15 სექტემბერი, 2024
„აბესალომ და ეთერის“ საერთაშორისო პრემიერა იტალიაში
დადგმის პრემიერა ქალაქ კატანიაში გაიმართა. ეს არის თბილისის ოპერის თეატრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკის ისტორიაში.
ბელინის სახელობის ტეატრო მასიმოს სცენაზე „დაისის“ ტრიუმფალური წარმატებიდან ერთი წლის შემდეგ კიდევ ერთი ქართული ოპერა აჟღერდა, რაც უფრო მეტად გაამყარებს შემოქმედებით კავშირს იტალიასა და საქართველოს შორის.
„აბესალომ და ეთერი“ პირველად ისტორიაში აჟღერდა იტალიურ ენაზე. მუსიკალურ მხარეს ხელმძღვანელობდა დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. მსახიობებთან იმუშავა დამდგმელმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ. სცენაგრაფია ეკუთვნის ლომგული მურუსიძეს, ხოლო კოსტიუმების მხატვარია ესტერ მარტინი.
სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს ტეატრო მასიმოს გუნდმა (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრმა, იტალიელმა და ქართველმა მომღერლებმა: ჯულიანა დი სტეფანომ, გაეტანო ტრისკარიმ, სერაფიმა ლიბერმანმა, თამარ ლებანიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, გიორგი ლომისელმა, თორნიკე პაპიძემ, გურამ პაატიშვილმა. ცეკვები სპექტაკლში შეასრულეს ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლმა „ნანილამ“. სადირიჟორო პულტთან თბილისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი იდგა.
ბელინის სახელობის ტეატრო მასიმო - ეს სახელწოდება კატანიის ოპერის თეატრს ამ ქალაქის მკვიდრის, ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის ვინჩენცო ბელინის საპატივცემულოდ მიენიჭა. იგი 1890 წლის 31 მაისს ბელინის შედევრით „ნორმა“ გაიხსნა. 4 იარუსიანი ოპერის თეატრი 1200 მაყურებელზეა გათვლილი (არქიტექტორი კარლო სადა). თეატრის მარმარილოს ფოიეს ცენტრალურ თაღში აღმართულია ბელინის ქანდაკება. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელთა დარბაზის ფოიე, რომელიც მოხატულია ბელინის 4 ყველაზე ცნობილი ოპერის სიუჟეტის მიხედვით. ამ თეატრში შესრულდა ბელინის ყველა ოპერა. აღსანიშნავია, რომ 1951 წელს კომპოზიტორის დაბადების 150 წლის საიბილეო თარიღზე თეატრში მარია კალასმა შეასრულა ნორმას პარტია ოპერაში „ნორმა“.
21 ივნისი, 2023
ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა ,,დაისი“ დაიდგა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ,,დაისის“ წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში ,,მუსიკის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე ესწრებოდნენ. პრემიერის დღეს მასიმო ბელინის თეატრზე საქართველოს დროშა გადმოფინეს, რაც მანამდე მსოფლიოს არც ერთ საოპერო თეატრს არ გაუკეთებია.
აღსანიშნავია, რომ ამ უპრეცედენტო პროექტით, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ინიციატივით განხორციელდა,ბელინის სახელობის ოპერის თეატრმა შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან - ღირებულებების გაცვლისა და მუსიკალურ-კულტურული სფეროების უკეთ გასაცნობად. მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, ,,დაისი” თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას რეგულარულად წარმოადგენენ საოპერო თეატრის სცენაზე, რაც ასევე ისტორიული მოვლენაა.
,,დაისის“ დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; სცენოგრაფიაზე, განათებაზე და კოსტიუმებზე კი გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა. მონაწილეობდნენ: „ტეატრო მასიმო ბელინის“ გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრი და იტალიაში მცხოვრები საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი თუ იტალიელი მომღერლები; მათ შორის: მატეო ფალჩერი, დომენიკო ბალცანი, ევა კორბეტა, ანასტასია ბოლდირევა, რობერტო კრესკა; ხოლო ცანგალას პარტია იტალიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბანმა - გიორგი ანდღულაძემ - შეასრულა.