თბილისის ოპერის სტაჟიორები ბერლინის შტაატსოპერის ახალგაზრდულ საოპერო სტუდიაში


თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ახალი პროექტის - „ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის“ ფარგლებში, ამავე თეატრის სტაჟიორები გიორგი მჭედლიშვილი და გიორგი ჭელიძე 2018 წლის თებერვლიდან ბერლინის შტაატსოპერის ახალგაზრდულ საოპერო სტუდიასთან ითანამშრომლებენ.

თბილისში ქართველი მომღერლების მოსმენის შემდეგ, Staatsoper Unter den Linden-ის საოპერო სტუდიის ხელმძღვანელმა ბორის ანიფანტაკისმა ახალგაზრდული პროეტის ორი მონაწილე ბერლინში მოსმენაზე მიიწვია, რის შემდეგაც გიორგი მჭედლიშვილს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, გიორგი ჭელიძე კი მოწვეული სოლისტი გახდა.

„ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამა“ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი მაისურაძის ინიციატივით, 2017 წლის 1-3 ნოემბერს პირველად ჩატარდა. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა მომღერლების დახელოვნებას და გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრთან.

პირველი გაცვლითი პროგრამა ბერლინის Staatsoper Unter den Linden-თან ერთად ხორციელდება. საოპერო სტუდიის ხელმძღვანელია ბორის ანიფანტაკისი, საოპერო სტუდიის შემოქმედებით ნაწილს კი მაესტრო დანიელ ბარენბოიმი ხელმძღვანელობს.