საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი
სეზონი 165
12 მარტი, 2017
ჯუზეპე ვერდი
აიდა
ოპერა ოთხ მოქმედებად
ორი შესვენებით
ლიბრეტოს ავტორი: ანტონიო გისლანცონი
პრემიერა: 1871 წლის 24 დეკემბერი, კაიროს ოპერის თეატრი, ევროპული პრემიერა: 1872 წლის 8 თებერვალი, მილანის La scala
პრემიერა საქართველოში: 1877 წლის 15 იანვარი. თბილისის ოპერის („საზაფხულო“) თეატრი
დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფი
ფრანკო ძეფირელი
დირიჟორი
მარკო ბოემი
აიდა – მაყვალა ასპანიძე
რადამესი – ფრანკო ტენელი
ამნერისი – ელენა პუტილოვა
ამონასრო – სულხან გველესიანი
რამფისი – ლეგი იმედაშვილი
ეგვიპტის მეფე – ტარიელ ჭიჭინაძე
ქურუმი ქალის ხმა – ნინო ჩაჩუა
მაცნე – იური ასლანიშვილი
მოცეკვავე – თათა ჯაში
საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის საოპერო და საბალეტო დასი
რეჟისორის ასისტენტი და განათების დიზაინერი: სტეფანო ტრესპიდი
კოსტიუმების მხატვარი: ანა ანი
მთავარი ქორმაისტერი: ავთანდილ ჩხენკელი
ქორმაისტერი: შალვა შაორშაძე
დამხმარე რეჟისორები: ხათუნა ბედელაძე, თამარ გურგენიძე
ქორეოგრაფი: ცისია ჩოლოყაშვილი
სადადგმო სამსახურის უფროსი: ამირან ანანიაშვილი
კოსტიუმების მხატვრის ასისტენტი: თამარ ჩარგეიშვილი
გრიმიორი: ივანე რევაზიშვილი
სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე
სპექტაკლის წამყვანი რეჟისორები: ეკატერინე გელაშვილი, მარინა ბურჭულაძე
სამხატვრო ხელმძღვანელი
ბადრი მაისურაძე
საიუბილეო 165-ე სეზონზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერა ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ „აიდას“ განსაკუთრებულ ვერსიას, რომლის პრემიერაც, ჯუზეპე ვერდის გარდაცვალებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, ვერდის ფესტივალზე, მისი მშობლიური ქალაქის, ბუსეტოს საოპერო თეატრში ლეგენდარულმა ფრანკო ძეფირელიმ დადგა.
შინაარსი
პირველი მოქმედება
პირველი სცენა. მემფისი, ფარაონის სასახლის დარბაზი
ახალგაზრდა მეომარი რადამესი უმაღლესი ქურუმის, რამფისისაგან იგებს, რომ აჯანყებული ეთიოპია ეგვიპტის წინააღმდეგ შეტევას ამზადებს. ახლა ღვთისმსახური ფარაონთან მიიჩქარის, რათა მას იმ რჩეულის სახელი აცნობოს, რომელიც ქალღმერთ ისიდას ნებით ჯარებს წარუძღვება. რადამესი იმედოვნებს, რომ სარდლად სწორედ მას დანიშნავენ და ომში გამარჯვება შესაძლებლობას მისცემს, აიდა - ფარაონის ასულის, ამნერისის ეთიოპიელი მხევალი, რომელიც მგზნებარედ უყვარს - გაათავისუფლოს და იქორწინოს მასზე.
ამნერისი საიდუმლოდ ინახავს რადამესისადმი თავის სიყვარულს, მაგრამ მეტოქის არსებობას გრძნობს და ხვდება, რომ ეს აიდაა.
ფარაონი სასახლეში შეკრებილთ აცნობებს, რომ ისიდას რჩეული რადამესია. პატრიოტულ ჰიმნს ასრულებენ და რადამესს უსურვებენ გამარჯვებით დაბრუნებას. ბედნიერი სარდალი, ქურუმებთან ერთად, კორონაციის რიტუალის აღსასრულებლად ტაძარში მიემართება.
მარტო დარჩენილი აიდა ღმერთებს წყალობას ევედრება. არავინ იცის, რომ იგი ეთიოპიის ამბოხებული მეფის, ამონასროს ქალიშვილია. მას არ შეუძლია არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ, მამასა და სამშობლოს, მეორე მხრივ კი - სიყვარულს შორის.
მეორე სცენა. ვულკანის ტაძარი
ქურუმი ქალები ღმერთ ფთას ადიდებენ. სანამ ისინი რიტუალურ ცეკვას ასრულებენ, ქურუმები აკურთხებენ რადამესს. რამფისი მას ეგვიპტის დაცვას ავალებს.
მეორე მოქმედება
პირველი სცენა. ამნერისის პალატები
აჯანყებული ეთიოპია დამარცხდა და ახლა ამნერისი რადამესის დიდებით დაბრუნებას ელის. მონები ართობენ მეფის ასულს.
შემოდის აიდა. ამნერისი გადაწყვეტს გამოსცადოს ის და მის ქცევას დააკვირდეს: ჯერ აცნობებს, რომ რადამესი ბრძოლაში დაიღუპა, შემდეგ გამოუცხადებს, რომ ის ცოცხალია. ახლა იგი სრულიად დარწმუნებულია, რომ მისი მეტოქე მისივე მონა ქალია. განრისხებული ამნერისი იფიცებს, რომ შურს იძიებს და აიძულებს აიდას, მასთან ერთად დაესწროს მოახლოებულ ტრიუმფს.
