
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუზეუმი
მუზეუმი დაარსდა ოპერის თეატრის შექმნისთანავე და მასში ინახებოდა როგორც პირველი, არქიტექტორ სკუდიერის მიერ აშენებულ ქარვასლაში 1851 წლიდან არსებული მანეჟის თეატრის - ბარბიერის იტალიური საოპერო დასის, რუსული საბალეტო და საოპერო დასების საქმიანობის, საქართველოში უცხოური დასების ვიზიტების ამსახველი უნიკალური ექსპონატები, ასევე ახალ, 1896 წელს არქიტექტორ შრეტერის მიერ აშენებული, დღევანდელი ოპერის თეატრის შენობაში ჩატარებული სეზონების მასალები, ქართული საოპერო და საბალეტო ხელოვნების ჩამოყალიბების მთელი ისტორია. 1973 წელს თეატრში მომხდარი ხანძრის დროს ეს უმდიდრესი მუზეუმიც განადგურდა. საქართველოს მოსახლეობის დახმარებით დაიწყო მუზეუმის ფონდის ხელახალი შევსება.
დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმი მოთავსებულია თეატრის შენობაში, მეექვსე სართულზე, დიდ დარბაზში. მუზეუმში ინახება როგორც ძველი, ასევე ახალი სპექტაკლების პროგრამები, აფიშები, მოსაწვევები, აგრეთვე ხელნაწერები, ფოტოები, ნეგატივები, ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული ნამუშევრები, ჭედურობის, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, წიგნები, ოპერის შენობისა და მისი სცენის მაკეტები, მომღერალთა კოსტიუმები, მემორიალური ნივთები და საჩუქრები. დღეისათვის მიმდინარეობს მუზეუმის რეორგანიზაციის პროცესი, რათა მან საფონდო-საარქივო, საგამოფენო-საექსპოზიციო და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციები შეითავსოს. თეატრის ე.წ. სარკეებიან დარბაზში მუდმივად ეწყობა პრემიერებისა და საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი გამოფენები. ექსკურსიები უტარდებათ ქალაქის სტუმრებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს. მუზეუმი, თეატრის დეპერტამენტებისა და თანამშრომლების გარდა, მასალებს აწვდის პრესას, ტელევიზიას, რადიოს, სხვადასხვა ორგანიზაციებს, საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებს, კონსულტაციებს უწევს სტუდენტებსა და მკვლევარებს.
მუზეუმი ღიაა ყოველდღე 10.00-18.00. დასვენების დღე- ორშაბათი
იხილეთსპექტაკლების და ღონისძიებებისარქივი
