თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
სეზონი 169
19 ივნისი, 2021
ლუდვიგ მინკუსი
დონ კიხოტი
ბალეტი სამ მოქმედებად
ჩელიტა - ნუცა ჩეკურაშვილი
ბაზილი - ფილიპ ფედულოვი
მარიუს პეტიპას, ალექსანდრე გორსკისა და ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია
ალექსეი ფადეეჩევისა და ნინო ანანიაშვილის ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა
დამდგმელი დირიჟორი: ზაზა კალმახელიძე
დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები: ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი
დამდგმელი მხატვარი: ვიაჩესლავ ოკუნევი
მხატვარ-ანიმატორი: დავით სიხარულიძე
პრემიერა შედგა 2005 წლის 6 მაისს
ახალი რედაქციის პრემიერა
2016 წლის 29 დეკემბერს
თეატრში მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით! თეატრში შესვლის წინ მაყურებელი ვალდებულია გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზობარიერი, სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს ხელი და განთავსდეს ბილეთზე მითითებულ ადგილზე! წარმოდგენები შესვენების გარეშე გაიმართება.
თეატრი დაგეგმილ ღონისძიებამდე 1 საათით ადრე გაიხსნება.
სპექტაკლი გაიმართება აუდიოჩანაწერზე
ბალეტის ხელმძღვანელი: ნინო ანანიაშვილი
1869 წლის შემოდგომაზე მოსკოვის დიდი თეატრის ცნობილი მოცეკვავე ანა სობეშანსკაია ბენეფისისათვის ემზადებოდა, რისთვისაც თეატრის ხელმძღვანელობამ პეტერბურგიდან ცნობილი ბალეტმაისტერი მარიუს პეტიპა მოიწვია. ქორეოგრაფმა გადაწყვიტა ახალი სპექტაკლი ეჩუქებინა ბალერინასათვის. 1869 წლის 14 დეკემბერს დიდ თეატრში შედგა მარიუს პეტიპას ახალი ბალეტის „დონ კიხოტის“ პრემიერა (ჩეხი კომპოზიტორის ლუდვიგ მინკუსის მუსიკაზე, სერვანტესის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით). მთავარ პარტიებს ასრულებდნენ ანა სობეშანსკაია და სერგეი სოკოლოვი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „დონ კიხოტი“ პირველად ვახტანგ ჭაბუკიანმა 1932 წელს დადგა. იგი თბილისში საგასტროლოდ იყო ჩამოსული და სულ რამდენიმე დღეში მოუხდა სპექტაკლის მომზადება. ბაზილის პარტიას თავად ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა, ხოლო ჩელიტას – ლენინგრადელი ახალგაზრდა ბალერინა ტატიანა ვეჩესლოვა. „დონ კიხოტის“ ჩვენება ორჯერ იყო განზრახული, მაგრამ ბალეტს ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ დირექცია იძულებული გახდა სეზონის დახურვა გადაედო და წინასწარ დაგეგმილი ორი სპექტაკლის ნაცვლად, 20 დღის განმავლობაში, ბალეტი ათჯერ წარმოადგინეს.
ლენინგრადიდან თბილისში დაბრუნებულმა ვახტანგ ჭაბუკიანმა 1943 წლის 22 აპრილს „დონ კიხოტის“ ახალი, ორიგინალური ვერსია დადგა. 1963 წელს კი კვლავ განაახლა ბალეტი და ეს რედაქცია 2005 წლამდე იყო თბილისის ოპერის თეატრის რეპერტუარში.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სპექტაკლის 60 წლიანი ისტორიის მანძილზე „დონ კიხოტში“ მთავარ პარტიებს ასრულებდნენ: ჩელიტას - ვერა წიგნაძე, ევგენია გელოვანი, ქეთევან ნადარეიშვილი, ლილიანა მითაიშვილი, ირინე ჯანდიერი, ნათელა პაპინაშვილი, მარინა ალექსიძე, სვეტლანა გოჩიაშვილი, ალა აბესაძე, ლარისა ჩხიკვიშვილი, ლილია არმეისკაია, მაია ზურაშვილი, ეკატერინე ბეზირგანი, ლალი კანდელაკი, ცისია ჩოლოყაშვილი, ანა მურადელი; ბაზილს - ვახტანგ ჭაბუკიანი, ზურაბ კიკალეიშვილი, რევაზ მაღალაშვილი, ბექარ მონავარდისაშვილი, ვახტანგ გუნაშვილი, ვალერი აბულაძე, ვლადიმერ ჯულუხაძე, ნუკრი მაღალაშვილი, ნუგზარ მახათელი, ვალერი მაზეპჩიკი, ვასილ ახმეტელი, ირაკლი ბახტაძე, დავით ხოზაშვილი, ედუარდ ბაბლიძე, ლაშა ხოზაშვილი.
2005 წლის 6 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა ‚დონ კიხოტის“ ახალი რედაქციის პრემიერა, რომელიც ნინო ანანიაშვილს და ალექსეი ფადეეჩევს ეკუთვნით. მთავარი პარტიები ლალი კანდელაკმა და დავით ხოზაშვილმა იცეკვეს. სპექტაკლი ნინო ანანიაშვილმა თავისი პედაგოგის, ლეგენდარულ ბალერინას, რაისა სტრუჩკოვა-ლაფაურის ხსოვნას მიუძღვნა.
