მიხაილ ლავროვსკი „რომეო და ჯულიეტას“ აღდგენაზე მუშაობს


საბალეტო დასი „რომეო და ჯულიეტას“ აღდგენაზე მუშაობს. რეპეტიციებს თბილისში მიხაილ ლავროვსკი ატარებს. აღდგენილი ბალეტი 2018 წლის იანვარში იქნება წარმოდგენილი.
 
მიხაილ ლავროვსკი:  „გულწრფელად, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მამას ეს ბალეტი ნამდვილად გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ლენინგრადში მუშაობის პროცესში ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, საბოლოოდ შედევრი შექმნა. „რომეო და ჯულიეტას“ დადგმა საბჭოთა კავშირიდან, მტრულად განწყობილმა დასავლეთმაც კი დიდი ოვაციებით მიიღო. პრემიერიდან თითქმის ერთი საუკუნე გავიდა.  ვეთანხმები ნინო ანანიაშვილს, როცა ამბობს, რომ გენიალური ბალეტებიც კი, დროსთან ერთად რედაქტირებას საჭიროებს. ვმუშაობთ ახალ რედაქციაზე. რაც შეეხება საბალეტო დასს, თბილისში ბოლოს 30 წლის წინ ვიმუშავე, მაშინაც ძალიან ნიჭიერი თაობა იყო და ახლაც. კმაყოფილი დავრჩი, ყოჩაღები არიან, მაღალი დონის მოცეკვავეები“.
 
„რომეო და ჯულიეტას“ პრემიერა თბილისში 2006 წლის 19 მაისს გაიმართა და თეატრის რეკოსნტრუქციის გამო რამდენიმე წელია წარმოდგენილი არ ყოფილა.