ზაზა აზმაიფარაშვილი - მთავარი დირიჟორი

ზაზა აზმაიფარაშვილი - მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი, 1991 წელს კი იური ტემირკანოვის ხელმძღვანელობით სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით. სწავლის პერიოდში იდირიჟორა გუნოს „ფაუსტი“ და ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“.

1985-2004 წლებში მაესტრო საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა. ამ ორკესტრთან ერთად იყო გასტროლებზე თურქეთში, იტალიასა და ესპანეთში. 1991 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრაზე მოღვაწეობს და არის სრული პროფესორი.

1995 წელს, სანქტ-პეტერბურგში, სერგეი პროკოფიევის სახელობის დირიჟორთა II საერთაშორისო კონკურსში დირიჟორმა II პრემია და ლაურეატის წოდება მოიპოვა (I პრემია არ გაცემულა). 1997-98 წლებში მიიწვიეს მოსკოვის „ბოლშოი“ თეატრში, სადაც ვერდის „ტრავიატა“ და „ტრუბადური“ იდირიჟორა. 1998 წელს, ვერდის „აიდა“ იდირიჟორა  საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „ბრავო“, რომელიც გამოჩენილმა ქართველმა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დააარსა. 

2001 წელს ზაზა აზმაიფარაშვილი მიიწვიეს ლეიდაში (ესპანეთი), მასკანის „სოფლის ღირსების“ დასადგმელად.

 2002 წელს, მუშაობას იწყებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და დგამს ჯუზეპე ვერდის „მაკბეტს“. 2004-2009 წლებში, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია, დგამს ვერდის „აიდას“, „ტრუბადურს“, „ნაბუკოს“, „ატილას“; ლეონკავალოს „ჯამბაზებს“, თაქთაქიშვილის „მინდიას“; დალჰალას საოპერო ფესტივალისთვის (შვედეთი) ამზადებს სენ-სანსის „სამსონ და დალილას“ და ვერდის „ტრუბადურს“.

2004-07 წლებში, თანამშრომლობს მოსკოვის დიდ სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, მართავს კონცერტებს, რომელთა შორის ერთ-ერთში მონაწილეობას იღებს პიანისტი ელისო ვირსალაძე.  2008 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად, საგასტროლო ტურით ორჯერ  იმყოფებოდა ისრაელში.

2014-16 წლებში იგი თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საპატიო დირიჟორი იყო, 2016 წლიდან ამ თეატრის მთავარი დირიჟორია. ამ პერიოდის მისი დადგმების სიაშია: ვერდის „მაკბეტი“, „დონ კარლოსი“, „სიმონ ბოკანეგრა“, „ბალ-მასკარადი“, „ბედის ძალა“; პუჩინის „ტურანდოტი“, დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“, მასნეს „ვერთერი“, ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“.

ზაზა აზმაიფარაშვილს განხორციელებული აქვს 28 საოპერო პრემიერა. 1980 წლიდან მოყოლებული, თანამშრომლობს ყველა ქართველ საოპერო ვარსკვლავთან ( პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, მაყვალა ქასრაშვილი, ცისანა ტატიშვილი, ბადრი მაისურაძე, გიორგი გაგნიძე, მაია თომაძე, ლადო ათანელი და სხვები). შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოში სახელგანთქმულ უცხოელ შემსრულებლებთანაც, რომელთა შორის არიან: ელენა ობრაზცოვა, ალესანდრა მარკი,  სამუელ ესტესი, ფერუჩო ფურლანეტო, დმიტრი ხვოროსტოვსკი, ქრისტიან იოჰანსონი, ანდრეა როსტი, მიშელ კრაიდერი, დოლორა ზაჯიკი, ამბროჯო მაესტრი, გეღამ გრიგორიანი, მარსელო ალვარესი და სხვები.