შინაარსი:
პირველი მოქმედება
ბარსელონას ერთ-ერთ მოედანზე ხალხმრავლობა და მხიარულებაა,სადაც გამოჩნდებიან სამიკიტნოს მეპატრონის ქალიშვილი - ჩელიტა და მისი მეგობრები. ჩელიტას ახალგაზრდა დალაქი ბაზილი ეარშიყება, რაც სამიკიტნოს მეპატრონის - ლორენცოს განრისხებას იწვევს, რადგანაც მას ქალიშვილის გათხოვება ხანდაზმულ, მაგრამ მდიდარ აზნაურზე - გამაშზე სურს. იგი ჩელიტას უკრძალავს ბაზილთან შეხვედრას.
ირგვლივ საზეიმო განწყობილება სუფევს. კორიდას დამთავრების შემდეგ ტორეადორები და მოცეკვავე ქალი ლუსია ცეკვავენ. სწორედ ამ დროს მოედანზე გამოჩნდებიან ლეგენდებითა და რაინდული რომანების კითხვით თავბრუდახვეული რაინდი დონ კიხოტი და მისი ერთგული მეაბჯრე სანჩო პანსა. სამიკიტნოს პატრონი მოწიწებით ხვდება სტუმრებს და შინ შეიპატიჟებს. სანჩო პანსა მოედანზე რჩება. ახალგაზრდები მის დაცინვას ცდილობენ. დონ კიხოტი სანჩოს დასახმარებლად ბრუნდება მოედანზე.
შეყვარებული ჩელიტა, გამაშთან ქორწინების თავიდან აცილების მიზნით, ბაზილთან ერთად სახლიდან იპარება. ლორენცო, გამაში, დონ კიხოტი და სანჩო პანსა მის საძებნად მიდიან.
მეორე მოქმედება
პირველი სურათი
ქარის წისქვილთან ბოშათა ბანაკია გაშლილი. გამოჩნდებიან დონ კიხოტი, სანჩო პანსა, ლორენცო და გამაში. სტუმრების პატიცბოშები ცეკვავენ. ბოშათა ბარონი მათ თოჯინების თეატრის წარმოდგენის სანახავად ეპატიჟება. დონ კიხოტი აღელვებული ადევნებს თვალყურს სპექტაკლს და ავიწყდება, რომ ეს თეატრია. იგი ამტვრევს სცენას, მიმოფანტავს თოჯინებს, წისქვილს ბოროტ ჯადოქრად აღიქვამს, იწყებს მასთან ბრძოლას და წისქვილის ფრთას წამოგებული ძირს ენარცხება.
მეორე სურათი
სანჩო პანსა, ლორენცო და გამაში დაჭრილ დონ კიხოტს ტყის პირას ტოვებენ, თვითონ კი დაჭრილისთვის დახმარების აღმოსაჩენად აქეთ-იქეთ გარბიან. ქანცგამოცლილ რაინდს ჩაეძინება და ესიზმრება მისი ოცნების ქალიშვილი - მშვენიერი დულსინეა, რომელიც ტყის ნიმფებითა და ფერიებით არის გარშემორტყმული.
დაბრუნებულ სანჩო პანსას, ლორენცოსა და გამაშს დონ კიხოტი მომჯობინებული ხვდება. ისინი ერთად განაგრძობენ გაქცეული შეყვარებულების ძებნას.
მესამე სურათი
მოედნიდან გაქცევის შემდეგ ჩელიტა და ბაზილი თავს ტავერნას აფარებენ, სადაც მათ პატივსაცემად ცეკვავენ მერსედესი და ესპადა. მოდიან ლორენცო, გამაში, დონ კიხოტი და სანჩო პანსა. მეგობრები ჩელიტას მალავენ, მაგრამ გამაში შეამჩნევს მას. ლორენცო მოითხოვს თავისი ქალიშვილისა და გამაშის დაქორწინებას. ბაზილი, ჩელიტასთან შეთანხმებით, თვითმკვლელობის სცენას გაითამაშებს. ჩელიტა დასტირის შეყვარებულს. ჩაგრულების დამცველი რაინდი - დონ კიხოტი ადანაშაულებს ლორენცოს სისასტიკეში, ემუქრება იარაღით და აიძულებს მას, დალოცოს ჩელიტა და ბაზილი. ჩელიტას მამა წინააღმდეგობას ვერ ბედავს და ლოცავს შეყვარებულებს. გამაშის გარდა ყველა ბედნიერია.
მესამე მოქმედება
მოედანზე ჩელიტასა და ბაზილის ქორწილისთვის ემზადებიან. ლორენცო, მისი მეუღლე და პატარა მზარეულები სტუმრებს ხვდებიან. დაპატიჟებულია გულნატკენი გამაშიც. დონ კიხოტს და სანჩო პანსას სთხოვენ დაიკავონ საპატიო ადგილები. ზეიმი გრძელდება. სტუმრებისათვის საქორწილო ცეკვას ჩელიტა და ბაზილი ასრულებენ. დონ კიხოტი ემშვიდობება სტუმართმოყვარე მასპინძლებს და კვლავ ახალი თავგადასავლების საძიებლად მიეშურება.