თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
ვერდის ფესტივალი საქართველოში
ფესტივალის გახსნა
16 აგვისტო, 2019 წელი
ჯუზეპე ვერდი
ბალ-მასკარადი
ოპერა სამ მოქმედებად
ლიბრეტოს ავტორი: ანტონიო სომა
რიკარდო ოთარ ჯორჯიკია
რენატო სულხან გველესიანი
ამელია მაყვალა ასპანიძე
ულრიკა ნანა ძიძიგური
ოსკარი მარიანა ბერიძე
სილვანო ვანო გალუაშვილი
სამუელი ლევან მაკარიძე
ტომი გიორგი გოდერძიშვილი
მოსამართლე ალექსანდრე თიბელიშვილი
ამელიას მსახური პაატა სუხიტაშვილი
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი
თეატრის მთავარი დირიჟორი: ზაზა აზმაიფარაშვილი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე
დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი
რეჟისორი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი პიერლუიჯი სამარიტანი
განათების მხატვარი სტეფანო გორერი
რეჟისორის ასისტენტები: ზაზა აღლაძე, ხათუნა ბედელაძე, ლელა გვარიშვილი
სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი – ამირან ანანიაშვილი
მხატვარი-მოდელიორი – თამარ ჩარგეიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე – გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი – მარინა ბურჭულაძე
პარმის Teatro Regio-ს სპექტაკლი
სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ფესტივალი ტარდება პროგრამის „საქართველო, ევროპა“ ფარგლებში
ვერდის ფესტივალი საქართველოში!
16 აგვისტოს ვერდის ფესტივალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პარმის Teatro Regio-ს სპექტაკლით „ბალ-მასკარადი“ გაიხსნება.
სპექტაკლში მონაწილეობენ: თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში და ონლაინ - www.tkt.ge
შინაარსი
პირველი მოქმედება
ბოსტონის გუბერნატორი, უორვიკის გრაფი რიჩარდი (რიკარდო) სასახლეში თავის ქვეშევრდომებს ხვდება. სხვა საქმეებთან ერთად, ის ამოწმებს მეჯლისზე მოწვეულთა სიასაც და მათ შორის ამელიას სახელს ხედავს. ამელია მისი ერთგული მეგობრისა და მდივნის, რენატოს ცოლია, რომელიც რიჩარდს უკვე დიდი ხანია საიდუმლოდ უყვარს.
გამოჩნდება რენატო. მას სურს, გრაფი მოსალოდნელი შეთქმულების შესახებ გააფრთხილოს. რიჩარდს არ სურს მოღალატეების სახელების გაგება და მათ სისხლში ხელის გასვრა, რადგან ზეცის მფარველობის და ხალხის სიყვარულის იმედი აქვს.
მთავარ მოსამართლეს გრაფთან ხელმოსაწერად განაჩენი მოაქვს: ჯადოქარ ულრიკას ქალაქიდან გასახლება მიესაჯა. ოსკარი, რიჩარდის ერთგული პაჟი, ულრიკას მხარს იჭერს და გრაფს მის წინასწარმეტყველების საოცარ უნარზე უყვება. რიჩარდი გასახლების ბრძანებას გააუქმებს, ხოლო ირგვლივ მყოფთ შესთავაზებს, შეინიღბონ და გასართობად მკითხავის სახლი მოინახულონ.
ულრიკას ქოხში მომავლის გაგების მსურველთა გრძელი რიგია. აქაა მეთევზედ გადაცმული რიჩარდი თავის მხლებლებთან ერთად. მომლოდინეთა შორის არიან გრაფის მტრებიც: ტომი და სამუელი. ისინი მკვლელობისთვის ხელსაყრელ გარემოებას ელიან.
მეზღვაურ სილვანოს სურს შეიტყოს, თავისი თხუთმეტწლიანი თავდადებული სამსახურისთვის რას უნდა ელოდოს. „გიხაროდეს: გაჭირვება ლხინით შეგეცვლება“ - უწინასწარმეტყველებს ულრიკა. რიჩარდი მალულად წერს ბრძანებას სილვანოს დაჯილდოებაზე და ჯიბეში უჩუმრად ჩაუცურებს მას. მეზღვაური ჯიბეებს მოიქექავს და სახტად რჩება: მოულოდნელ ბედნიერებას ულრიკას ნიჭს მიაწერს.