მეორე სცენა. თებეს დიდი კარიბჭე
ფარაონი თავისი ამალით, და ამნერისი თავისი მონების თანხლებით, რომელთა შორის აიდაცაა, თვალს ადევნებენ რადამესისა და მისი რაზმების ტრიუმფალურ დაბრუნებას მემფისში და მათ საზეიმო მსვლელობას. ჯარს უკან ეთიოპიელი ტყვეები მოჰყვებიან. მათ შორისაა აიდას მამა, ამონასრო, რომელიც ქალიშვილს ანიშნებს, რომ არ გასცეს მისი მეფობა.
ამნერისი გამარჯვებულ სარდალს თავზე დაფნის გვირგვინს ადგამს, მეფე კი ნებისმიერი სურვილის შესრულებას აღუთქვამს.
ამონასრო,როგორც ერთ-ერთი მეთაური, ფარაონს წარუდგება და სთხოვს, შეიწყნაროს მის მიერ ძლეული ხალხი. რამფისი და ქურუმები კი მბრძანებელს ურჩევენ, არ გამოიჩინოს მოწყალება. რადამესის სურვილიც ტყვეების სასიკვდილო განაჩენის თავისუფლებით შეცვლაა. ფარაონი თანხმდება, ოღონდ მოითხოვს, აიდა და მამამისი სასახლეში მშვიდობის ნიშნად დარჩნენ; შემდეგ კი საზეიმოდ აცხადებს რადამესს მის მემკვიდრედ და ამნერისის მომავალ ქმრად.
მესამე მოქმედება
ნილოსის სანაპირო
მშვენიერი, მთვარიანი ღამეა. ქურუმი ქალების მშვიდი, ნაზი გალობა მოისმის ისიდას ტაძრიდან, სადაც რამფისი და ამნერისი სალოცავად შევიდნენ. ამავე ადგილას სთხოვა შეხვედრა რადამესმა აიდას და ისიც აქაა; შეყვარებულის ლოდინში იგი გაცრუებულ იმედებსა და ლამაზ სამშობლოზე დარდობს, რომლის ნახვაც აღარ უწერია. უეცრად ჩნდება ამონასრო. მან აიდას საიდუმლო ამოიცნო და მიხვდა, რომ მისი ქალიშვილი აქ ახალგაზრდა ეგვიპტელ სარდალთან შესახვედრადაა მოსული.
ამონასრო ცდილობს მოვალეობის გრძნობა გაუღვივოს მას და მოსთხოვს, რადამესისგან გაიგოს, თუ რომელი გზით გაემართება ეგვიპტის ჯარი ეთიოპიაზე კვლავ თავდასასხმელად, თვითონ კი იქვე იმალება.
რადამესი შემოდის და აიდას მათ მომავალ ბედნიერ ცხოვრებაზე ესაუბრება, მაგრამ აიდამ კარგად იცის, რა ძალაუფლების მფლობელია ამნერისი, რომ მისი შურისძიება არ დააყოვნებს და ორივეს დაატყდება თავს. იგი გაქცევას სთავაზობს შეყვარებულს, რომელიც, ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ თანხმდება და ჯარის ადგილსამყოფელსა და მარშრუტსაც ამხელს. სამალავიდან ამონასრო ჩნდება და თავის ნამდვილ ვინაობასაც გააცხადებს. როგორც კი შეძრწუნებული რადამესი ჩადენილს აცნობიერებს, ტაძრიდან უმაღლესი ქურუმი და ამნერისი გამოდიან, რომელთაც ყველაფერი გაიგონეს. ამაოდ ევედრება აიდა რადამესს, გაჰყვეს მას და მამამისს. საბოლოოდ, ისინი სიბნელეში უჩინარდებიან, მოღალატე სარდალი კი ამნერისსა და რამფისს ბარდება.
მეოთხე მოქმედება
პირველი სცენა. დარბაზი მეფის სასახლეში
სასოწარკვეთილი ამნერისი რადამესის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ იგი თანახმაა დაისაჯოს, რაკი გაიგო, რომ აიდამ და ამონასრომ მდევრებს თავი დააღწიეს. უმაღლესი ქურუმი რადამესს ბრალს სდებს ღალატისთვის და ფარაონის ნდობის ბოროტად გამოყენებისთვის. რადამესი უარს ამბობს თავის დაცვაზე. მოღალატე მთავარსარდალს ცოცხლად დამარხვას მიუსჯიან. ამაოდ ემუდარება ამნერისი ქურუმებს, მოწყალება გამოიჩინონ, და როცა რადამესს გაიყვანენ, წყევლის მათ სისასტიკეს.
მეორე სცენა.
ქვედა ნაწილი წარმოადგენს ვულკანის ტაძრის მიწისქვეშეთს, ჯურღმულს; ზემოთ - ტაძრის ინტერიერია.
ქურუმები ბეჭდით დაახშობენ მიწისქვეშეთის შესასვლელს, რომელშიც რადამესია გამოკეტილი. მარტო დარჩენილი, იგი იმედოვნებს, რომ აიდა ბოლოსდაბოლოს უსაფრთხოდაა.
უეცრად, სიბნელეში იკვეთება სილუეტი და რადამესს ნაცნობი ხმით წარმოთქმული თავისი სახელი ესმის. ეს აიდაა, რომელიც ჯურღმულში წინასწარ დამალულა, რათა რადამესის ბედი გაიზიაროს. შეყვარებულები ემშვიდობებიან დედამიწას - სევდის ველს - და ერთად ყოფნით ნეტარნი, აღსასრულს ელოდებიან. ზემოთ კი, ტაძარში, მგლოვიარე ამნერისი რადამესის სულს ავედრებს ქალღმერთ ისიდას.