|
17 სექტემბერს იხსნება საბალეტო სეზონი
2010 წლის 17 სექტემბერს თბილისის არტ ჰოლში (ცოტნე დადიანის 26) გაიხსნება თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სეზონი. სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე საბალეტო დასი (სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი) წარმოადგენს ორმოქმედებიან პროგრამას.
გალა-კონცერტზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დასის წამყვანი სოლისტები და კორდებალეტი, შესრულდება ნაწყვეტები კლასიკური ბალეტებიდან "გედების ტბა", "დონ კიხოტი", "ჟიზელი", ასევე ჯორჯ ბალანჩინის, ფრედერიკ ეშტონის, გიორგი ალექსიძის, იური პოსოხოვის ქორეოგრაფიული მინიატურები.
გალა-კონცერტში წინ ტრადიციულად ახალ სეზონს გახსნის ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, რომლის ხელმძღვანელია საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე ქალბატონი ელვირა პიეტრაროია სანდალი. ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებს გადაეცემათ სახელობითი სტიპენდიები.
გალა-კონცერტი თბილისი "არტ ჰოლის" მხარდაჭერით იმართება. ამ ახალგახსნილ კულტურულ დაწესებულებაში საბალეტო სეზონის გახსნა პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
თბილისის "არტ ჰოლი" (ნაძალადევი. ცოტნე დადიანის 26)
2010 წლის 20-24 ოქტომბერს თბილისში აღინიშნება ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლისთავი. განუმეორებელი მოცეკავავისა და დიდი ქორეოგრაფის, ქართული ბალეტის ფუძემდებლის იუბილე იუნესკომ ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტანა იმ ჩამონათვალში, რომელსაც იუნესკოს წევრი სახელმწიფოები აღნიშნავენ.
საიუბილეო დღეები თბილისში ოქტომბრის მეორე ნახევარში აღინიშნება. დაგეგმილია ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სპეციალური ფოტოგამოფენის მოწყობა, წიგნის გამოცემა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ჭაბუკიანის ძეგლის პროექტზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში დაიდგმება.
ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო დღეების მთავარი ღონისძიებები იქნება ორი საბალეტო სპექტაკლი და საიუბილეო გალა-კონცერტი.
20 ოქტომბერი ა.კრეინი. ლაურენსია. ბალეტი ორ მოქმედებად. რუსთაველის თეატრში. დასაწყისი 19.00 საათზე
22 ოქტომბერი ლ.მინკუსი. დონ კიხოტი. ბალეტი სამ მოქმედებად. რუსთაველის თეატრში. დასაწყისი 19.00 საათზე
24 ოქტომბერი ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი. თბილისის საკონცერტო დარბაზი. 19.00 საათზე
სპექტაკლებში და გალა-კონცერტში მონაწილეობის მისაღებად თბილისში დაგეგმილია მსოფლიო ბალეტის ვარსკვალავების ჩამოსვლა ამერიკის ბალეტის თეატრიდან (ABT), კოვენტ გარდენის სამეფო ბალეტიდან, მოსკოვის დიდი თეატრისა და სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის საბალეტო დასებიდან. თბილისში ჩამოსვლას გეგმავენ ბალეტის კრიტიკოსები, ცნობილი მოცეკვევეები, ქორეოგრაფები და ბალეტმაისტერები.
დაწვრილებით პროგრამას თეატრის საბალეტო დასი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
9 ივნისს საბალეტო დასი ამერიკაში მიემგზავრება
7 ივნისს 19:45 საათზე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი სეზონის დახურვასთან დაკავშირებით გალა კონცერტს გამართავს. გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, პრიმა - ბალერინა ნინო ანანიაშვილი, საბალეტო დასის სოლისტები და მსახიობები.
9 ივნისს საბალეტო დასი სამი კვირით საგასტროლოდ მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სპოლეტოსა და ჯაკობს ფილოუს საერთაშორისო ფესტვალებში მონაწილეობის მისაღებად. ამერიკის შეერთებულ შტატებში დასი წარმოადგენს ა. ადანის ბალეტ "ჟიზელს", ფრედერიკ ეშტონის რამდენიმე პა დე დეს, ჯორჯ ბალანჩინის "Duo Concertant"-ს, ალექსეი რატმანსკის "ვარიაციებს" და ირჟი კილიანის "Falling Angels". გალა-კონცერტზე სწორედ ეს პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
საკონტაქტო პირი: თამარ მოდებაძე. 877140008
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი საგასტროლოდ იაპონიაში მიემგზავრება.
ამომავალი მზის ქვეყანაში, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ეს დასის მეორე დიდი გასტროლია, რომელიც 24 თებერვალს ქალაქ ნაგოიაში დაიწყება და 14 მარტს ტოკიოში დასრულდება. საგასტროლო ტურნე 2007 წელს იაპონიაში საბალეტო დასის პირველი წარმატებული გასტროლის დროს დაიგეგმა. პროგრამაში ამჯერად ორი კლასიკური ბალეტია - ა. ადანის "ჟიზელი" და ს. პროკოფიევის "რომეო და ჯულიეტა". მთავარ პარტიებს ამ ბალეტებში, დასის სოლისტებთან ერთად, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი იცეკვებს. ქართულ საბალეტო დასთან ერთად იაპონიაში იცეკვებს მოსკოვის დიდი თეატრის პრემიერი ანდრეი უვაროვი. მსოფლიო საბალეტო ვარსკვლავების გამოსვლები ჩვენს მოცეკვავეებთან ტრადიციად იქცა. 2007 წლის გასტროლის დროს ჩვენს სპექტაკლებში, ანდრეი უვაროვთან ერთად, ამერიკის ბალეტის თეატრის პრემიერი ანხელ კორელა მონაწილეობდა. გასტროლი იაპონიის რამდენიმე ქალაქში გაიმართება: ნაგოიაში, ჰამამაცუში, ოცუში, ნისინომიასა და ტოკიოში. იაპონიის დედაქალაქში საბალეტო დასს გამოსვლა მოუწევს ბუნკა კაიკანისა და უ-პორტის პრესტიჟულ 4.000 კაციან დაბრაზებში. საბალეტო დასი თბილისიდან 20 თებერვალს გაემგზავრება.
ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლის იუბილეს იუნესკო აღნიშნავს
იუნესკოს გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი, რომლებიც 2010-2011 წლებში აღინიშნება იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მიერ. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი (აღინიშნება 2011 წელს), ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელი (აღინიშნება 2010 წელს) და სვეტიცხოვლის აგების 1000 წლისთავი (აღინიშნება 2010 წელს).
გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, მამაკაცის ცეკვის რეფორმატორისა და ქართული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილე 2010 წლის 27 თებერვალს სრულდება. ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება. ძირითადი საიუბილეო ღონისძიებები კი 2010 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი, რადგან თებერვალში საბალეტო დასი ერთთვიან გასტროლზე მიემგზავრება იაპონიაში.
ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის განცხადებით ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავთან დაკავშირებით თბილისში საიუბილეო საბალეტო ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო ბალეტის ვარსკვალავებთან. ფესტივალის ფარგლებში, დასის რეპერტუარიდან, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სპექტაკლი, რომელშიც მთავარ პარტიებს სწორედ ბალეტის ვარსკვლავები იცეკვებენ. ფესტივალი დასრულდება საიუბილეო გალა-კონცერტით.
"ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნოს ისეთი დიდი ხელოვანის საიუბილეო თარიღი, როგორიც ვახტანგ ჭაბუკიანი გახლდათ. საბალეტო სამყარო დიდადაა მისგან დავალებული. დღეს ბევრმა არ იცის, რომ ის ვარიაციები და ცალკეული ცეკვები, რომლებიც ბევრ კლასიკურ ბალეტში სრულდება, სხვადასხვა თეატრების სცენებზე, სწორედ მის მიერაა შექმნილი. იუნესკოს მიერ ამ გადწყვეტილების მიღება ამ საქმეში კიდევ უფრო დაგვეხმარება. ჩვენ უკვე დაგვიკავშირდა მსოფლიოს მრავალი გამოცემები და გვთხოვეს მასალები ჭაბუკიანის შემოქმედების შესახებ. ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელსაც მალე გავაცნობთ საზოგადოებას. მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება გალა-კონცერტისათვის მისი ქორეოგრაფიით შექმნილი ცალკეული ვარიაციების თუ ცეკვების აღდგენა."
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის პრეს-სამსახური.
