კახი სოლომნიშვილი

კახი სოლომნიშვილი კახი სოლომნიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 მაისს, საქართველოში, თბილისში.  მისი მუსიკალური კარიერა პიანისტობით დაიწყო.  

2007 წელს, მან ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტზე ემერიტუს გივი მუნჯიშვილის კლასში, რომელიც 2013 წელს მაგისტრის ხარისხით დაამთავრა. სწავლის პარალელურად საოპერო და სიმფონიურ დირიჟორობაში გაკვეთილებს იღებდა, იმ დროს თბილისის ოპერისა და ბალეტის მთავარ დირიჟორ ჯანლუკა მარჩანოსთან. 2012 წელს, დაინიშნა თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის ასისტენტ-დირიჟორად.

მის კარიერაში არაერთი წარმატებული ოპერა, ბალეტი თუ გალა კონცერტია.
2016 წლიდან აქტიურ თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან.

მის სადირიჟორო გამოსვლებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მისი დირიჟორობით განხორციელებული ოპერები: ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა”, ჯაკომო პუჩინის „ტოსკა”. ბალეტები: ბერსტაინის „დიბუკი”, სტრავინსკის „ფასკუნჯი’; საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ჩატარებული კონცერტები: შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონია, სტრავინსკის „საღვთო გაზაფხული”,  ბერლიოზის „ფანტასტიკური სიმფონია”, მოცარტის რეკვიემი; ქართველი კომპოზიტორების - ყანჩელის, ბარდანაშვილის და სხვათა ნაწარმოებების მსოფლიო თუ ქართული პრემიერები. 

კახი სოლომნიშვილს არაერთ საერთაშორისო პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული, მსოფლიოს ისეთ ვარსკვლავებთან ერთად როგორებიც არიან: ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, გია გაგნიძე, იანო თამარი, თამარ ივერი, ქეთი მელუა, ნინო ანანიაშვილი და სხვა. უთანამშრომლია დირიჟორებთან: ჯანლუკა მარჩანო, პაოლო არივაბენი, დანიელ ორენი, ხოსე ლუის გომესი, დიმიტრი იუროვსკი, ლორან პეტიჟირარი და სხვა.

უმუშავია პოლონეთის  ბალტიის ფრედერიკ შოპენის სახელობის ფილარმონიულ ორკესტრთან,  სხვადასხვა საფესტივალო და ახალგაზრდულ ორკესტრთან.

ამჟამად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეზიდენტ-დირიჟორია.  აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით მუშაობას როგორც ჟანრობრივად ისე ეპოქალურად მრავალფეროვან რეპერტუარზე.