დანიელ ორენის კონცერტები


ახალ, 2018 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი მუსიკალური დირექტორის, მაესტრო დანიელ ორენის ორი კონცერტით იწყებს. საღამოებზე თეატრის ორკესტრი და გუნდი, მაესტროს ხელმძღვანელობით, საოპერო შედევრებიდან სიმფონიურ და საგუნდო ფრაგმენტებს შეასრულებენ.
 
კონცერტები გაიმართება 16 და 18 იანვარს, სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

დანიელ ორენი 20 წლის სტუდენტი იყო, როცა 1975 წელს, გერმანიაში, ჰერბერტ ფონ კარაიანის მიერ ბერლინში დაარსებულ დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრიზი მოიპოვა. 1978 წლიდან ა.შ.შ-ში დირიჟორობდა,  მაგრამ მალევე განაგრძო კარიერა იტალიაში, რომის საოპერო თეატრში. ორენი სხვადასხვა დროს მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა იტალიის ისეთ თეატრებში, როგორებიცაა ტრიესტეს Teatro Verdi, ნეაპოლის Teatro San Carlo, გენუის Teatro Carlo Felice.
 
2007 წლიდან ორენი სალერნოში (იტალია), ვერდის სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, 2018 წელს კი - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მუსიკალური დირექტორი.
 
ორენის მრავალრიცხოვან ჩანაწერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და წარმატებული იყო 1990 წელს, რომის ოპერაში დადგმული პუჩინის „ტოსკას“ ცოცხალი შესრულება, რომელშიც მთავარ პარტიებს ლუჩანო პავაროტი და რაინა კაბაივანსკა ასრულებდნენ (1990).
 
კარიერის განმავლობაში, მიწვეული დირიჟორის სტატუსით, ორენი აქტიურად გამოდიოდა ნიუ იორკის მეტროპოლიტენ-ოპერაში, ლონდონის კოვენტ გარდენში, ვენის ოპერაში, ასევე სან-ფრანცისკოს, ჰიუსტონის, ბუენოს აირესის, პარიზის, თელ-ავივის, ტოკიოს უმნიშვნელოვანეს საოპერო თეატრებში.
 
მაესტრო უმეტესად საოპერო ჟანრზეა ფოკუსირებული, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს მას სიმფონიური მუსიკის კონცერტები მსოფლიო კლასის ისეთ კოლექტივებთან გაუმართავს, როგორებიცაა ბერლინის, ისრაელის, მიუნხენის რადიოს ფილარმონიული ორკესტრები. რაც შეეხება ძირითად რეპერტუარს, ორენი ცნობილია, როგორც ვერდისა და პუჩინის საუკეთესო ინტერპრეტატორი, თუმცა, წარმატებით ასრულებს ბელინის, დონიცეტის, ჰალევის, ჯორდანოს, ბიზეს და სხვათა მრავალრიცხოვან ნაწარმოებს. უმუშავია უდიდეს სახელებთან - პავაროტისთან, დომინგოსთან, რაინა კაბაივანსკასთან, გენა დიმიტროვასთან, ფიორენცა ჩედოლინსთან, მარსელო ალვარესთან, რუჯერო რაიმონდისთან.