოთია გაწერილი, ისევე როგორც ბავშვობაში, ახლაც, მიუხედავად ხელოვნებაში დაგროვილი მდიდარი გამოცდილებისა, პირველ რიგში მჯდარმა, ტაშის დაკვრისას, ხელახლა განვიცადე ის სიამოვნება, რომელიც ზღაპარში გადაკარგვას მოაქვს, თუნდაც ეს ზღაპარი სცენაზე ვითარდებოდეს”.
ნატალია დი ბარტოლო. „გედების ტბა“ კატანიაში. www.operaeopera.com .26 იანვარი, 2024
ეს ნამდვილად შესანიშნავი დადგმა გახლდათ, რომელიც ჩვენამდე საერთაშორისო გასტროლების ფარგლებში შესრულდა სხვადასხვა ქვეყანაში დუბაის ჩათვლით და რომლის ბილეთებიც სრულად გაიყიდა ყველა წარმოდგენაზე. დასმა ღრმად მომნუსხველი სანახაობა შემოგვთავაზა, კარგი სოლისტების მონაწილეობით, მოცეკვავეთა შესანიშნავი შემადგენლობით, მდიდრული სცენებითა და თვალისმომჭრელი კოსტიუმებით. დასის თვალშისაცემად ძლიერ მხარეს წარმოადგენს მთავარი როლის შემსრულებლების ახალგაზრდა ასაკი, რასაც ინტერვიუში ხაზი გაუსვა კიდეც თავად სამხატვრო ხელმძღვანელმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსკოვის „ბოლშოის“ მოცეკვავე გახლდათ.
ამ ახალგაზრდებს გამოარჩევს დიდი სიყვარული ცეკვისადმი და კომპოზიტორის შემოქმედებისადმი, რომელმაც შექმნა აბსოლუტურად შთამბეჭდავი სინერგია ჟესტებსა და პარტიტურას შორის. კომპოზიტორის ნაწარმოები ბელინის თეატრში პარტიტურის ზედმიწევნითი დაცვით შესრულდა პაპუნა ღვაბერიძის მიერ, რომელმაც ბალეტის ლირიკული გვერდების სულისკვეთების ჩვენამდე მოტანა შეძლო.
სილვანა ლა პორტა. ბელინის თეატრში „გედების ტბის“ მაგია მეორდება. www.clessidra2021.it 30 იანვარი, 2024
დასმა დაგვიმტკიცა, რომ ის მაღალი დონისაა და თითოეულმა მოცეკვავემ ისე შეძლო ცეკვა, რომ მუსიკალურად ერთ ტაქტშიც არ ჰქონოდათ გადაცდომა, მათ შორის, მესამე აქტში, შავი გედის 32 ფუეტეს შესრულებისას. და ვისაც ცეკვა უყვარს, მიხვდება, რაზეც ვლაპარაკობ.
ჯულია მატეაცი.წარმატებული „გედების ტბა“. www.vipiu.it . 14 თებერვალი, 2024
ნინო ანანიაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა შესანიშნავი სპექტაკლი წარმოადგინა. ცნობილმა „ოთხი გედის ცეკვამ“ დამსწრე საზოგადოებაში აღფრთოვანების ქარიშხალი და დიდი ოვაციები გამოიწვია. პუანტებით ცეკვამ და 32 ფუეტემ მაგიური ეფექტი შექმნეს. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბევრმა გამოჩენილმა სოლისტმა, რომელსაც პეტერბურგში ან მოსკოვში დარჩენა არ შეეძლო, თავშესაფარი პოვა საქართველოს სახელმწიფო ბალეტში.
ალექსანდრ ვალტერი. მაგიური ეფექტი. ფორუმ შლოსპარკი ლუდვიგსბურგში. საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სპექტაკლი - პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბა“. www. onlinemerker.com.
11 თებერვალი, 2024