|
ჯანლუკა მარჩანო (იტალია)
მთავარი დირიჟორი
34 წლის ჯანლუკა მარჩანო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა დირიჟორი იტალიიდან. 2010 წლიდან იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია, აგრეთვე არის ბეირუთის `ალ ბუსტანის~ ფესტივალის მუსიკალური დირექტორი. მარჩანო დაიბადა იტალიაში, ლა სპეზიაში. თავდაპირველად სწავლობდა საფორტეპიანო ფაკულტეტზე ფლორენციის მუსიკალურ აკადემიაში, შემდგომ სწავლა გააგრძელა პედაგოგების ჯოაკინ აშუკაროს და პაოლო რესტანის ხელმძღვანელობით. მისი მუსიკალური ნიჭი ადრეულ ასაკშივე გამომჟღავნდა, იგი რამდენიმე ეროვნული (იტალიური) და საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მისი საკონცერტო დებიუტი 10 წლის ასაკში შედგა. მარჩანო მუსიკალური დირექტორის ამპლუაში ხშირად ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის, პარმის თეატრში ვერდის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებას 2001 წელს. 2002 წელს იგი მიიწვიეს ლიუბლიანას ოპერისა და ბალეტის თეატრში ლორის ვოლტოლინის ასისტენტად გუნოს „ფაუსტზე“ და ოფენბახის „რაინის ალების“ მსოფლიო სასცენო პრემიერაზე მუშაობისთვის 2005 წელს. 2006-2007 წლების სეზონზე ჯანლუკა მარჩანომ ზაგრების თეატრში იდირიჟორა „ნაბუქო“ და „სევილიელი დალაქი“ პრაქტიკულად რეპეტიციის გარეშე, რის შემდეგ იგი დაინიშნა სამხატვრო ხელმძღვანელად და 2008-09 წლებში თეატრის მთავარი დირიჟორიც გახდა. ამ ამპლუაში მისი დირიჟორობით შესრულდა „ტურანდოტი“, „კარმენი“, „ტრავიატა“, “კონკია“, „ნაბუქო“ და სხვა. მის სხვა საოპერო პროექტებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ტოსკა“ გრეინჯ პარკში, დებიუსის „რჩეული ქალიშვილი“, პულენკის „ტირესიას მკერდი“ და „სასინჯი ქვა“ სასარის ვერდის თეატრში, „ჯადოსნური ფლეიტა“ ფლორენციის საოპერო ფესტივალზე, „ბოჰემა“ და „ტოსკა“ ნოვი სადში, „ფავორიტი ქალი“ და „ტრავიატა“ დადგმული ჩელსის საოპერო ჯგუფისთვის. 2007 წელს შედგა ჯანლუკა მარჩანოს დებიუტი ჩინეთში, სადაც მან იდირიჟორა პეკინის „დრამის, ცეკვისა და ოპერის ორკესტრში“, სადაც ამჟამად ის მთავარი მიწვეული დირიჟორია, ჩინეთში ასევე უდირიჟორა ანდრეა ბოჩელის კონცერტს პეკინის სიმფონიურ ორკესტრთან. მაესტროს უახლოესი გეგმებია: „ტურანდოტის“ დირიჟორობა ოვიედოში 2012 წელს, „ტრავიატას“ დირიჟორობა პრაღის სახელმწიფო ოპერაში და „სევილიელი დალაქის“ დირიჟორობა მინსკში.
