თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის გასტროლი ჩეხეთში

წარმატებული კონცერტების შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი ჩეხეთიდან დაბრუნდა. პრაღაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზში - Rudolfinum გუნდი, მსმენელის წინაშე, ლუიჯი კერუბინის „რეკვიემით“ წარდგა. კონცერტი გამართეს ბრნოს Besedni Dum-შიც.

გასტროლი ჩეხეთის კულტურის მინისტრის პატრონაჟით განხორციელდა, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის გამოსვლებმა მაღალი შეფასება მიიღო.


თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი საოპერო დასთან ერთად მე-19 საუკუნის 50-იან წლებში დაარსდა. ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს გაიხსნა. დაარსების დღიდან გუნდი აქტიურად ჩაერთო თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში. მას შემდეგ, საოპერო სპეტაკლების გარდა, მუდამ მონაწილეობდა და მონაწილეობს გალა-კონცერტებსა თუ ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებების შესრულებაში.  
ოპერის გუნდის პირველი გასვლა საქართველოს ფარგლებს გარეთ 1974 წელს შედგა გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში, ოპერით „აბესალომ და ეთერი”. საოპერო დასთან ერთად მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ სპექტაკლებსა და კონცერტებში (რუსეთი, ბელარუსი, იტალია, გერმანია, მალტა, ისრაელი, შვედეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, საფრანგეთი).
1984-დან  2009 წლამდე, თითქმის ყოველწლიურ გასტროლებზე,  გუნდი ყოველთვის ახლდა საოპერო დასს. ამ პერიოდის განმავლობაში ის გამოდიოდა:  მოსკოვის დიდ თეატრში, მინსკის, ერევნის საოპერო თეატრებში; გერმანიის ქალაქებში - დუისბურგი, გელზენკირხენი,  ლევერკუზენი; ასევე, ბუსეტოში - ღია ცის ქვეშ გამართულ გალა-კონცერტზე, მალტაში, ისრაელში, რიშონ ლეციონის საოპერო თეატრში, ისრაელის კიდევ რამდენიმე ქალაქში: იერუსალიმი, კვირიათ ჰაიმი, ჰერცლია, ასევე, დალჰალას საოპერო მუსიკის ფესტივალზე, შვედეთში.
გუნდის მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს საოპერო ხელოვნების შედევრებს: მოცარტის, ვერდის, პუჩინის, დონიცეტის, ბიზეს, მასკანის, ლეონკავალოს, როსინის, ქართველი და რუსი კომპოზიტორების ოპერებს. ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებებიდან გუნდი ასრულებს ისეთ ოპუსებს, როგორიცაა იოჰან სებასტიან ბახის მესა სი მინორი („მაღალი მესა“), „მათეს პასიონი“, კანტატები, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „რეკვიემი“, ჯუზეპე ვერდის „რეკვიემი“, გია ყანჩელის „სტიქსი“; იოზეფ ჰაიდნის ორატორია „სამყაროს შექმნა“, მესები, კარლ ორფის „კარმინა ბურანა“, ჯოაკინო როსინის „მცირე საზეიმო მესა“, Stabat Mater, ლუდვიგ ვან  ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია, ლუიჯი კერუბინის „რეკვიემი“, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის „მესია“, ფრანც შუბერტის მესა სოლ მაჟორი და სხვ.
2016 წლიდან განახლებული საოპერო თეატრის გახსნის შემდეგ გუნდი, ასევე, წარმატებით გამოდის ოპერის სარეპერტუარო სპექტაკლებსა და ისეთ მასშტაბურ საპრემიერო დადგმებში, როგორიცაა ჟორჟ ბიზეს „კარმენი“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“,  გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი (ფერნანდო ბოტეროს ვერსია), ჯუზეპე ვერდის „აიდა“ (ფრანკო ძეფირელის დადგმა), ასევე, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“.
გუნდს ყოველთვის  ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქორმაისტერები და დირიჟორები.
ამჟამად გუნდის მთავარი ქორმაისტერია ავთანდილ ჩხენკელი, ქორმაისტერი შალვა შაორშაძე. მასში 75 მსახიობია გაერთიანებული.