დადგმის პრემიერა იტალიაში, ქალაქ კატანიაში გაიმართა. ეს არის თბილისის ოპერის თეატრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული მუსიკის ისტორიაში.
„აბესალომ და ეთერი“ პირველად ისტორიაში აჟღერდა იტალიურ ენაზე. მუსიკალურ მხარეს ხელმძღვანელობდა დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. მსახიობებთან იმუშავა დამდგმელმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ. სცენაგრაფია ეკუთვნის ლომგული მურუსიძეს, ხოლო კოსტიუმების მხატვარია ესტერ მარტინი.
სპექტაკლში მონაწილეობა მიიღეს ტეატრო მასიმოს გუნდმა (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრმა, იტალიელმა და ქართველმა მომღერლებმა: ჯულიანა დი სტეფანომ, გაეტანო ტრისკარიმ, სერაფიმა ლიბერმანმა, თამარ ლებანიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, გიორგი ლომისელმა, თორნიკე პაპიძემ, გურამ პაატიშვილმა. ცეკვები სპექტაკლში შეასრულეს ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვების ანსამბლმა „ნანილამ“. სადირიჟორო პულტთან თბილისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი იდგა.
ბელინის სახელობის ტეატრო მასიმო - ეს სახელწოდება კატანიის ოპერის თეატრს ამ ქალაქის მკვიდრის, ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის ვინჩენცო ბელინის საპატივცემულოდ მიენიჭა. იგი 1890 წლის 31 მაისს ბელინის შედევრით „ნორმა“ გაიხსნა. 4 იარუსიანი ოპერის თეატრი 1200 მაყურებელზეა გათვლილი (არქიტექტორი კარლო სადა). თეატრის მარმარილოს ფოიეს ცენტრალურ თაღში აღმართულია ბელინის ქანდაკება. დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელთა დარბაზის ფოიე, რომელიც მოხატულია ბელინის 4 ყველაზე ცნობილი ოპერის სიუჟეტის მიხედვით. ამ თეატრში შესრულდა ბელინის ყველა ოპერა. აღსანიშნავია, რომ 1951 წელს კომპოზიტორის დაბადების 150 წლის საიბილეო თარიღზე თეატრში მარია კალასმა შეასრულა ნორმას პარტია ოპერაში „ნორმა“.