http://www.gianlucamarciano.com/

მთავარი მხატვარი


თეიმურაზ მურვანიძე
თეიმურაზ მურვანიძე არის საქართველოს სახალხო მხატვარი, სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, თბილისისა და დუბლინის საპატიო მოქალაქე. იგი არის მრავალი ჯილდოს, პრემიისა თუ ორდენის მფლობელი, მათ შორის, ბულგარეთის უმაღლესი ჯილდოს - კირილესა და მეთოდეს ორდენის, პიკასოს პრემიის, ლინკოლნ-ცენტრის პრემიის, ჩიკაგოს პრემიისა და ოქროს მედლის, ვანკუვერის მუსიკალური თეატრების ფესტივალის ოქროს მედლის და პირველი პრემიის მფლობელი. თეიმურაზ მურვანიძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1965 წელს, მისმა შემოქმედებამ და განვლილმა პროფესიულმა გზამ დაამტკიცამ, რომ იგი არის თავისი მასწავლებლების - ფარნაოზ ლაპიაშვილის, სოლიკო ვირსალაძის, სერგო ქობულაძის, ვასილ შუხაევის ღირსეული მოსწავლე და მათი საუკუთესო ტრადიციების გამგრძელებელი. თეიმურაზ მურვანიძე არაერთგზის დასახელდა წლის საუკეთესო მხატვრად სხვადასხვა ქვეყანაში – 1963 წელს - საქართველოში, 1977 წელს - პოლონეთში, 1987 წელს - საფრანგეთში, 1986 წელს - კანადაში, 1989 წელს - ამერიკაში. თეიმურაზ მურვანიძეს გამართული აქვს პერსონალური გამოფენები ლონდონში, ნიუ-იორკში, სანკტ-პეტერბურგში, პარიზში და ა.შ. მხატვრის ნამუშევრები ინახება მსოფლიოს პრესტიჟულ კერძო კოლექციებში, მათ შორის, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის, ინგლისის პრინცესა მარგარეტის კოლექციებში, კენედების ოჯახის საგვარეულო კოლექციაში, ამერიკის კინოაკადემიის - „ოსკარის“ ოფისში. სალვადორ დალის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში პაბლო პიკასოს, ჟან კოქტოს, ჯორჯიო დე კირიკოს ნამუშევრების გვერდით თავად სალვადორ დალის თანხმობით შეტანილია თეიმურაზ მურვანიძის ნამუშევრები. 1986 წლიდან თეიმურაზ მურვანიძე არის სანკტ–პეტერბურგის მარინის თეატრის მთავარი მხატვარი. 1990 წელს იგი გახდა მონტე-კარლოში ფირმა „სამი კარაველას“ დირექტორატის წევრი, მთავარი მხატვარი. ფირმის დირექტორატის წევრებს შორის იყვნენ: ფირმის პრეზიდენტი იეგუდი მენუხინი, მუსიკალური ხელმძღვანელი მსტისლავ როსტროპოვიჩი, დირიჟორები: ლორინ მააზელი, ზუბინ მეტა, სერ ჯორჯ შოლტი, ჟორჟ პრეტრი, ტენორი პლასიდო დომინგო, ბარიტონი რუჯერო რაიმონდი. ფირმა, რომლის საქმიანობა ეძღვნებოდა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის 500 წლისთავს და ამერიკის ევანგელიზაციას, სამი წლის ფუნქციონირების მანძილზე ახორციელებდა ბრწყინვალე დადგმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ ფირმის პარალელურად მხატვარი მონტე-კარლოში აქტიურად მოღვაწეობდა კიდევ ერთ ფირმაში - „ძველი და ახალი მონტე-კარლო“, რომელიც ითვალისწინებდა მონტე-კარლოში სხვადასხვა სანახაობების და ღონისძიებების დადგმას, მხატვრულ გაფორმებას და კულტურის პოლიტიკის ორიენტირების განსაზღვრას. თეიმურაზ მურვანიძეს გაფორმებული აქვს 150-მდე მუსიკალური სპექტაკლი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის განსაკუთრებით საგულისხმოა თბილისის ოპერის თეატრში ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად დადგმული რევაზ გაბიჩვაძის „ჰამლეტი“, ჯორჯ გერშვინის ოპერის საფუძველზე შექმნილი ბალეტი „პორგი და ბესი“ მიხეილ ლავროვსკის ქორეოგრაფიით, მარინის თეატრში ქორეოგრაფ ოლეგ ვინოგრადოვთან ერთად დადგმულ ალექსი მაჭავარიანის ბალეტი „ვეფხისტყაოსანი“, ალექსანდრე ჩაიკოვსკის ბალეტი „ჯავშნოსანი პოტიომკინი“, აგრეთვე საოპერო დადგმები - ვერდის „დონ კარლოსი“ და დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“ , ქორეოგრაფ ოლეგ ვინოგრადოვთან ერთად რომის საოპერო თეატრში დადგმული პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ და ვარშავის საოპერო თეატრში დადგმული სერგეი პროკოფიევის ბალეტი „კონკია“; განსაკუთრებით აღსანიშნავია ადოლფ ადანის ბალეტი „კორსარი“ მარიუს პეტიპას ქორეოგრაფიით, რომელიც წარმოადგენდა მარინის თეატრისა და პარიზის გრანდ-ოპერის კო-პროდუქციას და შესაბამისად, დაიდგა პარიზსა და სანქტ-პეტერბურგში. ამავე ჩამონათვალში მოიაზრება გენუას კარლო ფელიჩეს თეატრში დადგმული სოფია გუბაიდულინას ორატორია-ბალეტი „მერწყულის ერა“, რომელიც წარმოადგენდა სევილიის და ჰამბურგის კო-პროდუქციას, ასევე მოსკოვის დიდ თეატრში მსტისლავ როსტროპოვიჩის დირიჟორობით წარმოდგენილი მოდესტ მუსორგსკის „ხოვანშჩინა“, ამ უკანასნელზე მხატვარი მუშაობდა მსოფლიოს უდიდეს საოპერო რეჟისორთან ბორის პოკროვსკისთან. თეიმურაზ მურვანიძემ კიდევ მრავალი ღირსშესანიშნავი მუსიკალური დადგმა განახორციელა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, სომხეთში, თურქეთში, იტალიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში. თეიმურაზ მურვანიძე სამართლიანად არის აღიარებული სოლიკო ვირსალაძის სტილის გამგრძელებლად. იგი მუდამ ცდილობს არ გამეორდეს და ყოველ ახალ მუსიკალურ კომპოზიციას შესაბამისი, მხოლოდ მისთვის გააზრებული ორიგინალური, ფერადოვანი სამყარო მიუსადაგოს, რამეთუ ხელოვნების კანონებს ეწინააღმდეგება ახალი მუსიკალურ-სცენური წარმოდგენის გააზრება ძველი მხატვრულ-სახეობრივი კატეგორიებით. ამიტომაც, თეიმურაზ მურვანიძის სტილი მუდმივად ცვალებადია, განახლებადია და ის არ დაიყვანება ერთ რომელიმე მხატვრულ სტილურ კლიშეზე.
ჟურნალი „თეატრი“, მოსკოვი „ვეფხისტყაოსანის“ პრემიერის შემდეგ ცნობილი კრიტიკოსი ვადიმ გაევსკი წერს: „მურვანიძე არის მხატვარი-ჯადოქარი...“
გაზეთი „ლე ფიგარო“ ჟან-მარი კურრო („კორსარის“ დადგმასთან დაკავშირებით): „დეკორაციებისა და კოსტიუმების ფუფუნება აოცებს მაყურებელს. პირველი მოქმედება გვაგონებს დელაკრუას და ჟერიკოს ტილოებს. შემდეგ მოქმედებები უახლოვდება ოდილონ რედონის შემოქმედებას. საიდუმლოებით მოცული გამოქვაბულები, რომლებშიც გაბნეულია ლალების და საფირონების ქვები, ჯადოსნური ზღვის სანაპიროები და ორიენტალური ბაზრები, აღაფრთოვანებს მაყურებელს“. „დანს მეგეზინ“ იზაბელ გარნიე „როგორც კი გაიხსნება ფარდა, იცოდეთ, რომ მურვანიძის გასაოცარი დეკორაციები ჭკუიდან შეგშლიან“.
გაზეთი „ლე კოტიდიენ დე პარი“ ჟერარ მანონი „მისი დეკორაციები გასაოცარი ფერებით და ფორმებით ბატონობენ სცენაზე. მათი ირაციონალური ექსტრავაგანტულობით გამორჩეული მშვენიერება ყოველგვარ ტრადიციულ ესთეტიკაზე უფრო მაღლა დგას“.
„ლიტერატურნაია გაზეტა“, მოსკოვი „პარიზში „კორსარის“ პრემიერის შემდეგ მან გაიღვიძა და უკვე ცნობილი მხატვრი იყო“.
დანიელ მიტერანის ინტერვიუს ფრაგმენტი (პარიზში მხატვრის პერსონალური გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით), რომელიც ჩაიწერა არტისტული საზოგადოების პრეს-ატაშემ ნიკოლ გონსალესმა: „ეს გამოფენა უნდა გაიხსნას გრანდ-ოპერაში, რადგან თეიმურაზ მურვანიძეს აქვს სრული უფლება, იყოს პირველი მერცხალი ორი უდიდესი თეატრის, მარინისა და გრანდ-ოპერის ურთიერთობის აღდგენის საქმეში“.
ფრანსუა ლეოტარი, საფრანგეთის კულტურის მინისტრი (ამავე ღონისძიებასთან დაკავშირებით): „ასეთი ფართო შემოქმედებითი დიაპაზონი დღეს იშვიათობაა“.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი
იხილეთ ორკესტრის შემადგენლობა
|