შინაარსი
აქტი I
ახალგაზრდა სასულიერო პირი დე გრიე თავის მეგობარს ედმონდოს სმენადაქვეითებულ ახალგაზრდა ქალზე აქორწინებს. მოზეიმეთა შორისაა ხელოვნების ნიმუშთა კოლექციონერი ჟერონტ დე რავუარი, რომელმაც ქორწილის ხარჯი გადაიხადა. სტუმრები ქალური სილამაზის სადღეგრძელოს სვამენ. შემდეგ წვეულებას ედმონდოს ცოლის მეგობარი მანონი და მისი ძმა, ლესკო უერთდებიან. მანონის სილამაზე სტუმართა შორის აღფრთოვანებას იწვევს, ამას განსაკუთრებით ჟერონტი და დე გრიე გამოხატავენ. ორივე მამაკაცს სურს მანონი: ერთი აღფრთოვანებულია მისით, როგორც ხელოვნების ნიმუშით და სურს შეიძინოს იგი, როგორც ქანდაკება, ახალი ბუნებრივი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მის კოლექციას დაემატება, ხოლო მეორეს იგი ვნებას აღუძრავს. დე გრიე პირველია, ვინც უახლოვდება მანონს. ის კეკლუცობს, უყვება დე გრიეს რომ მონაზვნად უნდა აღიკვეცოს, დე გრიე ცდილობს მანონს განზრახვა გადაათქმევინოს. ჟერონტი ყურს მოკრავს მათ საუბარს და მისი აღფრთოვანება ძლიერდება. ჟერონტი ლესკოს მისი მომხიბლავი დის შესახებ გამოჰკითხავს. მანონით მდიდარი კოლექციონერის დაინტერესება შეუმჩნეველი არ რჩება ედმონდოს ცოლს, რომელიც ეჭვიანობს - ჟერონტი მისი კეთილისმყოფელია და მას არ უნდა მისი ვინმესთან გაზიარება. ედმონდოს ცოლი ქმარს აცნობებს, რომ ჟერონტი მანონით დაინტერესდა, რადგან იცის, რომ ედმონდო ამას თავის მეგობარს შეატყობინებს. დე გრიე სიყვარულს უხსნის მანონს და სთხოვს, რომ მას გაყვეს. მანონი, რომელსაც მობეზრდა უპასუხისმგებლო ძმაზე ზრუნვა, აღფრთოვანებულია დე გრიეს ვნებით და იღებს მის წინადადებას. ჟერონტი უკმაყოფილოა, მაგრამ ლესკო ანუგეშებს მას და არწმუნებს, რომ მისი და სამუდამოდ არ გაქრება. გარკვეული ხნის შემდეგ კომფორტისა და ფინანსური კეთილდღეობის სურვილი ვნებებს სძლევს - ამბობს ლესკო.
/შესვენება/
მოქმედება II
ხელოვნების ნიმუშებით სავსე ჟერონტის სასახლე. შემოდის ქანდაკების მსგავსი მანონი. ის ცდილობს სიცოცხლე შეიტანოს მის გარშემო არსებულ გაყინულ სილამაზეში. მანონმა გარკვეული დრო გაატარა დე გრიესთან, მაგრამ, როგორც კი ფული გაუთავდათ, ჟერონტის მდიდრულ სახლში წავიდა. მანონი ძმას არ უმალავს, რომ დე გრიე უყვარს. ლესკო შიშობს, რომ მანონის ემოციებმა შესაძლოა ის დე გრიეს ღარიბ სახლში დააბრუნოს, ჟერონტის ფინანსური მხარდაჭერა დააკარგინოს და დე გრიეს საპოვნელად მიდის. ლესკოს იმედი აქვს, რომ ყოფილ საყვარელთან ხანმოკლე შეხვედრა დაამშვიდებს მანონს. ჟერონტი საცხენოსნო წვეულებიდან მეგობრებთან ერთად ბრუნდება, მას მათთვის თავისი ბოლო შენაძენის, ცოცხალი ქანდაკების - მანონის ჩვენება უნდა. წარმოდგენის დროს დე გრიე შემოდის, მანონი შენიშნავს მას. ჟერონტი და მისი სტუმრები გადიან, მანონი კი პირდება მათ, რომ რამდენიმე წუთში შეუერთდება.
დე გრიეს და მანონს სიყვარული უახლდებათ. ჟერონტი შეესწრება მათი ვნებიანი საუბრის დაბოლოებას. მანონი, ჟერონტის პროვოცირების მიზნით ამსხვრევს მის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ქანდაკებას. ჟერონტი ტოვებს მათ და ამბობს, რომ მალე დაბრუნდება. დე გრიე ევედრება მანონს, დატოვოს ჟერონტის სასახლე, მაგრამ მანონს არ შეუძლია ასე ადვილად შეელიოს მდიდრულ გარემოს. შემოდის ლესკო და ატყობინებს მათ, რომ ჟერონტი მცველებთან ერთად ბრუნდება. ის მათ გაქცევისკენ მოუწოდებს, მაგრამ მანონი ფეხს ითრევს. იგი იმიზეზებს, რომ სურს შეაგროვოს რამდენიმე ძვირფასი ნივთი თან წასაღებად. შემოდიან მცველები. ლესკო და დე გრიე იძულებულნი არიან წავიდნენ და დატოვონ მანონი.
/შესვენება/
ინტერმეცო და III აქტი
დე გრიე იმედოვნებს, რომ დაუბრუნდება თავის სიყვარულს და ლესკოს მიერ დაქირავებული მცველების დახმარებით გეგმავს მანონის გადასახლებისგან გადარჩენას. მანონს გულწრფელად უხარია დე გრიეს ნახვა, მაგრამ როდესაც მისი გეგმების შესახებ შეიტყობს, ევედრება მას არ გაჰყვეს. ქუჩიდან ხმაური ისმის; ლესკოს მცდელობა ჩაიშალა.
ჟერონტის სასახლეში მის ძვირფას კოლექციას გადასატანად ამზადებენ. კოლექციის ყველაზე ძვირფასი ნივთს შლიან. საბაჟოს მუშაკი შეფუთვისას ქანდაკებების სიას ადგენს. ინვენტარის სიაში მანონის სახელიცაა. შემოდის ჟერონტი, დე გრიე ევედრება მას, რომ ერთი წუთით მანონთან მარტო დატოვოს. ჟერონტი თანახმაა. ყველა დანარჩენი ტოვებს ოთახს. რჩებიან მხოლოდ დე გრიე, იმ იმედით, რომ ცხოვრებას მანონთან ერთად გააგრძელებს, და მანონი, რომელიც ჯერ კიდევ ჭოჭმანონს საკუთარ გრძნობებში.
აქტი IV
დე გრიეს ოცნება-ხილვა აქვს. სიზმარში ის ხედავს უიღბლო სიყვარულის სარკეში არეკლილ აჩრდილებს. დე გრიე და მანონი ამ მტანჯველი ხილვის მხოლოდ დამკვირვებლები არიან. ისინი კიდევ ერთ გზაჯვარედინზე დგანან, ემოციურ უდაბნოში. მანონი მის გვერდითაა და დახმარებას ითხოვს, მაგრამ დე გრიეს დახმარება აღარ შეუძლია. მისი სიზმრის ბოლოს, სიკვდილამდე, მანონი აღიარებს, რომ დე გრიე იყო ერთადერთი, ვინც ოდესმე ყვარებია.
https://www.opera.lv