საქართველოს სახელმწიფო ბალეტი
სეზონი 164
13 თებერვალი. 2016 წელი
დავით თორაძე
გორდა
ბალეტი ორ მოქმედებად
ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია
ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
ვახტანგ ჭაბუკიანის და ოთარ ეგაძის ლიბრეტო, ნინო ანანიაშვილის ახალი რედაქციით
გორდა
- იგორ იებრა, ბორდოს და რომის ოპერის თეატრების წამყვანი სოლისტი
ირემა
- ნინო სამადაშვილი
ჯავარა
- ლალი კანდელაკი
მამია
- დავით ანანელი
დამდგმელი დირიჟორი
რევაზ ტაკიძე
დამდგმელი მხატვარი
დავით მონავარდისაშვილი
კოსტიუმების მხატვარი
ანა კალატოზიშვილი
განათების მხატვარი
ჯესტერ კენინგსბორო
ანიმაცია:
სტუდია „ოპიო“
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები:
ლილიანა მითაიშვილი (საქართველოს სახალხო არტისტი),
ლალი კანდელაკი, ეკატერინე შავლიაშვილი
ბალეტის პრემიერა გაიმართა 1949 წლის 30 დეკემბერს
ახალი რედაქციის პრემიერა გაიმართა
2016 წლის 12 თებერვალს
დავით თორაძის ორმოქმედებიანი ბალეტის – „გორდას“ პრემიერა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წლის 30 დეკემბერს გაიმართა. ბალეტის ლიბრეტოზე ოთარ ეგაძე და ვახტანგ ჭაბუკიანი მუშაობდნენ და მას საფუძვლად დაედო დანიელ ჭონქაძის მოთხრობა „სურამის ციხე“. საპრემიერო სპექტაკლის მხატვრობა ახალგაზრდა სცენოგრაფს ფარნაოზ ლაპიაშვილს ეკუთვნოდა, დამდგმელი დირიჟორი კი დიდიმ მირცხულავა გახლდათ. გორდას მთავარ პარტიას თავად ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა, ირემას–ვერა წიგნაძე, ჯავარას- ირინე ალექსიძე; მამიას როლში ზურაბ კიკალეიშვილი გამოდიოდა.
1957 წელს „გორდას“ ახალი რედაქციის პრემიერა გაიმართა (გორდა – ზურაბ კიკალეიშვილი, ირემა – ვერა წიგნაძე, ჯავარა – ლილიანა მითაიშვილი, მამია – რევაზ მაღალაშვილი).
1973 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა თეატრის რეპერტუარის ყველა სპექტაკლის მხატვრობა და კოსტიუმები. ხელმძღვანელობას თავიდან მოუხდა აღედგინა რამდენიმე სპექტაკლი. მათ შორის იყო ბალეტი „გორდა“, რომლის კიდევ ერთი პრემიერა პუბლიკას 1974 წლის ივლისში პროფკავშირების კულტურის სასახლეში ელოდა. სწორედ ეს შენობა იქცა თეატრის გარეშე დარჩენილი ხელოვანების თავშესაფრად. 1985 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოხდა „გორდას“ ახალი რედაქციის დადგმა. სპექტაკლის მხატვრობა ივანე ასკურავას ეკუთვნოდა, სადირიჟორო პულტთან რევაზ ტაკიძე იდგა, მთავარ პარტიებს კი ასრულებდნენ ზაქარია ამონაშვილი და ნუკრი მაღალაშვილი (გორდა), ალა აბესაძე და ვიქტორია ლაფერაშვილი (ირემა), ლია ბახტაძე (ჯავარა). „გორდას“ ბოლო აღდგენა თეატრში 1996 წელს განხორციელდა, რომელიც ზურაბ კიკალეიშვილს ეკუთვნოდა. აღდგენილ სპექტაკლში მთავარ პარტიებს თეატრის სოლისტები ვასილ ახმეტელი (გორდა), იური სოროკინი (მამია), ლია ბახტაძე (ჯავარა), ქეთევან მუხაშავრია (ირემა) ასრულებდნენ.
ამ რედაქციის ბოლო სპექტაკლი 2002 წელს გაიმართა, მას შემდეგ „გორდა“ თეატრში აღარ ყოფილა წარმოდგენილი.
„გორდას“ აღდგენაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და მას ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობდა, მას ეკუთვნის ლიბრეტოს განახლებული ვერსია და ბალეტის ქორეოგრაფიული რედაქცია. „გორდას“ ახალ დადგმაზე მუშაობდა შემოქმედებითი ჯგუფი - ლილიანა მითაიშვილი და ლალი კანდელაკი, ეკატერინე შავლიაშვილი (დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები), რევაზ ტაკიძე (დამდგმელი დირიჟორი), დავით მონავარდისაშვილი (დამდგმელი მხატვარი), ანა კალატოზიშვილი (კოსტიუმების მხატვარი), ჯესტერ კენინგსბორო (დამდგმელი მხატვარი); სტუდია „ოპიოს“ ავტორობით შეიქმნა ვიდეო ანიმაციები.
პირველი მოქმედება
ახალგაზრდა მოქანდაკე გორდა მეფის ასულს ფარულად ეტრფის და კლდეში მის პორტრეტს აქანდაკებს. შემორბიან გოგონები, მათ შორისაა თავადის ასული ჯავარა, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს გორდა. იგი დარწმუნებულია, რომ ვაჟი ქვაში მის პორტრეტს კვეთს.