ნინო ანანიაშვილის ბოლო ამერიკული სეზონი
18 მაისს, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში, გალა-კონცერტით მორიგი საგაზაფხულო სეზონი გახსნა ამერიკის ბალეტის თეატრმა (ABT). პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის, რომელიც უკვე 16 სეზონია ამ თეატრის მიწვეული სოლისტია, ამ თეატრში ბოლო სპექტაკლები აქვს. გალა-კონცერტზე მან ალექსეი რატმანსკის მიერ, არამ ხაჩატურიანის ვალსზე (სპექტაკლიდან "მასკარადი"), მისთვის სპეციალურად დადგმული ახალი ნომერი შეასრულა. ანანიაშვილის გამოსამშვიდობებელ სპექტაკლებზე ბილეთები შარშან გაზაფხულიდან იყიდებოდა და ერთ-ერთი ძნელად საშოვი იყო ნიუ-იორკში. თებერვალში ამერიკის ბალეტის თეატრს გასტროლები ჰქონდა ვაშინგტონში და აქაც პრიმა-ბალერინას ბოლო გამოსვლა ჰქონდა "გედების ტბაში." "ვაშინგტონ პოსტი" წერდა: "პროლოგში მისმა გამოჩენამ ენთუზიაზმით აღსავსე ოვაცია გამოიწვია და ამ მომენტიდან დაწყებული, მთელი საღამოს განმავლობაში, ამაღლებული განწყობა არ ჩამცხრალა". ნინო ანანიაშვილი გამოსამშვიდობებელ სეზონზე ათ სპექტაკლს იცეკვებს. პროგრამაშია "სილფიდა", "ჟიზელი", "კორსარი", "გედების ტბა" და ბალანჩინის "მოცარტიანა". მას პარტნიორობას ანხელ კორელა, მარსელო გომესი, ხოსე მანუელ კარენიო და დიმიტრი ბელოცერკოვსკი გაუწევენ. ბოლო სპექტაკლი, რომლითაც ანანიაშვილი დაემშვიდობება ამერიკელ მაყურებელს 27 ივნისს გაიმართება მეტროპოლიტენ ოპერაში: "გედების ტბა" ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი სპექტაკლია. ამ სპექტაკლით დავიწყე დიდ თეატრში გამოსვლა. ABT-შიც ეს იყო ჩემი პირველი სპექტაკლი და გადავწყვიტე, 27 ივნისს, "გედების ტბით" დავხურო ჩემი ბოლო სეზონი ამერიკაში"- განაცხადა ნინო ანანიაშვილმა ამერიკაში წასვლის წინ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ასრულებს საცეკვავაო კარიერას. შემოდგომაზე ევროპაში იგეგმება გალა-კონცერტები მისი მონაწილეობით. პრიმა-ბალერინას რომელიმე კონკრეტულ თეატრთან მუდმივი თანამშრომლობა გადაწყვეტილი არა აქვს. მისი ძირითადი საქმიანობა თბილისის საბალეტო დასში დაგეგმილ ახალ პროექტებს უკავშირდება (შემოდგომაზე გაიმართება ორი პრემიერა). თებერვალსა და მარტში კი დასი საგასტროლოდ გაემგზავრება იაპონიაში, სადაც ნინო ანანიაშვილი მონაწილეობას მიიღებს არა მარტო როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, არამედ, როგორც პრიმა-ბალერინა.
საბალეტო დასის პრეს-სამსახური
22 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიო საბალეტო პრემიერაა! პირველად, 105 წლის შემდეგ, ავგუსტ ბურნონვილის ბალეტი "ციმბირიდან მოსკოვამდე" მხოლოდ თბილისში!
2009 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიო საბალეტო პრემიერა გაიმართება. საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი, წარმოადგენს ავგუსტ ბურნონვილის ორმოქმედებიან ბალეტს "ციმბირიდან მოსკოვამდე" (მუსიკა კარლ ქრისტიან მოლერისა). ბალეტის პრემიერა 1876 წლის 29 ნოემბერს კოპენჰაგენში, დანიის სამეფო თეატრში, გაიმართა და შემდეგ არსად არ დადგმულა. თბილისში ბალეტის აღდგენასა და დადგმაზე მუშაობენ ავგუსტ ბურნონვილის ბალეტების აღმდგენელი და პროდიუსერი ფრენკ ანდერსენი, ბალეტმაისტერები ანა მარი ვესსელ შლიუტერი, დინა ბიორნი და ქორეოგრაფის ასისტენტი ევა კლობორგი. ბალეტის მხატვრობა ეკუთვნის დავით მონავარდისაშვილს, კოსტიუმების მხატვარია ალექსეი ვასილიევი.
პრემიერის წინ დაგეგმილია ავგუსტ ბურნონვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენის მოწყობა, საუბრები ბალეტის მოყვარულებისა და დაინტერესებული მაყურებლებისათვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი ბალეტის კრიტიკოსები.
