ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა იწყება!
თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრი იწყებს ახალ პროექტს -
ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამას. ახალგაზრდა მომღერლების დახელოვნების, უწყვეტი განათლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში იგეგმება პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან თეატრთან.
გაცვლითი პროგრამები იგეგმება შემდეგ თეატრებთან: ნიუ იორკის
Metropolitan Opera,
Lindemann Young Artist Development Program, ლოს ანჯელესის ოპერა -
Placido Domingo-Thornton Young Artist Program, მიუნხენის ოპერა -
Bayerische Staatsoper - Opera Studio, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი -
The Jette Parker Young Artists Programme, პარიზის
Opera de Bastille-ს აკადემია, მილანის
Accademia Teatro alla Scala, პარმის
Teatro Regio-ს ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა, ბარსელონას მუსიკის საერთაშორისო აკადემია
Concertante, პუჩინის ფესტივალის
Torre del lago-ს ახალგაზრდული პროგრამა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში
პირველი გაცვლითი პროგრამა ბერლინის შტაატსოპერასთან ერთად ხორციელდება. Staatsoper Unter den Linden-ის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელია ბორის ანიფანტაკისი, საოპერო სტუდიის შემოქმედებითი ნაწილის ხელმძღვანელი - მაესტრო
დანიელ ბარენბოიმი.
პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება ამა წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე და მასში მონაწილეობას მიიღებენ Staatsoper Unter den Linden-ის საერთაშორისო საოპერო სტუდიის 4 მომღერალი და პიანისტი: სლავკა ზამეჩნიკოვა (სოპრანო), კლარა კორინა შიურლე (მეცოსოპრანო), ანდრეს მორენო გარსია (ტენორი), ადამ კუტნი (ბარიტონი), მარკუს ცუგეჰოერი (კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი) და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 6 სტაჟიორი და პიანისტი: ირინა
შერაზადაშვილი (სოპრანო), ნინო ზაქაიძე (მეცოსოპრანო), პაატა სუხიტაშვილი (ტენორი), გიორგი მჭედლიშვილი (ბარიტონი), გიორგი ჭელიძე (ბანი), გიორგი ცინცაძე (ტენორი) და ნათია აზარაშვილი (პიანისტი).
პირველი მასტერკლასი გაიმართება 1 ნოემბერს და მას კონცერტმაისტერ-რეპეტიტორი მარკუს ცუგეჰოერი გაუძღვება.
2 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის დიდ დარბაზში მონაწილეთა ერთობლივი კონცერტი ჩატარდება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
3 ნოემბერს, 15:00 საათზე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე პროექტში მონაწილე ახალგაზრდა მომღერლებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს.
ამავე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2018 წლის 27 ივნისს, დაგეგმილია ერთობლივი კონცერტი Staatsoper Unter den Linden-ის საკონცერტო დარბაზში Apollo-Saal. 28 ივნისს მომღერლებს მასტერკლასს ცნობილი ამერიკელი საოპერო მომღერალი, დებორა პოლასკი ჩაუტარებს.
თბილისის ოპერის თეატრისა და ბერლინის შტაატსოპერის პროგრამა ხორციელდება საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით.