თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN საზეიმოდ დაიხურა

5 მაისს, ოპერის თეატრში, თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსის OPERA CROWN ფინალი ჩატარდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი პრემია გადაეცა ბონგ მინ გილს (სამხრეთ კორეა, ბანი), მეორე ადგილზე გავიდა სოფია მჭედლიშვილი (საქართველო, სოპრანო) და მესამე პრემიის ლაურეატი გახდა გიორგი წამალაშვილი (საქართველო, ბარიტონი).   თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიზი - სპექტაკლში მონაწილეობა და ჰონორარი  2000 აშშ დოლარით გადაეცა სიფამანდლა მოიაკეს სამხრეთ აფრიკიდან (სოპრანო).  ასევე პარიზის ნაციონალური ოპერის სპეციალური შეთავაზება - ორწლიანი კონტრაქტი პარიზის თეატრის საოპერო სტუდიაში სტაჟირებისთვის მიიღო ბონგ მინ გილმა (სამხრეთ კორეა, ბანი).
 
ფინალში სულ 12 კონკურსანტი გავიდა. 1 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით, თბილისის ოპერის სცენაზე,  45 ახალგაზრდა მომღერალი მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, საბერძნეთი, ლატვია, ბელარუსი, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუსეთი, მონღოლეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ტაილანდი, სლოვენია) საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარსდგა.

            კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საოპერო ვარსკვლავები, მსოფლიოს საუკეთესო საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები: ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, პიტერ მარიო კატონა (ლონდონის კოვენტ გარდენი), ჯონათან ფრენდი (ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა), ილიას ცემპეტონიდისი (პარიზის ნაციონალური ოპერა), კრისტინა შეპელმანი (ბარსელონას ლისეუ), ფრანჩესკო ანდოლფი (ნეაპოლის სან-კარლოს თეატრი), ოლგა როსტროპოვიჩი (გალინა ვიშნევსკაიას საოპერო ცენტრი, მსტისლავ როსტროპოვიჩის ფონდი), სებასტიან შვარცი (გლინდებურნის ფესტივალი) და ფაბიანა დალპიაზი (Askonas Holt). ჟიურის თავმჯდომარეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
 
კონკურსი Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.