ქართველი ახალგაზრდა ვოკალისტების წარმატება ბერლინში

თბილისის ოპერის თეატრის „ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის“ ფარგლებში, 27 ივნისს, ბერლინის შტაატსოპერის „Apollo-Saal“-ში, გალა-კონცერტზე, უცხოელ კოლეგებთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგნენ: გიორგი ჭელიძე (ბანი), ნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო), ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო) და ნათია აზარაშვილი (კონცერტმაისტერი).

„ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის“ ორი ქართველი მონაწილე გიორგი მჭედლიშვილი და გიორგი ჭელიძე ბერლინის შტაატსოპერის ახალგაზრდულ საოპერო სტუდიასთან ითანამშრომლებენ.
 
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე ქეთევან გვენეტაძე. მისი თქმით, 2017-2018 წელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების წლად არის გამოცხადებული, ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ოპერის თეატრისა და ბერლინის შტაატსოპერის ინიციატივა, რომელიც არა მხოლოდ ახალგაზრდა ვოკალისტების კარიერულ წინსვლას, არამედ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

ბერლინის შტაატსოპერასთან გაცლითი პროექტი, თბილისის ოპერის თეატრის „ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. პირველი გალა-კონცერტი თბილისის ოპერის თეატრში 2017 წლის 2 ნოემბერს გაიმართა. მასტერ-კლასები თბილისსა და ბერლინში ჩაატარეს ბადრი მაისურაძემ და დებორა პოლასკიმ.