კარებზე კაკუნია: ამელიაც მოვიდა. მას სურს, ჯადოქარს პირისპირ ელაპარაკოს. ულრიკა ყველას გარეთ გაისტუმრებს მაგრამ, გრაფი ოთახში რჩება, იმალება და ყურს უგდებს ამელიას თხოვნას: ქალს სურს, ულრიკამ გაათავისუფლოს აკრძალული სიყვარულისგან, რომელსაც ის რიჩარდისადმი განიცდის. ჯადოქრის მიერ შეთავაზებული გამოსავალი საზარელია: შუაღამისას ამელია უნდა წავიდეს ქალაქგარეთ, ფერმკრთალი მთვარით განათებულ ხრიოკ მინდორზე, სადაც სიკვდილმისჯილები სიცოცხლეს ეთხოვებიან. სწორედ იქ იზრდება მცენარე, რომლის წვეთებსაც შეუძლიათ შველა, თუ ქალი მას საკუთარი ხელით დაკრეფს. ამელიას ძრწოლა აიტანს, მაგრამ, მზადაა ულრიკას რჩევას მიჰყვეს. რიჩარდი გადაწყვეტს, მალულად უკან გაჰყვეს საყვარელ ქალს.
კარების მიღმა, ხალხს მოთმინება ეწურება და მხიარული და დამცინავი შეძახილებით ულრიკასგან მიღებას მოითხოვენ. „ვინც არ უნდა იყოთ, ბოროტი სიტყვა ოდესმე ცრემლად გექცევათ. ვინც გრძნეულის სახლში უხამსობს, ცოდვას ტანჯვით გამოისყიდის; ვინც თავის ბედს უტიფრად უპირისპირდება, მას ბედივე დასჯისო“ - აფრთხილებს მათ მკითხავი.
რიჩარდის ჯერი დგება. ულრიკა იოლად ხვდება, რომ დიდებულის ხელს უყურებს, მაგრამ ნანახი ისე აძრწუნებს, რომ მკითხაობის გაგრძელებაზე უარს ამბობს. რიჩარდი დაჟინებით მოითხოვს, სათქმელი ბოლომდე ითქვას. მაშინ ულრიკა უწინასწარმეტყველებს, რომ მალე, არა ბრძოლაში, არამედ მეგობრის ხელით სიკვდილი ელის. ირგვლივ სიჩუმე დაისადგურებს. რიჩარდი ულრიკას ნათქვამს სულელურ ხუმრობას უწოდებს და მოითხოვს, მკვლელის ვინაობაც დაასახელოს. „ვინც დღეს პირველი ჩამოგართმევს ხელს“ - ეუბნება ულრიკა. გრაფი, მკითხავის მატყუარობა რომ დაამტკიცოს, ხელს უწვდის ირგვლივ მყოფთ, რომლებიც საპასუხო ჟესტს ვერ ბედავენ. მაშინ, რიჩარდი შემოსწრებულ რენატოსთან მიირბენს და ხელს ჩამოართმევს მას. ამის შემდეგ, ყველა რწმუნდება ულრიკას სიცრუეში, რენატო ხომ გრაფის უერთგულესი მეგობარია.
გარეთ ჩოჩქოლია. სილვანომ რიჩარდი იცნო და ხალხი შეკრიბა, რომ ყველანი მიესალმონ სულგრძელ, მოწყალე გუბერნატორს.
მეორე მოქმედება
შუაღამისას, ქალაქგარეთ, უკაცრიელ მინდორზე, ჯადოსნური მცენარის ძებნისას ამელია რიჩარდს გადაეყრება. გატანჯული და ცრემლმორეული ქალი ევედრება საყვარელ მამაკაცს, მარტო დატოვოს იგი. გრაფი წასვლას არ აპირებს და ამელიასაც თავისი გრძნობების დასაფარად ძალა აღარ შესწევს. სწორედ მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს სიყვარულს უმხელენ,
გამოჩნდება რენატო. შეშინებული ამელია სახეს პირბადით იფარავს. რენატო რიჩარდს აფრთხილებს, რომ სამუელი და ტომი მის მოკვლას აპირებენ და აქეთ მოდიან. გრაფი იძულებულია იქაურობა დატოვოს, მაგრამ, წასვლამდე, მეგობარს სთხოვს, ქალბატონი ქალაქის შესასვლელამდე მიაცილოს ისე, რომ მისი ვინაობის გაგებას არც კი შეეცადოს. რენატო პირობას დებს.
გრაფი თვალს მიეფარება. მაღლობზე გამოჩნდებიან სამუელი, ტომი და მათი თანამზრახველები. შეიტყობენ რა, რომ მსხვერპლი ხელიდან გაუსხლტათ, იმედგაცრუებულები ახლა მის სატრფოდ მიჩნეულ იდუმალ ქალბატონს დაადგამენ თვალს და პირბადის ჩამოგლეჯას ლამობენ. დაშნამომარჯვებულ რენატოს აშკარა სიკვდილი ელის. შეშინებული ამელია, მის გადასარჩენად საბურველს თვითონ მოიხსნის. შეთქმულები გესლიანად დასცინიან უკიდურესად შეურაცხყოფილ ქმარს რომლის გულშიც რიჩარდისადმი ერთგულება შურისძიების სურვილმა შეცვალა. ამიტომაც, ის, მომდევნო დილისთვის, სამუელს და ტომს საკუთარ სახლში მოსალაპარაკებლად იბარებს და ამელიასთან ერთად ქალაქში ბრუნდება.