გაისმის ბუკის ხმა: მეფე და მისი ასული ირემა ნადირობენ. ირემა დაღონებულია - არწივმა მისი საყვარელი მიმინო მოიტაცა, მეფის ამალიდან კი ვერავინ შეძლო ფრინველის გათავისუფლება. ამას მხოლოდ ირემაზე შეყვარებული გორდა ახერხებს. ირემა თვალს მოკრავს, რომ გორდა კლდეზე მის სახეს აქანდაკებს. მეფის ასულს ერთი ნახვით შეუყვარდება ჭაბუკი და გადარჩენილ მიმინოს მას უძღვნის საჩუქრად.
თავადი მამია შეყვარებულია ირემაზე და შურით უყურებს მეტოქის წარმატებას. გორდას სიმამაცით აღტაცებული მეფე ნადირობის მონაწილეებს სასახლეში ეპატიჟება.
ჯავარას, რომელიც შორიდან უცქერდა გორდასა და ირემას შეხვედრას, ეჭვი გაუჩნდა და გორდას მიერ გამოკვეთილ ქანდაკებაში მეფის ასული შეიცნო. სასოწარკვეთილი ქალიშვილი გორდას სიყვარულში გამოუტყდება. ჯავარა ირემას ნაჩუქარ მიმინოს კლავს. ქალის სისასტიკით აღშფოთებული გორდა მას მარტო ტოვებს.
ჯავარასთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა. მას მხოლოდ შურისძიების გრძნობა ამოძრავებს. იგი არწივს ისარს ამოაცლის და ფიცს დებს, რომ გორდას სამაგიეროს გადაუხდის.
მეფის სასახლეში ლხინი იმართება, რომელსაც გორდაც ესწრება. მამიასა და გორდას შორის გამართული დაპირისპირება მათ ცეკვაშიც იჩენს თავს, მათ შორის ირემა მანდილს ჩააგდებს და მეტოქეებს დააშორებს. ლხინი გრძელდება. უეცრად სასახლეში აღმოსავლეთის დესპანები შემოდიან, რომლებიც მეფეს ხალიფას მოთხოვნას გადასცემენ - თავისი ერთადერთი ქალიშვილი ცოლად მიათხოვოს. აღშფოთებული მეფე უარის წერილს უგზავნის ხალიფას.
გორდას, როგორც საუკეთესო მსროლელს, წილად ხვდა პატივი მეფის დესპანი იყოს. ირემა დარდით აცილებს გორდას სახიფათო მისიის შესასრულებლად და საკუთარ ავგაროზს ატანს თან.
მეორე მოქმედება
ხალიფას სასახლეში ლხინი იმართება. ხალიფა მოუთმენლად ელის ცნობას საქართველოდან. შემოჰყავთ ქართველთა დესპანები. გორდა ხალიფას მეფის პასუხს გადასცემს, რომლის გაცნობის შემდეგ ხალიფა ბრძანებს სიკვდილით დასაჯონ ქართველი ელჩები. უთანასწორო ბრძოლაში ქართველები იღუპებიან. სიკვდილს მხოლოდ გორდა გადაურჩება, რომელიც კლავს ხალიფას და ზღვაში გადაეშვება.
მძიმე და მომქანცველი გზის შემდეგ გორდა მთაზე ნაცნობ მონასტერს დაინახავს და ხვდება რომ უკვე სამშობლოშია.
გავიდა ხანი. გორდა და ირემა საკუთარ შვილთან – პატარა ბადრისთან ერად ბედნიერად ცხოვრობენ. მაგრამ მოულოდნელად სამწუხარო ამბავს იგებენ – უკვე მესამედ ინგრევა ციხე-სიმაგრის კედელი, რომელიც გარეშე მტრებისგან ქვეყნის დაცვის ერთადერთი საშუალებაა. მშენებლები ვერ ხსნიან ნგრევის მიზეზს. მეფე გორდას და მამიას რჩევისთვის სახელგანთქმულ მკითხავ-წინასწარმეტყველთან გზავნის. მკითხავი-წინასწარმეტყველი ჯავარა აღმოჩნდება, რომელიც მაშინვე იცნობს გორდას. ჯავარა გახარებულია - შურისძიების დრო დაუდგა. იგი მამიას გადასცემს ისარს, რომლითაც ოდესღაც გორდამ არწივი მოკლა. „ციხე-სიმაგრე იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამ ისრის პატრონის ვაჟს კედელში ჩააშენებენ“ - ამბობს მკითხავი. მამია გადის, ჯავარა კი აჩერებს გორდას, რომელიც ვერ ცნობს მას და საკუთარ თავს ახსენებს.
მეფის ბრძანებით მეომრები ისრებს ათვალიერებენ. მამიას მიერ მოტანილი ისარი გორდასი აღმოჩნდება. განსაცდელი დაუდგათ პატარა ბადრის მშობლებს.
ქვეყანას ამ დროს ისევ მტერი შემოესია. გორდა სალაშქროდ მიდის. ხალხი მეფისგან მოითხოვს შეასრულოს ჯავარას წინასწარმეტყველება, რათა თავი დაიცვან მტრისაგან. ჯავარა ირემას ხელიდან გამოგლეჯს შვილს და ციხე-სიმაგრისკენ მიჰყავს, რომ კედელში ჩაატანონ.
გორდა მოწინააღმდეგის მხედართმთავარს კლავს. დამარცხებული მტერი იარაღს ყრის. გორდას სიმამაცემ სამშობლო განსაცდელისგან, პატარა ბადრი კი სიკვდილისგან იხსნა.