პრემიერაზე დასწრების მსურველ უცხოელ მაყურებელს ბალეტის ადმინისტრაცია სთავაზობს ოთხდღიანი პროგრამას, რომელშიც შედის: თბილისის ღირშესანიშნაობათა დათვალიერება, მონაწილეობა ბურნონვილის სემინარში, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის რეპეტიციაზე დასწრება, საპრემიერო სპექტაკლზე ბილეთის დაჯავშნა, სასტუმროსა და ავიაბილეთების დაჯავშნა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
პროგრამის მენეჯერი: თამარ რთველიაშვილი - (+995 32) 999364, 877140004 takortvel@yahoo.com
გვანცა ბადურაშვილი - (+995 32) 999364, 877433443 gbadurashvili@yahoo.com
თორნიკე ხომერიკი - (+995 32) 983257, 899 514426 tornike.khomeriki@gmail.com
საბალეტო დასი ერევანში გასტროლზე მიემგზავრება
2009 წლის 2-დან 6 მარტამდე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, სომხეთში, "ქართული სეზონის" პროგრამის ფარგლებში, საგასტროლოდ ერევანში მიემგზავრება. 3 და 5 მარტს ერევნის ა. სპენდიარიანის სახელობის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში საბალეტო დასის მიერ წარმოდგენილი იქნება ერთმოქმედებიანი ბალეტების ორი პროგრამა. 3 მარტს Green, SECHS TÄNZE (ირჟი კილიანის ქორეოგრაფია) და ქართულ მელოდიებზე შექმნილი ბალეტი "საგალობელი." 5 მარტს ჯორჯ ბალანჩინის სერენადა და ორი თანამედროვე ბალეტი – "წამი გარდასახვამდე" და "სიზმრები იაპონიაზე". გასტროლში საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს თეატრის ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით. ალექსეი რატმანსკის ერთმოქმედებიანი ბალეტი "სიზმრები იაპონიაზე" კი შესრულდება მარკ პეკარსკის დასარტყამი ინსტრუმენტების ანსამბლის თანხლებით (მოსკოვი).
17 სექტემბერი, 2008 საბალეტო დასი ედინბურგის ფესტივალზე
[ 17–09–2008.doc - ფაილის ჩამოტვირთვა ]
ქართულ საბალეტო დასს ედინბურგის ფესტივალზე ჰერალდ ენჯელსის ჯილდო მიენიჭა
ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალის იმ მონაწილეთა შორის, რომლებმაც Herald Angels Awards–ის ჯილდო დაიმსახურეს, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასიცაა. მათ ეს ჯილდო "ჟიზელისა" და ერთმოქმედებიანი პროგრამისათვის დაიმსახურეს, თუმცა დაჯილდოვების ცერემონიალის დროს მათ ედინბურგი უკვე დატოვებული ჰქონდათ. ამიტომ მათი ჯილდო ფესტივალის ხელმძღვანელმა ჯონათან მილსმა ჩაიბარა. ცერემონიალი ფესტივალის თეატრში 16 აგვისტოს გაიმართა და 2008 წლის ფესტივალის პირველი კვირის მშვენიერი შეჯამება გამოდგა. ეს ჯილდო 1996 წლის შემდეგ ედინბურგის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია. ჯილდო ხელოვნების სფეროში ინოვაციისა და მაღალი დონის შესრულებისათვის გაიცემა და რამდენიმე ფესტივალს მოიცავს: ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალი, The Fringe, ჯაზისა და ბლუზის ფესტივალი და ედინბურგის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა დროს გახდნენ ხელოვნების სფეროს უდიდესი წარმომადგენლები. დაჯილდოების ცერემონიალი ედინბურგის ცენტრში აგვისტოს ყოველ შაბათს იმართება და ეს ფესტივალის კალენდრის უმნიშვნელოვანესი თარიღია. "ჰერალდ ენჯელსი" ფესტივალის საუკეთესო შემსრულებლებსა და თეატრების სადადგმო პერსონალს გადაეცემათ, რომელთაც ჟიურიზე დიდი შთაბეჭდილების მოხდენა მოახერხეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში "ჰერალდ ენჯელსის" ჯილდოს სპონსორი შოტლანდიის ბანკია და გაზეთ "ჰერალდისა" და ბანკის ეს პარტნიორობა ფესტივალის დასამახსოვრებელი წარმოდგენების მონაწილეთა შრომას აფასებს. (www.theheraldangels.co.uk)
27 ივნისი, 2008 ნინო ანანიაშვილის დამშვიდობება ჩელიტას პარტიასთან
[ 27–06–2008.doc - ფაილის ჩამოტვირთვა ]
20 აპრილი, 2008 საბალეტო დასის გასტროლი ამერიკის შეერთებულ შტატებში
[ 20–04–2008.doc - ფაილის ჩამოტვირთვა ]
|