პაპუნა ღვაბერიძე

პაპუნა ღვაბერიძე პაპუნა ღვაბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი გივი ბოლაშვილის ხელმძღვანელობით და  ასპირანტურა საოპერო და სიმფონიურ დირიჟორობაში - გივი და ზაზა აზმაიფარაშვილების ხელმძღვანელობით. ამჟამად, ამავე მიმართულების ასისტენტ-პროფესორია.

შემოქმედებითი კარიერა, როგორც საგუნდო დირიჟორმა, 2000 წელს, ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნულ საგუნდო კაპელაში დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2005-2007 წლებში ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ხოლო 2011 წლიდან –  ამავე თეატრის მოწვეული დირიჟორი იყო. ქუთაისში, 2005-2006 წლებში, მან ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტოს“, 2011 წელს კი ოთარ თაქთაქიშვილის „მინდიას“ დადგმებს უხელმძღვანელა.

2013 წლიდან პაპუნა ღვაბერიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის დირიჟორია. 2014 წელს, აქ მან განახორციელა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“ და ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“.

მის რეპერტუარშია შემდეგი ოპერები: ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, პუჩინის „ბოჰემა“, ბიზეს „კარმენი“, თაქთაქიშვილის „მინდია“, ლეონკავალოს „ჯამბაზები“, ვერდის „რიგოლეტო“, მასკანის „სოფლის ღირსება“, მოცარტის „ფიგაროს ქორწინება“,  დოლიძის „ქეთო და კოტე“. 2016 წლიდან პაპუნა ღვაბერიძე თბილისის ოპერაში დირიჟორობს საბალეტო სპექტაკლებს: მინკუსის „დონ კიხოტი“, ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“,  „გედების ტბა“, „მძინარე მზეთუნახავი“,პროკოფიევის „რომეო და ჯულიეტა“, ადანის „ჟიზელი“, დავითაშვილის „წუნა და წრუწუნა“. არის ჰეროლდის ბალეტის, „ამაო სიფრთხილის“, ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“, რაველის „მედეას“ დამდგმელი დირიჟორი.