შინაარსი
პირველი მოქმედება
„იერუსალიმი“
რადგან მე მოვაქციე ჩემი პირი ამ ქალაქის წინააღმდეგ საუბედუროდ და საბოროტოდ,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ბაბილონის მეფის ხელთ გადაეცემა იგი და ცეცხლით გადაწვავს მას.’
იერემია 21:10
სოლომონის ტაძარი
ტაძარში თავმოყრილ ხალხს საშინელი ამბავი აფორიაქებს: ქალაქს თავს ასირიის მრისხანე მეფე ნაბუქოდონოსორი დაესხა. ებრაელი მამაკაცები, ქალწულები და ლევიტები ღმერთს ევედრებიან, შეაჩეროს მტრის რისხვა.
უმაღლესი მღვდელმთავარ ზაქარიას და მის დას, ანას თან მოჰყავთ მათთან მძევლად მყოფი ასირიელი პრინცესა ფენენა, რომელიც ახლა მათი ერთადერთი ხსნაა. ზაქარია ცდილობს ანუგეშოს სასოწარკვეთილი ხალხი.
შემოდის იერუსალიმის მეფის ძმისშვილი, მებრძოლი ისმაელე რამდენიმე ებრაელი მეომარი. საიმედო ამბავი მათაც არ მოაქვთ. ზაქარიას ფენენა მიჰყავს ისმაელესთან და აბარებს მას, როგორც უკანასკნელ იმედს.
ფენენას და ისმაელეს ერთმანეთი უყვართ, თუმცა ეს არავინ იცის. წარსულში, ბაბილონში ფენენამ ახალგაზრდა მებრძოლი მისი დის, აბიგაილის რისხვისგან იხსნა და ახლა ისმაელე აპირებს, მას თავისუფლება მოუპოვოს. სანამ ისმაელე საიდუმლო კარის გაღებას ლამობს, შემოიჭრება აბიგაილი, დაშნით ხელში და ებრაელთა ტანისამოსში გადაცმული რამდენიმე თანამებრძოლით.
ტაძარი აღებულია. შეყვარებულებს შორის ჩამდგარი აბიგაილი გესლიანად დასცინის ისმაელს, მამაცი მებრძოლი ყოფილხარ, ნუთუ მხოლოდ არშიყობაა შენი იარაღიო; ხოლო ფენენას ღალატისთვის შურისძიებით ემუქრება. შემდეგ, წამით შეჩერდება, ისმაელს მიუახლოვდება მისდამი სიყვარულს შეახსენებს და პირდება, თუ შემიყვარებ, შენც გიხსნი და შენს ხალხსაცო. ისმაელი უარყოფს ამ შემოთავაზებას. მხოლოდ თავისი ხალხის შებრალებას სთხოვს. ხოლო ფენენა უკვე ისრაელის ღმერთს შესთხოვს ხალხის ხსნას.
ტაძარში ჯგუფ-ჯგუფად შემოდიან ებრაელი ქალები და კაცები, მეომარი ლევიტები, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ იქ მყოფთ. შემდეგ ზაქარია და ანა. ყველანი ძრწოლვით შეჰყურებენ ცხენზე ამხედრებულ ნაბუქოდონოსორს, რომელიც ტაძრისკენ გრიგალივით მოჰქრის.
ბაბილონელი მებრძოლები ტაძარში შემოიჭრებიან და მთელს სცენაზე გაიფანტებიან. ტაძრის ზღურბლზე გამოჩნდება ცხენზე ამხედრებული ასირიის მეფე.
ზაქარია მიირბენს ფენენასთან, ხანჯალს მოუღერებს და ნაბუქოდონოსორს მისი, საკუთარი ქალიშვილის მოკვლით ემუქრება. ისიც გადაწყვეტს, თავი მოიკატუნოს და ცხენიდან ჩამოდის.
ფენენა მამას შებრალებას სთხოვს, ებრაელებს იმედი ესახებათ, მაგრამ ნაბუქოდონოსორს კვლავ რისხვა იპყრობს, ის უდიერად ახსენებს ებრაელების ღმერთს და დასცინის მას. მაშინ, ზაქარია ფენენას ხანჯალს მიაბჯენს, მაგრამ ისმაელე მოულოდნელად დაუკავებს ხანჯალს და გაათავისუფლებს ფენენას, რომელიც მამას ჩაეხუტება. ველური სიხარულით შეპყრობილი ნაბუქოდონოსორი ბაბილონელებს ტაძრის დარბევის და იქ მყოფთა ამოჟლეტის ბრძანებას აძლევს. აბიგაილი სიხარულით მონაწილეობს ამ ბრძანების აღსრულებაში, შეყვარებულ წყვილს კი შიში და სირცხვილი ტანჯავს. ზაქარია და ებრაელები წყევლიან და განკვეთენ ისმაელეს.
მეორე მოქმედება
„მკრეხელი“
აჰა, უფლის ქარიშხალი! რისხვა გამოვიდა, ქარიშხალი ტრიალებს; ბოროტმოქმედთ თავს დაატყდება.
იერემია 30.23
სამეფო სასახლის პალატები ბაბილონში
სანამ ებრაელებს ებრძვის, ნაბუკომ თავის შემცვლელად და ტყვეთა მფარველად ფენენა დანიშნა, რამაც აბიგაილი საშინლად გააბრაზა. ამასთანავე, მან ის დოკუმენტიც აღმოაჩინა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის არა მეფის, არამედ მონის შვილია. თუმცა ეს არავინ იცის. აბიგაილი გადაწყვეტს, ეს გარემოება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ბოლო მოუღოს ფენენას და ნაბუკოს.
შემოდიან აღშფოთებული ბელოს ქურუმთქურუმი, მისნები, სამეფოს დიდებულები, მათ აღმოაჩინეს, რომ ფენენა ტყვე ებრაელებს უთანაგრძნობს და ისინი გაათავისუფლა კიდეც. ქურუმი აბიგაილს სთხოვს, მან აიღოს ძალაუფლება, ხოლო ისინი ხმას გაავრცელებენ, რომ მეფე ბრძოლაში დაიღუპა. აბიგაილი გეგმას თანხმდება.
სამეფო სასახლის დარბაზში ზაქარია შემოდის ერთ ლევიტთან ერთად, რომელსაც ხელთ კანონის დაფა უპყრია. ზაქარია საქადაგოდ ფენენას საცხოვრებელში შედის. დარბაზში მალე შემოდიან ლევიტები, სიღრმიდან ისმაელეც ჩნდება. ლევიტებს არ სურთ მისი ნახვა და მიღება, რაც ისმაელეს სასოწარკვეთილებას იწვევს.
ფენენა, ანა, ზაქარია და ლევიტი კანონის დაფით დარბაზში ბრუნდებიან. ანა ლევიტებს სთხოვს, შეუნდონ ისმაელეს, რადგან მან ფენენას სახით ებრაელი ქალი იხსნა. საერთო სიხარულს აქოშინებული მოხუცი აბდალო არღვევს - მან მეფის დაღუპვის ამბავი მოიტანა, რაც ფენენას დაღუპვასაც ნიშნავს, რადგან ხალხი დედოფლად აბიგაილს მოითხოვს.
ბელოს ქურუმი, აბიგაილი, დიდებულები, მისნები, ხალხი, ბაბილონელი ქალები დარბაზში შემოდიან. „გაუმარჯოს აბიგაილს! სიკვდილი ებრაელებს!“ - ყვირიან ისინი. აბიგაილი ფენენას გვირგვინს მოსთხოვს.
ნაბუქოდონოსორი თავის მებრძოლებთან ერთად გზას გაიკვლევს ხალში, ფენენასა და აბიგაილს შორის ჩადგება, აიღებს გვირგვინს, თავზე დაიდებს და მიმართავს აბიგაილს, თუ შეგიძლია, ჩემი თავიდან მიიღე გვირგვინიო. გაამპარტავნებული მეფე ახლა უკვე, ებრაელთა ღმერთთან ერთად, ბაბილონელების ღმერთსაც გმობს და თავს ერთადერთ ღმერთად აცხადებს და თავდახრით თაყვანისცემას მოითხოვს. ზაქარია წყევლის მას. ნაბუქოდონოსორი თავის მეომრებს მოხუცის და მისი თანმხლებების მოკვლას უბრძანებს, მაგრამ მას ფენენა გადაეფარება. მეფე ფენენასაც მის წინაშე დაჩოქებას აიძულებს, მაგრამ ფენენა არ ემორჩილება, რადგან თავს ებრაელად მიიჩნევს.
ატყდება ჭექა-ქუხილი, მეფის გვირგვინს მეხი დაეცემა. შეძრწუნებულ ნაბუქოდონოსორი გრძნობს, რომ ზებუნებრივი ძალა გვირგვინს აცლის. არეულობას სამარისებური სიჩუმე ცვლის. ნაბუქოდონოსორი ჭკუიდან იშლება. ახლა ის საბრალო, უმწეო მოხუცია. აბიგაილი აიღებს ნაბუქოდონოსორის თავიდან ჩამოვარდნილ გვირგვინს. „ბელოს ხალხის ბრწყინვალება კი არასოდეს ჩაქრება!“ - აცხადებს ის.
მესამე მოქმედება
„წინასწარმეტყველება“
ამიტომ იცხოვრებენ იქ აფთარნი ტურებთან ერთად, და სირაქლემები იცხოვრებენ მასში! და აღარ დასახლდება არასოდეს და არ გაკაცრიელდება თაობიდან თაობამდე.