მესამე მოქმედება
გამძვინვარებულ რენატოს ცოლის მოკვლა გადაუწყვეტია. ბედს შეგუებული ქალი ქმარს უკანასკნელ წყალობას - შვილის ნახვის ნებას სთხოვს. რენატო თანხმდება, მარტო დარჩენილი კი რიჩარდის პორტრეტს შეჰყურებს და გადაწყვეტს, რომ უმჯობესია, ამელიას ნაცვლად, მისი ღირსების წამბილწველი და მეგობრობის მოღალატე გრაფი გაისტუმროს იმქვეყნად.
შემოდიან სამუელი და ტომი. რენატო აცხადებს, რომ მზადაა მათ შეთქმულებას შეუერთდეს და თავისი განზრახვის სიმტკიცის დასტურად, მკვლელებს მძევლად საკუთარ შვილს უტოვებს. ახლა, კიდევ ერთი საკითხია გადასაწყვეტი: ვინ მოკლავს რიჩარდს? სამივე შეთქმულს თავისი მიზეზი აქვს გრაფის მოსაკლავად, ამიტომ, გადაწყვეტენ, წილი ყარონ. რენატო იღებს ჭურჭელს, რომელშიც სამივე პრეტენდენტის ქაღალდზე დაწერილ სახელებს ყრის.
შემოდის ამელია, მან წილისყრაზე არაფერი იცის. რენატო გადაწყვეტს, რიჩარდის მკვლელის სახელი ჭურჭლიდან სწორედ ამელიას უცოდველმა ხელმა ამოიღოს.
წილი ნაყარია. მკვლელობის აღსრულება რენატოს ერგო.
ოსკარს ცოლ-ქმრისთვის გრაფის სასახლეში დაგეგმილ ბალ-მასკარადზე მოსაწვევი მოაქვს. რენატო გადაწყვეტს, რომ ეს მკვლელობისთვის საუკეთესო შანსია. სამი შეთქმული შეთანხმდება როგორ ამოიცნონ ერთმანეთი ბალ-მასკარადზე.
ამელია უკვე ხვდება მათ განზრახვას და გამოსავლის პოვნას ცდილობს.
ამასობაში, ცალკე სინდისის ქენჯნით, ცალკე სიყვარულით გატანჯული რიჩარდი საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. რენატო და მისი ცოლი ინგლისში გაემგზავრებიან და ამით ის სამუდამოდ მოშორდება ამელიას, მაგრამ მანამდე, ბალ-მასკარადზე, საყვარელ ქალს უკანასკნელად ნახავს.
პაჟ ოსკარს მისთვის ხელმოუწერელი ბარათი მოაქვს: გრაფს აფრთხილებენ, რომ ბალ-მასკარადზე მის მოკვლას შეეცდებიან. რიჩარდი არაფრად აგდებს ამ ინფორმაციას, მისი გონება მთლიანად ამელიას ნახვის სურვილს მოუცავს.
გუბერნატორის სასახლის დარბაზში ბალ-მასკარადია კულმინაციას აღწევს. რენატო ოსკარს გამოსტყუებს გრაფის ამოსაცნობად საჭირო ინფორმაციას და მას სწორედ იმ მომენტში წაადგება თავს, როცა რიჩარდი ამელიას უკანასკნელად ესაუბრება თავის სიყვარულზე, თან სამუდამოდ ემშვიდობება. რენატო ყოფილ მეგობარს ხანჯლით სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებს და მიმალვას ცდილობს, მაგრამ სტუმრები დაიჭერენ და ნიღაბს ჩამოგლეჯენ. მომაკვდავი რიჩარდი ყველას სთხოვს, გაათავისუფლონ მკვლელი, ამ უკანასკნელს კი, ინგლისში მისი მივლინების დოკუმენტს გადასცემს და ამელიას უცოდველობაში დაარწმუნებს. თავზარდაცემული რენატო ახლაღა ხვდება, რა საშინელი დანაშაული ჩაიდინა. გარშემომყოფნი ამაოდ ლოცულობენ თავიანთი დიდსულოვანი მმართველი გადარჩენაზე.
რიჩარდი ემშვიდობება ერთგულ ქვეშევრდომებს და საყოველთაო მწუხარებით გარემოცული კვდება.