„კარმენი“ - პრემიერა ოპერაში


20 აპრილს, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში ჟორჟ ბიზეს „კარმენის“ პრემიერა ანშლაგით შედგა.

საიუბილეო 165-ე სეზონზე ჟორჟ ბიზეს ოპერა ლევან წულაძემ დადგა. მაყურებელმა  რეჟისორის ახლებური ინტერპრეტაცია იხილა, რომელშიც, ახალი სცენოგრაფიისა და კონცეფციის მიხედვით, მოქმედება კუბაზეა გადატანილი - ესაა თავისუფლების მოყვარული ბოშა ქალი თავისუფლების კუნძულზე; ჰაბანერა ჰავანური სიგარების ბოლში; მიამიტი ჯარისკაცის სულისშემძვრელ დრამად ქცეული კომიკური ოპერა და ჟორჟ ბიზეს მომნუსხველი მუსიკა...  

„კარმენი“ ლევან წულაძის დებიუტია საოპერო ჟანრში და საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში. სპექტაკლის სცენოგრაფი - ირაკლი ავალიანი, კოსტიუმების მხატვარი - პოლინა რუდჩიკი, დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი. ქორეოგრაფი გია მარღანია. სპექტაკლში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები, გუნდი, საბალეტო დასი და ორკესტრი.

20 აპრილს კარმენის პარტია შეასრულა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კარმენად აღიარებულმა ქართველმა მეცოსოპრანომ - ანიტა რაჭველიშვილმა.

მომღერალს პარტნიორობას გაუწიეს: გერმანიიდან მოწვეული ტენორმა - გიორგი ონიანმა (დონ ჟოზე, დრაგუნების კაპრალი), თბილისის ოპერის თეატრის წამყვანმა სოლისტები - ნიკოლოზ ლაგვილავამ (ესკამილიო, ტორეადორი), ირინა თაბორიძემ (მიკაელა, სოფლელი გოგონა), თამაზ საგინაძემ (დანკაირო, კონტრაბანდისტი), ასევე, ნინო ჩაჩუამ (ფრასკიტა, კარმენის მეგობარი, ბოშა) და ოპერის სტაჟორებმა: ირაკლი მუჯირმა (დანკაირო, კონტრაბანდისტი), ნუცა ზაქაიძემ (მერსედესი, კარმენის მეგობარი, ბოშა), გიორგი ჭელიძემ (ლეიტენანტი ზუნიგა) და ლაშა სესიტაშვილმა (ოფიცერი მორალესი).

21 აპრილს, თეა დემურიშვილი იმღერებს კარმენის პარტიას და მასთან ერთად ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები: ანზორ ხიდაშელი (დონ ჟოზე, დრაგუნების კაპრალი), კახაბერ თეთვაძე (ესკამილიო, ტორეადორი), ხათუნა ჭოხონელიძე (მიკაელა, სოფლელი გოგონა), ასევე სოლისტები: ირა იოსებიძე-მამალაძე (ფრასკიტა, კარმენის მეგობარი, ბოშა), ელენე ჯანჯალია (მერსედესი, კარმენის მეგობარი, ბოშა) და სტაჟორები: ირაკლი მუჯირი (დანკაირო, კონტრაბანდისტი), ალექსანდრე დეკანოიძე (რემენდადო, კონტრაბანდისტი), გივი გიგინეიშვილი (ლეიტენანტი ზუნიგა) და გიორგი წამალაშვილი (ოფიცერი მორალესი).

27 აპრილს, ნანა ძიძიგურის დებიუტი შედგება კარმენის პარტიით. ოპერის სოლისტს პარტნიორობას გაუწევენ მოწვეული ტენორი - გიორგი ონიანი (დონ ჟოზე, დრაგუნების კაპრალი) და ოპერის წაყვანი სოლისტი - ნიკოლოზ ლაგვილავა (ესკამილიო, ტორეადორი), ასევე, ნინო ჩიჩუა (ფრასკიტა, კარმენის მეგობარი, ბოშა) და ოპერის სტაჟორები: თინათინ მამულაშვილი (მიკაელა, სოფლელი გოგონა), ირაკლი მუჯირი (დანკაირო, კონტრაბანდისტი),  ალექსანდრე დეკანოიძე (რემენდადო, კონტრაბანდისტი), ნუცა ზაქაიძე (მერსედესი, კარმენის მეგობარი, ბოშა), გიორგი ჭელიძე (ლეიტენანტი ზუნიგა) და ლაშა სესიტაშვილი (ოფიცერი მორალესი).

მეოთხე საპრემიერო სპექტაკლი 4 მაისს გაიმართება.

ჟორჟ ბიზეს უკვდავი ოპერა „კარმენის“ პრემიერა 1875 წელს, პარიზში, Opera Comique-ის სცენაზე შედგა. თბილისის ოპერის თეატრში „კარმენი“ ზუსტად 10 წლის შემდეგ, 1885 წელს დაიდგა. სპექტაკლმა დიდი წარმატება მოიპოვა, იმთავითვე დაიმკვიდრა ადგილი ჩვენი საოპერო თეატრის სცენაზე და მას შემდეგ კიდევ არაერთი ვერსია დაიდგა.

მსოფლიო საოპერო სცენების ბოლო 5 წლის სტატისტიკით „კარმენი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და ხშირად დადგმული ოპერაა.