იერემია 50.39
დაკიდული ბაღები
აბიგაილი სამეფო ტახტზე ზის. მის ფერხთით მისნები და დიდებულნი სხედან. სამსხვერპლოს მახლობლად, ბელოს ოქროს კერპის გვერდით, დგას ქურუმთქურუმი თავის მომხრეებთან ერთად. ბაბილონელი ქალები, ხალხი, ჯარისკაცებიც აქვე არიან. ყველა ადიდებს ძლევამოსილ დედოფალს, ხოლო უმაღლესი ქურუმი მას ფენენას სიკვდილით დასჯის განაჩენს უწვდის ხელმოსაწერად. აბიგაილი თვალთმაქცურად შეიცხადებს. ამასობაში, შემოდის წვერგაბურძგნული და აჩაჩულ-ჩაჩაჩული ნაბუქოდონოსორი. მცველები, მოხუცი აბდალოს მეთაურობით, მას დიდის პატივისცემით გაატარებენ. აბიგაილი მისი ნახვით აღშფოთებულია. თავის მხრივ, მის უპატივცემულო ტონს ნაბუკოც იუკადრისებს - მას თავი ისევ მეფე ჰგონია. აბიგაილი გადაწყვეტს, მისი შეშლილობით ისარგებლოს. მარტო დარჩენილი, ნაბუკოს მოატყუებს, „ავად იყავი... ხალხი აჯანყებული ებრაელების დასჯას ითხოვს; მის სურვილს მეფური ბეჭედი შენ უნდა დაუსვაო“! ისიც ხელს მოაწერს ფენენას და ებრაელების სასიკვდილო განაჩენს. მხოლოდ ამის შემდეგ გაიაზრებს, რომ საკუთარი შვილი გასწირა მოსაკლავად, განრისხებული აბიგაილს მხევალს უწოდებს და ამის დასამტკიცებელ საბუთს ამაოდ ეძებს - ის აბიგაილის ხელშია, რომელიც მას წამსვე გაანადგურებს. ნაბუქოდონოსორი უმწეო და სასოწარკვეთილია. ის მცველებს მოუხმობს, რომლებიც, აბიგაილის ბრძანებით, მისი ტყვეობის დარაჯებად იქცნენ.
ევფრატის ნაპირზე კი შებორკილი და სამუშაომისჯილი ებრაელები შორეულ სამშობლოზე დარდობენ. ზაქარია მათ გამხნევებას ცდილობს.
მეოთხე მოქმედება
„დამსხვრეული კერპი“
შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, შერცხვენილია მისი კერპები, დალეწილია მათი ძეგლები!იერემია 50.2
სასახლე
სავარძელში მჯდარი ნაბუქოდონოსორი ღრმა ძილში წასულა და საშინელი სიზმარი აფხიზლებს. გარედან მოისმის ტაშისცემა და შეძახილები - ფენენას სიკვდილით დასჯის მზადება მიმდინარეობს, რასაც ნაბუკო ფანჯრიდან მოჰკრავს თვალს,
მივარდება კარს და როცა მას დაკეტილს ნახავს, ამაოდ ცდილობს თავის დაღწევას და საბოლოოდ სასოწარკვეთილი შველისთვის ებრაელთა ღმერთს მიმართავს, აღიარებს რა მის ყოვლისშემძლეობას. შემდეგ კი, შემოსულ აბდალოს და მცველებს დაარწმუნებს, რომ კვლავ დაუბრუნდა გონება და წინ გაუძღვება მათ.
დაკიდული ბაღები
ბელოს ქურუმი კოლონადის ქვეშ იმყოფება, სამსხვერპლოს მახლობლად, რომლის აქეთ-იქეთ ნაჯახით შეიარაღებული ორი მსხვერპლმწირავი დგას. პირქუში ჰანგი ფენენასა და სიკვდილმისჯილი ებრაელების მოასვლას ამცნობს. სცენის შუამდე მისული ფენენა შეჩერდება და ზაქარიას წინაშე დაიჩოქებს. ზაქარია დალოცავს მას და ფენენა მზადაა თავის გასაწირად. მაგრამ გარედან მოისმის ხმები, რომლებიც ნაბუკოს ესალმებიან.
ნაბუქოდონოსორი შემოიჭრება ამოწვდილი მახვილით, მეომრებისა და აბდალოს თანხლებით, რომელთაც კერპის გაცამტვერებას უბრძანებს. კერპი თავისით დაემხობა. ყველა გაოგნებულია. ნაბუკო მიმართავს ებრაელებს და ადიდებს მათ ღმერთს.
აბიგაილი, რომელიც ორი ბაბილონელი ქალის დახმარებით შემოდის. მან თავი მოიწამლა, ახლა უკანასკნელ წამებს ითვლის და ფენენასთან პატიების სათხოვნელად მოვიდა. ის ასევე სთხოვს ნაბუკოს, ხელი არ შეუშალოს ფენენას და ისმაელეს სიყვარულს. ბოლოს, სიკვდილის წინ, მოუხმობს და აღიარებს ებრაელთა ღმერთს.
სწორედ მისი განდიდებით, საზეიმოდ მთავრდება ოპერა.